ასტრონომებმა საბოლოოდ შეძლეს იმ უზარმაზარი კოსმოსური აფეთქების კლასიფიკაცია, რომლიც პირველად 2018 წელს შენიშნეს; მოვლენა იმდენად კაშკაშა იყო, რომ სავარაუდოდ, ჩვენთან შედარებით ახლოს იყო მომხდარი. ორი ახალი აღმოჩენის წყალობით, ახლა ირკვევა, რომ ის გიგანტურ კოსმოსურ აფეთქებათა სრულიად ახალ კლასს მიეკუთვნება.
ენერგიის ასეთი აფეთქებები უკიდურესად მძლავრი და სწრაფია, დიდი ოდენობით მატერიას კოსმოსში უსწრაფესად ისვრის. ამ ახალ კლასს ასტრონომებმა სწრაფი ცისფერი ოპტიკური გარდამავალი (FBOT) უწოდეს.
2018 წლის მოვლენა, რომელსაც „ძროხა“ უწოდეს, ჩვენგან 200 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ გალაქტიკაში მოხდა, რომელიც უცნაური მისი განსაკუთრებული სიკაშკაშის გამო იყო. მას შემდეგ, მას გადააჭარბა იმავე სახის ორმა კიდევ უფრო დიდმა აფეთქებამ და შედეგად, ჩვენთვის ცნობილი FBOT-ების რაოდენობამ სამს მიაღწია.
ორ ახალ აფეთქებას ხილული სინათლის დიაპაზონში ჩატარებულ დაკვირვებათა საარქივო მონაცემებში მიაგნეს, რის შემდეგაც დამატებითი დაკვირვებებიც ჩაატარეს.
ესენი გახლავთ ZTF18abvkwla, მეტსახელად „კოალა“, რომელიც ჩვენგან 3,4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკაზე 2018 წელს ჩატარებული დაკვირვებების მონაცემებში იპოვეს; და CRTS-CSS161010 J045834-081803, იგივე CSS161010, რომელსაც ჩვენგან 500 სინათლის წლით დაშორებულ გალაქტიკაზე 2016 წელს ჩატარებულ დაკვირვებათა მონაცემებში მიაგნეს.
იმისათვის, რათა წარმოვიდგინოთ, რამდენად მძლავრია ეს აფეთქებები, გეტყვით, რომ აფეთქება, მეტსახელად „ძროხა“, ჩვეულებრივ სუპერნოვაზე 10-ჯერ ძლიერი იყო. „კოალა“ და CSS161010 კი უფრო ძლიერები, მაგრამ ამ სამივე მოვლენას შორის არსებობს აშკარა მსგავსებები.
„მონაცემების დამუშავებისას ვიფიქრე, რომ შეცდომა დავუშვი. „კოალა“ „ძროხას“ ჰგავდა, მაგრამ მისი რადიოგამოსხივება ათჯერ უფრო კაშკაშა იყო — ისეთივე, როგორიც გამა-გამოსხივების ანთებაა“, — ამბობს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომი ანა ჰო.
CSS161010 კიდევ უფრო საოცარი აღმოჩნდა. რადიო და რენტგენულ ტალღის სიგრძეებში ჩატარებულმა შემდგომმა დაკვირვებებმა გამოავლინა, რომ ობიექტი დიდი ოდენობით ვარსკვლავურ მატერიას კოსმოსში წარმოუდგენლად სწრაფად — სინათლის სიჩქარის 55 პროცენტით ისროდა.
„სრული მოულოდნელობა იყო. ჩვენთვის ცნობილია ენერგიული ვარსკვლავური აფეთქებები, რომლებსაც მატერიის ამოტყორცნა თითქმის სინათლის სიჩქარით შეუძლიათ, განსაკუთრებით გამა-გამოსხივების ანთებებს, მაგრამ ისინი მხოლოდ მცირე რაოდენობის მასას ისვრიან, მზის მასის დაახლოებით მემილიონედს“, — ამბობს CSS161010-ზე ჩატარებული კვლევისავტორი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის (აშშ) ასტრონომი დიენ კოპიჯინსი.
მისი თქმით, CSS161010-მა მზის მასის 1-10 პროცენტი რელატივისტური სიჩქარით გატყორცნა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის გარდამავალთა ახალი კლასია.
სამივე აფეთქებას აქვს მსგავსებები. ძალიან ჰგვანან სუპერნოვათა აფეთქებებს, მაგრამ ენთებიან და ქრებიან წარმოუდგენლად ჩქარა, უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივი სუპერნოვები. ამავე დროს არიან წარმოუდგენლად ცხელი, რაც მათ სინათლეს სუპერნოვებისგან განსხვავებულ ცისფერ შეფერილობას ანიჭებს.
იმის გამო, რომ ისინი ასეთი ხანმოკლეა, ძნელია მათი გამომწვევი მიზეზის დადგენა. 2019 წლის იანვარში, ასტრონომებმა აფეთქება „ძროხის“ ყველაზე სავარაუდო სცენარებს მიაგნეს — შავი ხვრელი ანადგურებს თეთრ ჯუჯას; ან საქმე გვაქვს ბირთვის კოლაფსირებად უჩვეულო სახის სუპერნოვასთან, რომელიც ნეიტრონული ვარსკვლავის ან შავი ხვრელის წარმოქმნას იწვევს.
ამ ეტაპზე რომელიმე ამ სცენარის გამორიცხვა შეუძლებელია, მაგრამ ასტრონომები დარწმუნებული არიან, რომ ჩვენ წინაშეა უიშვიათესი სახის სუპერნოვა.
ბირთვის კოლაფსირებად სუპერნოვებში, რომლებსაც ჩვენ უფრო ხშირად ვხედავთ, კოსმოსში იტყორცნება ვარსკვლავის სფერული გარსის მატერია. ზოგჯერ, ასეთი სუპერნოვები კოლაფსირებული ბირთვის გარშემო ასევე წარმოქმნიან მბრუნავ აკრეციის დისკოს; შედეგად, ეს დისკო ასაზრდოებს პოლუსებიდან გამომავალ რელატივისტურ ჭავლებს, რომლებიც გამა-გამოსხივებას ავრცელებს და ჩვენ მას გამა-გამოსხივების ანთებას ვუწოდებთ.
ასტრონომთა მოდელის მიხედვით, ასეთი დისკო და ჭავლები უნდა ჰქონდეს FBOT აფეთქებებსაც, მაგრამ ისინი გარშემორტყმული უნდა იყოს მატერიის ძალიან მკვრივი ღრუბლით, როგორიც ჩვეულებრივ სუპერნოვებთან არ გვხვდება. ასეთი ღრუბელი შეიძლება წარმოქმნილი იყოს ბინარული კომპანიონი ვარსკვლავისგან, რომელსაც მატერია სუპერნოვას წინამორედმა ვარსკვლავმა გააცალა.
სწორედ ეს ღრუბელი უნდა იყოს ასტრონომთა მიერ დაფიქსირებული უკიდურესად კაშკაშა აფეთქებათა მიზეზი. როდესაც სუპერნოვადან წამოსული შოკური ტალღა ამ ღრუბელს ეჯახება, წარმოიქმნება უკიდურესად სწრაფი, ცხელი, კაშკაშა ანთება ტალღის მრავალ სხვადასხვა სიგრძეში.
კვლევის შემდეგი ნაბიჯი იქნება უფრო მეტი მონაცემის შემოწმება სხვა ასეთი კაშკაშა ანთებების გამოსავლენად, რომლებიც ასტონომებმა თავის დროზე შეიძლება ხარვეზად ჩათვალეს. შედეგად, ასტრნომომები შეძლებენ დაადგინონ, რომელი ეს სცენარი განაპირობებს ამ აფეთქებებს.
თუმცა, ერთი რამ აშკარაა — რაც არ უნდა იყოს ის, არის წარმოუდგენლად მძლავრი.
„მიგვაჩნდა, რომ არსებობს მათი წარმოქმნის მხოლოდ ორი გზა — მასიური ვარსკვლავის კოლაფსი, რასაც თან ახლავს გამა-გამოსხივების ანთება ან ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმა. ვფიქრობდით, საქმე სწორედ მეორე სცენართან გვქონდა. თუმცა, ახალ კვლევაში შევიმუშავეთ მესამე შესაძლო გზა და დიდი ალბათობით, სწორედ ის არის ასეთი მაღალენერგიული ფენომენის წარმოქმნის მიზეზი“, — ამბობს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ასტრონომი რაფაელა მარგე.
კვლევა The Astrophysical Journal-სა და The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.northwestern.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.