აიეტ კუკავა - კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი ეროვნულ ბანკს უნდა გამოეყოს
ქართული კაპიტალის ბაზარი რომ განვითარდეს, პირველ რიგში მისი რეგულირება ეროვნული ბანკის კომპეტენციიდან უნდა გამოვიდეს და ცალკე ორგანოს დაევალოს, – ამის შესახებ „საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის“ თავმჯდომარე აიეტ კუკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.
გადაცემაში საქართველოს კაპიტალის ბაზარი, საფონდო ბირჟის პრობლემები და პერსპექტივები განიხილეს. კუკავას მოსაზრებით, საქართველოს რეგიონული საფონდო ბირჟის ჩამოყალიბების სრული პერსპექტივა აქვს, რაც განხორციელების შემთხვევაში ეკონომიკას უზარმაზარ ბიძგს მისცემდა. თუმცა ამისთვის, პირველ რიგში კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი ორგანო ეროვნულ ბანკს უნდა გამოეყოს.
„კაპიტალის ბაზარი არის ჩვენი უნიკალური შანსი, რომ რეგიონში ადგილი დავიმკვიდროთ. პირველ რიგში, ეროვნულ ბანკს უნდა გამოეყოს კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი. დღეს ეროვნული ბანკია რეგულატორი და ცოტა რთულია, იმიტომ რომ ის 16 ბანკს კურირებს, რაც მისი ძირითადი მიზანია და ამ დროს აკეთებს დიამეტრალურად განსხვავებულ საქმეს, რაშიც საქართველოში ძალიან ცოტას აქვს გამოცდილება და განათლება. შესაბამისად, ეს ეროვნული ბანკის საქმე არ არის. არის ქვეყნები, სადაც ეს ხდება, მაგრამ იქ ბაზარი განვითარებულია. ჩვენ შემთხვევაში ეს უნდა გამოეყოს“, – განაცხადა კუკავამ.
მისი განმარტებით, მას შემდეგ რაც 2008 წელს კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი ორგანო ეროვნულ ბანკს შეუერთდა, საბანკო სფერო 40-ჯერ გაიზარდა, საფონდო ბირჟის აქტივობა კი უკან-უკან წავიდა, ამიტომ უმჯობესია, თუ კაპიტალის ბაზრის რეგულირება ისევ ცალკე იქნება. განცალკევებულმა მარეგულირებელმა კი, საფონდო ბირჟის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნაზე უნდა იზრუნოს, რადგან ქართული ბაზარი ძალიან პატარაა და დამოუკიდებლად ვერ განვითარდება.
„მეორე რიგში უნდა მოვიზიდოთ მენეჯმენტი, რომელსაც მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე და მარეგულირებლებში მუშაობის გამოცდილება აქვთ. მესამე ნაბიჯი ის იქნება, რომ ამ ხალხს ვუთხრათ, აქცენტი საქართველოზე კი არ გააკეთონ, არამედ რეგიონზე, რომელიც 20 ქვეყანას მოიცავს და სადაც 600 მილიონი მოსახლეობა ცხოვრობს. უნდა მივცეთ გეგმა, რომ ათიათასობით ინვესტორი მთელი მსოფლიოდან მოიზიდონ და ამ რეგიონში მოქმედმა ასობით კომპანიამ ფასიანი ქაღალდები საქართველოში განათავსონ. ეს ეკონომიკას უზარმაზარ ბიძგს მისცემს“, – განაცხადა კუკავამ.
„საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის“ თავმჯდომარე თვლის, რომ რეგიონული ბირჟის წარმატებული მაგალითი თურქეთის სტამბოლის ბირჟაა, რომლის გამოცდილების გაზიარება საქართველოსაც გამოადგება.
„ავიღოთ თურქეთი, სადაც ასევე რეგიონული ბირჟაა. თურქეთში 80 მილიონი მოსახლეობა ცხოვრობს, მაგრამ იქ ინვესტორების 60 პროცენტზე მეტი არიან ამერიკელები, ევროპელები და აზიელები. ჩვენ აქცენტი საქართველოს მოსახლეობაზე კი არ უნდა გავაკეთოთ, ქართული ბირჟა რეგიონის მომსახურე ბირჟად ე.წ. ჰაბად უნდა წარმოვაჩინოთ, სადაც ფასიანი ქაღალდების განთავსების ხარჯები გაცილებით დაბალი იქნება, ხოლო ტრანზაქციები – გაცილებით მარტივი, ისე რომ მცირე კომპანიებმაც შეძლონ განთავსება. ვარშავის და სტამბოლის ბირჟებზე ცოტა მეტი მოთხოვნებია. ამით საქართველო შეძლებს რესურსი მოიზიდოს, გახდეს რეგიონის ჰაბი. შესაბამისად, ყველაზე იაფი ფული რეგიონში საქართველოში იქნება, რაც ქართულ ეკონომიკას უზარმაზარ ბიძგს მისცემს“, – განმარტა კუკავამ.
მისი აზრით, რეგიონული ბირჟის შესაქმნელად საქართველოს რეგიონში ყევლაზე ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და ბიზნესკლიმატი აქვს.
„ჩვენს რეგიონში ბირჟა არის სტამბოლში, რომელსაც მაღალი მოთხოვნები აქვს და დუბაიში, რომლის დაბლაც ზღვა მდებარეობს. საქართველო არის ცენტრში და გარშემო ქვეყნებით არის შემოსაზღვრული. გეოგრაფიულად საქართველო ყველაზე საინტერესოა, თანაც საერთაშორისო რეიტინგებით, მათ შორის მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგით და სხვა რეიტინგებითაც, საგადასახდო გარემოთი, ამ ქვეყნებთან შედარებით წინ ვართ. ამას ემატება ტოლერანტული საზოგადოება, არავის ერჩიან, ყველა კომფორტულად გრძნობს თავს. ბირჟა და ბაზარი იქ ვითარდება, სადაც ადამიანი თავს მშვიდად გრძნობს. თუ ამერიკელებმა და ევროპელებმა, აზიელებმაც დაინახეს, რომ ამ რეგიონში პირველი რეგიონული ბირჟა შეიქმნა, ე.წ. ვენჩურული ფონდები და ანგელოზი ინვესტორებიც (ვენჩურული ფონდები და ანგელოზი ინვესტორები დამწყებ ბიზნესებს აფინანსებენ) წამოვლენ, რაც ეკონომიკას გაცილებით მეტ ბიძგს მისცემს, ვიდრე ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება ეს ენერგეტიკა, აეროპორტი თუ პორტი“, – განუცხადა აიეტ კუკავამ „ბიზნესპარტნიორს“.