აიეტ კუკავა - „ალიანს ჰოლდინგის“ სახელით ვაცხადებთ, რომ „ტორპედოში“ფინანსური პრობლემები არ მოგვარებულა #1TVSPORT
აიეტ კუკავა - „ალიანს ჰოლდინგის“ სახელით ვაცხადებთ, რომ „ტორპედოში“ფინანსური პრობლემები არ მოგვარებულა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, აიეტ კუკავამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც საფეხბურთო კლუბმა „ტორპედომ“ სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ კომპანიასთან. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ხელშეკრულების თანახმად, კომპანია სპონსორობას გაუწევს „ტორპედოს“ და ამ გადაწყვეტილებით კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები მოგვარებულია“. „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ სახელით ვაცხადებთ, რომ ეს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, თუ ვინ ცდილობს გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია და კონკრეტული კომპანიის სასარგებლოდ შექმნას მცდარი საინფორმაციო ფონი. ფინანსური პრობლემები ქუთაისის „ტორპედოში“ მოგვარებული არ არის“, – წერია „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ ხელმძღვანელის განცხადებაში.

აიეტ კუკავას ცნობით, ქუთაისურ კლუბს ჯერ ვალები არ დაუფარია:

„ამჟამად სხვადასხვა დავალიანებებთან ერთად „ტორპედოს“ გააჩნია იტალიელი ინვესტორების ვალი ორი მილიონი ლარის ფარგლებში და სახელფასო დავალიანება 700 ათასი ლარის ფარგლებში – სხვადასხვა დავალიანებებთან ერთად (სასტუმროები, მოედნების არენდა და ა.შ.), მთლიანობაში გუნდის ვალი დაახლოებით 3 მილიონ ლარამდეა. ამ დავალიანების გასტუმრების გარეშეც კლუბი აღმოჩნდება გადაულახავი პრობლემების წინაშე. აღარას ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ წლის ბოლომდე გუნდის ნორმალური ფუნქციონირებისთვის სამი მილიონიანი ვალის დაფარვის გარდა კიდევ ორი მილიონი ლარის ინვესტირებაა საჭირო“.

კომპანია „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კლუბის შესყიდვისთვის აუქციონზე იბრძოლებს:

„ჩვენი კომპანია მონაწილეობას მიიღებს აუქციონში, რომელიც უახლოეს მომავალში ქუთაისის „ტორპედოს“ გასხვისების მიზნით ჩატარდება. შესაბამისად დღეიდან 2,5 წელიწადში 6 მილიონი დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ და გუნდის განვითარების პროპორციულად ინვესტიციები შესაბამისად გაიზრდება“.

დატოვე კომენტარი