ლინას ლინკევიჩუსი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყენებს უკვე აქვთ ევროპული პერსპექტივა
ლინას ლინკევიჩუსი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყენებს უკვე აქვთ ევროპული პერსპექტივა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებს უკვე აქვთ ევროპული პერსპექტივა, – ეს განცხადება ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალის დაწყებამდე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

„ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ და უფრო მეტი შინაარსი შევძინოთ პროგრამას. ძალიან ბევრი ინიციატივები და წინადადებები ისმის პარტნიორებისგანაც. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ კონკრეტულ წინადადებებს. მჯერა, რომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ჯერ არ ვსაუბრობთ ამ ქვეყნების გაწევრიანებაზე, მაგრამ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება მათი ერთიან ევროპულ ბაზარზე ინტეგრაცია, როგორ შეიძლება სექტორალური თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა სფეროებში. მათ შორის ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია, იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ევროკავშირთან ინტეგრაცია სურთ“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლინკევიჩუსის განცხადებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ყველა პროექტს ერთი მიზანი აქვს და ეს ევროკავშირთან ინტეგრაციაა.

„ეჭვი არ მეპარება, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებს უკვე აქვთ ევროპული პერსპექტივა. ისინი განაგრძობენ ინტეგრაციას და ასოცირებას ევროკავშირთან, ეს ყოველდღე და ყოველ წელს ხდება. ვის შეუძლია თქვას, რომ ეს არ არის ევროპული პერსპექტივა? გაწევრიანება უფრო რთული პროცესი იქნება, თუმცა ცხადია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში განხორცილებული პროექტები და წინადადებებს მივყავართ ერთი მიზნისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და უკავშირდება ევროკავშირს“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების არჩევანსა და ამ არჩევანის დაცვის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„ყველაზე მეტად გვაწუხებს, რომ ბევრი პარტნიორი დიდ ზეწოლას განიცდის, მათ შორის სამხედრო ზეწოლას და ეს ხდება მათი ევროპული არჩევნის გამო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების არჩევანი და გადაწყვეტილებები დავიცვათ. ეს მნიშვნელოვანია, როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვისაც. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ექვსივე ქვეყანამ თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს. ვიცით, რომ ზოგიერთს უფრო მეტი ამბიცია აქვს, ზოგს ნაკლები. იმ ქვეყნებს, რომელთაც სურთ თანამშრომლობის გაღრმავება, მათ ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. აღმოსავლეთ პარტნიორობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია და მჯერა, რომ ის გაგრძელდება“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიუსელში დღეს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს უმასპინძლებენ. მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს დეგელაცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.