აიეტ კუკავა - გვსურს, რომ ფეხბურთში ცვლილებები „ტორპედოდან“ დაიწყოს #1TVSPORT
აიეტ კუკავა - გვსურს, რომ ფეხბურთში ცვლილებები „ტორპედოდან“ დაიწყოს #1TVSPORT

„ალიანს ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, აიეტ კუკავამ, პროექტის პრესსპიკერმა, მიხეილ აბაიშვილმა და ყოფილმა ფეხბურთელმა და პარლამენტარმა, დავით ლორთქიფანიძემ პრესკონფერენცია გამართეს და ქუთაისის „ტორპედოსთან“ დაკავშირებით საკუთარ გეგმებზე ილაპარაკეს.

მიხეილ აბაიშვილი: „ინვესტიციაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ჩაჩავას დროს იყო, მაგრამ მან არ ისურვა, რადგან მაშინ ჩინელი ინვესტორების იმედი ჰქონდა. ახლა კიდევ ერთხელ დაიწყო მოლაპარაკებები. ახლა ელიგაში შესვენებაა და ამ დროს „ტორპედოს“ აქვს ძველი დავალიანება და არც ერთი ფეხბურთელი დაკონტრაქტებული არ არის. პერსპექტივაც არ ჩანს, გუნდს არ ჰყავს მეპატრონე, მუნიციპალურ ბალანსზეა და ფეხბურთელებთან მოლაპარაკებას ვერ იწყებენ. კლუბი ვერ მოახერხებს დაკომპლექტებას. გუნდის გავარდნა ქართულ ფეხბურთსა და „ტორპედოს“ უკან დახევს, რადგან ნაკრების ერთ-ერთი ტრადიციული მომმარაგებელია. „ალიანს ჰოლდინგის“ დამფუძნებელსა და პრეზიდენტს აქვს შორსმიმავალი გეგმები, რომ აღმოსავლეთ ევროპის ტოპ 10-ში გავიდეს. ამის შესახებ სფფ-ს პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს ვესაუბრეთ. როდესაც ეს ამბები გაირკვა, კახა ჩეტიანსაც ვესაუბრეთ და ის იმედიანად არის.

აიეტ კუკავა: „ჩვენ ვუყურებთ დარგს, რა შეიძლება გაკეთდეს და მერე საინვესტიციო გეგმებს ვადგენთ. „ტორპედოს“ რთული დრო უდგას. საბჭოთა პერიოდში დიდ წარმატებას აღწევდა. ახლა უჭირს, მაგრამ მთლიანად დარგია გადასახედი და ასე ვთქვათ, გადასაიარაღებელი. აშკარა პოტენცილი კი არის, მაგრამ რაღაც სხვაგვარადაა გასაკეთებელი. აქ უზარმაზარი შემოსავალი შეიძლება ნახოს მომსახურე ბიზნესმა და იგივე სპორტულმა ბიზნესმაც. გვინდა, ამ დარგის განვითარებას ბიძგი მივცეთ, რომ ამ სფეროში ცვლილებები ამ გუნდიდან დაიწყოს“.

დავით ლორთქიფანიძე: „ხელისუფლება ფეხბურთში წლებია, სერიოზულ ინვესტიციებს დებს, რამაც ბევრი მუნიციპალიტეტის გუნდს საშუალება მისცა, არ გამქრალიყო, მაგრამ კერძო ინვესტიციის დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილებები დროულადაა მისაღები, რომ კლუბი მალე გადავიდეს კომპანიის საკუთრებაში, ვალები დროულად გადავიხადოთ, საქართველოსთვის კი 20 მილიონი პატარა ინვესტიცია არ არის. ამიტომ ჩვენ შევხდებით ქუთაისელ გულშემატკივრებს, რომელებიც გუნდის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არიან“.

მიხეილ აბაიშვილი: ვიცით, რომ ჩვენი კონკურენტი არსებობს, კონკურენცია კარგია, რადგან უკეთესმა უნდა გაიმარჯვოს. ეს საკამათო არ უნდა იყოს და გაიმარჯვოს მან, ვინც უკეთეს პირობებს შესთავაზებს და გარანტიებს წარადგენს. ჩვენ ფინანსურ გარანტიებსაც წარვადგენთ და ამ სურვილს გავამყარებთ. მთავარია, ახლა ვინაა მზად შევიდეს გუნდში და „ტორპედოს“ დაკომპლექტება დაიწყოს. ჩვენ კი ამისთვის მზად ვართ, მაგრამ გარანტია უნდა იყოს, რომ გადმოგვეცემა, თორემ დიდ თანხაზეა ლაპარაკი.