ბრიუსელშიდღეს ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის წევრი ქვეყნების ლიდერები მეხუთე სამიტზე შეიკრიბებიან. მათ შორის იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და სიტყვით მიმართავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის პლენარული სხდომის მონაწილეებს.
რას არის „აღმოსავლეთ პარტნიორობა“
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ წარმოადგენს ერთობლივ ინიციატივას, რომელშიც ჩართულია ევროკავშირი და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი ქვეყანა: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა და მოლდოვის რესპუბლიკა. თანამშრომლობის ახალი ფორმატი შვედეთმა და პოლონეთმა შეიმუშავეს. 2008 წლის დეკემბერში ევროკომისიას დაევალა ინიციატივასთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა.
კომისიამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ კომუნიკაცია 2008 წლის 3 დეკემბერს გამოაქვეყნა და 2009 წლის 19 მარტს ევროპული საბჭოს სხდომაზე დაამტკიცა.
ინიციატივა „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა“ 2004 წელს შემუშავდა, როგორც ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების მომწესრიგებელი ჩარჩო-შეთანხმება. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ შეიქმნა, როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც გულისხმობს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ თანამშრომლობას. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ხელს უწყობს პარტნიორების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებას, საერთო ფასეულობების გავრცელებას, რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას და ეკონომიკურ განვითარებას.
ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვს ქვეყანას შორის ურთიერთობას განსაზღვრავს ორმხრივი ხელშეკრულებები. ეს ხელშეკრულებებია ასოცირების შეთანხმება, ასოცირების დღის წესრიგი და პარტნიორული პრიორიტეტები.
ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება
შეთანხმებების მიზანია, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება. მათ საფუძველზე უნდა განხორციელდეს რეფორმები. რეფორმებმა ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლობისა და სტანდარტების ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას.
საქართველო, მოლდოვა და უკრაინა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული წევრები არიან.
2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კომპონენტს.
- საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება 2014 წლის 27 ივლისს განახორციელა
- 2014 წლიდან ასოცირების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა
- 2017 წლის 28 მარტიდან საქართველო ევროკავშირთან/შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმით სარგებლობს
ფინანსური დახმარება
- ბოლო სამი წლის განმავლობაში პარტნიორებმა მიიღეს 2,8 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარება
- 2017-2020 წლებში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ფინანსური მხარდაჭერა 1.1-1.4 მილიარდი ლარს შეადგენს
- საქართველო სარგებლობს 140 მილიონი ლარის მაკროფინანსური მხარდაჭერით
სამიტები
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი ორ წელიწადში ერთხელ იმართება. სამიტის მიზანია, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, პარტნიორების მიერ მიღწეული პროგრესის შეფასება და ორწლიანი სამოქმედო გეგმის დასახვა.
პირველი სამიტი 2009 წლის 7 მაისს პრაღაში გაიმართა. მეორე სამიტს 2011 წლის 29-30 სექტემბერს ვარშავამ, მესამეს კი ვილნიუსმა 2013 წლის 28-29 ნოემბერს უმასპინძლა. მეოთხე სამიტი გაიმართა რიგაში 2015 წლის 21-22 მაისს.