გიორგი კანდელაკი - საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე პოლიტიკური განაცხადი უნდა გააკეთოს
გიორგი კანდელაკი - საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე პოლიტიკური განაცხადი უნდა გააკეთოს

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი კანდელაკი ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის თაობაზე პოლიტიკური განაცხადი გააკეთოს.

როგორც საქართველოს პირველ არხს კანდელაკმა განუცხადა, „ევროპული საქართველო” „აღმოსავლეთ პარტნიორობის” თაობაზე უმრავლესობის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს.

მისივე თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა” იყო ევროკავშირის რეაქცია 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრის თაობაზე.

„ეს ფორმატი ქვეყანას მნიშვნელოვნად დაეხმარა. ერთადერთი შენიშვნა გვაქვს, რომ საქართველომ წევრობის თაობაზე პოლიტიკური განაცხადი უნდა გააკეთოს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილი საკითხი არ არის და ამას მეგობრების ნაწილი ტაშის კვრით არ შეხვდება, თუ ქვეყანას ხედვა აქვს, რასაც ვერ ვხედავთ ხოლმე, განაცხადი უნდა გავაკეთოთ წევრობაზე. ეს არც ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში იყო ადვილი, როცა ანალოგიური განაცხადი გააკეთეს. სირთულე იქნება, მაგრამ ჩვენი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ და სკეპტიკურმა დამოკიდებულებებმა უკან არ უნდა დაგვახევინოს“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ათი წლისთავთან და სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას გეგმავს.

რეზოლუციის პროექტი 28 ოქტომბრის ბიუროს სხდომას წარედგინება. მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში მოხდება, ხოლო დეპუტატები დოკუმენტს კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.