აღმოჩენილია უძველეს ადამიანთა კბილები, რომლებსაც ნეოლითის ხანაში სამკაულებად იყენებდნენ
თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ნეოლითურ დასახლება ჩათალჰოიუქს იდუმალი ისტორია აქვს; მიეკუთვნება მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ურბანულ ცენტრს.
დღემდე შემონახულია იქ მცხოვრები ადამიანების საინტერესო დეკორატიული ნამუშევრები, არქეოლოგების მიერ გათხრილ მათ სახლებში კი აღმოჩენილია დეკორატიული მიზნებით გამოყენებული ცხოველთა კბილები, ძვლები და თაბაშირით მორთული ადამიანთა თავის ქალები. როგორც ახლა ირკვევა, ეს ხალხი სამკაულებად ადამიანის კბილებსაც იყენებდა.
ძვ. წ. 6300-6700 წლებით დათარიღებულ ორ ძეგლზე აღმოჩენილ სამ კბილს აღენიშნება ორნამენტებით მიზანმიმართული დამუშავების ნიშნები, მათგან ორს კი ძალიან ძლიერად. მკვლევართა განცხადებით, ეს ახლო აღმოსავლეთში აღმოჩენილი პირველი ასეთი ორნამენტირებული კბილებია.
როგორც კვლევაში წერია, ორი ყელსაბამისთვის კბილი ამოღებულია ზრდასრული ადამიანების ჩონჩხიდან, შემდეგ ისინი გაუხვრიტავთ და ყელზე ჩამოკიდებულს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ატარებდნენ.
მკვლევართა აზრით, პრეისტორიულ ახლო აღმოსავლეთში ასეთ არტეფაქტთა იშვიათობა მიუთითებს, რომ ამ ობიექტებს ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა ; გარდა ამისა, ახალ ცნობებს გვაწვდის მიცვალებულთა დამარხვის წეს-ჩვეულებებისა და ადამიანის სხეულის ნაწილების სიმბოლური მნიშვნელობის შესახებ.
სამივე კბილი ფესვის ნაწილშია გახვრეტილი. ერთი კბილი მეცნიერებმა სახელით 31375 აღნიშნეს და მცირე ძირითადი ერთფესვიანი კბილია, მეორესკი 30567.x2 უწოდეს და ის დიდი ძირითადი კბილია. ორივე მათგანი საცხოვრებელ ადგილებში აღმოაჩინეს — ერთი დანგრეულ კედელში, მეორე კი თხრილში, რომელშიც ერთ დროს სახლის საყრდენი ბოძი მდგარა.
მესამე კბილი სახელად 30008 ასევე მცირე ერთფესვიანი კბილია და აღმოაჩინეს სამარხში. დანარჩენი ორისგან განსხვავებით, ამ კბილს მიზანმიმართული დამუშავებისა და ორნამენტული გამოყენების კვალი ყველაზე ნაკლებად ეტყობა.
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერის, სკოტ ჰადოუს ხელმძღვანელობით, კბილებს ჩაუტარა მაკროსკოპული, მიკროსკოპული და რადიოგრაფიული ანალიზები. მათი მიზანი იყო გაერკვიათ, როდის არის კბილები გახვრეტილი.
31375 და 30567.x2 კბილებს ხვრელების გარშემო აშკარად ეტყობა ბურღვის კვალი, რასაც ქვიშის საათის ფორმა აქვს და კარგად შეესაბამება ბიკონურ ბურღვას, ანუ, როცა ხელოსანი ბურღვას ორივე მხრიდან აწარმოებს და პროცესი ერთმანეთს კბილის შუაში ხვდება. ორივე კბილს აღენიშნება გაპრიალებისა და ცვეთის ნიშნებიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ სამკაულის სახით ვიღაც ატარებდა.
როგორც მკვლევრები წერენ, კბილებზე სიკვდილის შემდგომი გაპრიალებისა და ფორმის მიცემის ნიშნები მიუთითებს მათ გამოყენებაზე, კონტაქტზე შედარებით რბილ მასალასთან, მაგალითად, ადამიანის კანთან ან ტანსაცმელთან.
დანარჩენი ორისგან განსხვავებით, კბილ 30008-ს გახვრეტისა და ტარების ნიშნები არ ემჩნევა და მასზე არსებული ნახვრეტი სინამდვილეში შეიძლება, დაავადებით გამოწვეული ღრმულია.
31375 და 30567.x2 კბილებს დაავადების ნიშნები არ აქვს, რაც კიდევ უფრო მიუთითებს, რომ ისინი ადამიანის სიკვდილის შემდეგაა ამოღებული.
მიუხედავად იმისა, რომ ჩათალჰოიუქის უძველესი ხალხი საცხოვრებლის ინტერიერში ცხოველთა ძვლებს ხშირად იყენებდა, იშვიათად გვხვდება მათი კბილებისგან დამზადებული მძივები.
კბილებისგან დამზადებული ნეოლითის პერიოდის ყელსაბამები იშვიათობაა, მაგრამ მაინც არის აღმოჩენილი მსოფლიოს სხვა ნაწილებში. მეცნიერთა აზრით, იტალიაში აღმოჩენილი ასეთი ყელსაბამი შეიძლება მიუთითებდეს ძლიერ პირად კავშირზე კბილის პატრონთან, ანდაც იყენებდნენ ავგაროზის სახით.
კვლევა Journal of Archaeological Science: Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.