აიეტ კუკავა - შევეცდებით, ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „შუქურა“ კიდევ უფრო გაძლიერდეს #1TVSPORT
აიეტ კუკავა - შევეცდებით, ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „შუქურა“ კიდევ უფრო გაძლიერდეს #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურას“ ინვესტორმა, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა აიეტ კუკავამ, საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში გუნდთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის გაძლიერებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთის „შუქურამ“ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში, თბილისში, „სპაერთან“ მატჩი 0:0 დაასრულა, 54 ქულა დააგროვა და ტურნირის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.

„ჩემპიონატის მიმდინარეობისას, არც ერთ მონაკვეთში, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა არა მხოლოდ ეროვნულ ლიგაში დაბრუნების, არამედ პირველ ადგილზე გასვლის საკითხი. ეს წარმატება გუნდის მთავარი მწვრთნელის რევაზ გოცირიძის, მოთამაშეებისა და მმართველების, ირაკლი ბერიძისა და ირაკლი თოთლაძის დამსახურებაა. ინვესტორები მათ საქმიანობაში, ფაქტობრივად, არ ვერეოდით, მათ კი პროფესიონალიზმი გამოავლინეს.

ახალი სეზონისთვის, ეროვნულ ლიგაში, გაძლიერება აუცილებელი იქნება და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. დანარჩენი საკითხები გუნდის მენეჯმენტისა და მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია. „შუქურაში“ მისვლისას ჩვენი მიზანი ქართული საკლუბო ფეხბურთის ლიდერებში დამკვიდრება და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლით, გუნდის განვითარება იყო. ეროვნულ ლიგაში პირველივე სეზონში რა მიზნები გვექნება, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

მთავარ მწვრთნელ რევაზ გოცირიძესთან კონტრაქტი 2023-ის წლის ბოლომდე გვაქვს გაფორმებული. გვსურს, რომ თანამშრომლობა ამის შემდეგაც გაგრძელდეს და ამ საკითხზე მასთან შეხვედრა გვექნება. სელექციის პროცესი მისი გადასაწყვეტია და შევეცდებით, მწვრთნელის ზედამხედველობითა და ჩართულობით მაღალი კვალიფიკაციის ადგილობრივი ფეხბურთელები და ძლიერი ლეგიონერები დავიმატოთ. ამ მხრივ, იანვრის შეკრებამდე, გუნდში სიახლეები იქნება.

ჩვენი ინვესტიციის შედეგად, წლევანდელ სეზონში, „შუქურას“ ბიუჯეტი ეროვნული ლიგის რამდენიმე გუნდის ბიუჯეტსაც კი აღემატებოდა. ვიზრუნებთ, რომ დაფინანსება კიდევ უფრო გავზარდოთ, რადგან ახალ სეზონში მხოლოდ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლას არ ვაპირებთ“. – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან აიეტ კუკავამ.