„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ახალი ინსტიტუციური სტრუქტურის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ახალი ინსტიტუციური სტრუქტურის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ახალი ინსტიტუციური სტრუქტურის ფარგლებში, 12 მარტს პირველი შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული ინფორმაცია ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ახალი სტრუქტურის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორ ექვს ქვეყანაში რეფორმების პროცესის უფრო ეფექტიანი მხარდაჭერა, ოთხი პრიორიტეტის შესაბამისად – უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი მმართველობა, უფრო ძლიერი კავშირები და უფრო ძლიერი საზოგადოება.

შეხვედრას ევროკავშირის წევრი და ექვსი პარტნიორი ქვეყნის – საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უკრაინისა და მოლდოვას წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეები 2018 წლის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმდნენ, რათა გასული წლის ნოემბერში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ.

ახალი ინსტიტუციური სტრუქტურის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის განახლებულ როლზეც გამახვილდა ყურადღება.

„დღევანდელმა შეხვედრამ შესაძლებლობა მოგვცა, შევათანხმოთ რისი მიღწევა შეგვიძლია ერთად 2018 წლის განმავლობაში, „2020 წლისთვის 20 შედეგის“ მიღების ფარგლებში“, – აღნიშნა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.