ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იუბილესთან დაკავშირებული მინისტერიალი გაიხსნება
ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იუბილესთან დაკავშირებული მინისტერიალი გაიხსნება

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბრიუსელში დღეს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს უმასპინძლებენ.

მინისტერიალი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 12:00 საათი) დაიწყება. შეხვედრაზე მხარეები 10-წლიან პარტნიორობაზე, ერთობლივ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე, ასევე 2020 წლის სტრატეგიაზე იმსჯელებენ.

მინისტერიალში მონაწილეობას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი მიიღებს.

დღის მეორე ნახევარში კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საიუბილეო ვახშამზე დელეგაციების ხელმძღვანელებს უმასპინძლებს, რომელსაც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრება.

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს 14 მაისს დაგეგმილ მაღალი დონის კონფერენციაშიც.

ბრიუსელში ორდღიანი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს სხვადასხვა შეხვედრა, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, რუმინეთის ინიციატივით, 13 მაისის მინისტერიალისა და 14 მაისის მაღალი დონის კონფერენციის შემდეგ, სავარაუდოდ მიიღებენ საიუბილეო განცხადებას, სადაც შეფასებული იქნება ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორების“ 10-წლიანი ურთიერთობა, ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები.