მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში ღამის ცა ძალიან ოდნავ იცვლება, სამყარო სულაც არ არის სტატიკური ადგილი.
ჩვენ გალაქტიკის ცენტრის გარშემო ვმოძრაობთ. ვარსკვლავები იბადებიან და სასტიკი აფეთქებებით კვდებიან. გალაქტიკები ერთმანეთს ეჯახებიან.
პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა დაადგინეს, რომ კოსმოსის ერთ-ერთი უდიდესი სტრუქტურებიც ბრუნავს, თანაც ასობით მილიონი სინათლის წლის მასშტაბებზე. თუ ეს დამტკიცდა, ის ყველაზე დიდი მბრუნავი სტრუქტურა გახდება, რაც კი ოდესმე გვინახავს; ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ იმპულსის მომენტის წარმოქმნა აბსოლუტურად გამაოგნებელ მასშტაბებზეც ხდება.
საეჭვო სტრუქტურა კოსმოსური ფილამენტია — ბნელი მატერიის გრძელი, ცილინდრული სტრუქტურა, რომელიც გალაქტიკათშორის სივრცეში ხიდის მსგავსად არის გადებული გალაქტიკათგროვებს შორის. ეს ფილამენტები ვრცელი კოსმოსური აბლაბუდას ძაფებია, რომელთა საშუალებითაც გალაქტიკები და ვარსკვლავთწარმომქმნელი მასალა გროვის კვანძებში ჩაედინება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ გალაქტიკები არა მხოლოდ გროვებში, არამედ ფილამენტის გასწვრივაც შეიძლება შეგვხვდეს. ამის საფუძველზე, მეცნიერებს შეუძლიათ გამოავლინონ ბრუნვითი მოძრაობა თავად ფილამენტში.
„ასობით ათასი გალაქტიკის კატალოგიზაციის პროგრამა Sloan Digital Sky survey-ს მონაცემების საფუძველზე აღვწერეთ გალაქტიკების მოძრაობა ამ უზარმაზარ კოსმოსურ სუპერმაგისტრალებში; შედეგად აღმოვაჩინეთ ამ ფილამენტთა ერთი თვალშისაცემი თვისება: ისინი ბრუნავენ“, — ამბობს პოტსდამის ლაიბნიცის ასტროფიზიკის ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი პენგ ვანგი.
ფილამენტების სიგრძე ასობით მილიონი სინათლის წელია, მაგრამ დიამეტრი მხოლოდ რამდენიმე მილიონი სინათლის წელიწადი. ასეთი მასშტაბურობის გამო, გალაქტიკების მოძრაობის დანახვა არ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, მოძრავი ობიექტის სინათლე ამის დადგენის საშუალებას მაინც გვაძლევს.
ამას დოპლერის წანაცვლებას უწოდებენ ცვლილებას სინათლის ტალღის სიგრძეში, რაც იმაზეა დამოკიდებული, ეს სინათლე დამკვირვებლის მიმართულებით მოძრაობს თუ საპირისპიროდ. მოახლოებადი ობიექტის სინათლის ტალღის სიგრძეები ოდნავ შემოკლებულად გამოჩნდება სპექტრის ცისფერი დაბოლოებისკენ — ამას ცისფერ წანაცვლებას უწოდებენ; დამკვირვებლისგან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ობიექტების ტალღის სიგრძეები კი დაგრძელდება, რასაც წითელი წანაცვლება ეწოდება.
კოსმოსურ ფილამენტებზე არსებულ გალაქტიკათა სინათლის გულდასმით შესწავლისა და შემდეგ მათი ერთმანეთთან შედარების შედეგად, ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ ფილამენტის ერთ მხარეს მდებარე გალაქტიკები წითლად იყვნენ წანაცვლებული მეორე მხარეს არსებულებთან შედარებით. ასეთ რამეს კი მაშინ უნდა ველოდეთ, თუ გალაქტიკები ფილამენტის ბრუნვის მიმართ პერპენდიკულარულ ბრუნვით მოძრაობაში არიან.
„ამ მასშტაბებში, ფილამენტებს შიგნით არსებული გალაქტიკები მათთან შედარებით უბრალო მტვრის ნაწილაკებია. ისინი სპირალურ ორბიტებზე მოძრაობენ. ფილამენტთან ერთად მოძრაობისას, პარალელურად გარს უვლიან მის შუაგულს. ასეთი ბრუნვა ასეთ უზარმაზარ მასშტაბებში აქამდე არასოდეს გვინახავს. უნდა არსებობდეს ჩვენთვის ჯერ უცნობი რაღაც ფიზიკური მექანიზმი, რომელიც ამ ობიექტებს ამოძრავებს“, — ამბობს ლაიბნიცის ასტროფიზიკის ინსტიტუტის კოსმოგრაფი ნაომ ლიბესკინდი.
ამ მექანიზმის დადგენა ასტრონომებს შეიძლება იმის გარკვევაშიც დაეხმაროს, როგორ წარმოიქმნება კოსმოსში იმპულსის მომენტი. ამჟამად ეს საკითხი იდუმალებით არის მოცული. ჩვენი კოსმოლოგიური მოდელების მიხედვით, ადრეულ სამყაროში ბრუნვა არ არსებობდა — მატერია ნაკლებად მკვრივი რეგიონებიდან უფრო მკვრივი რეგიონებისკენ მიემართებოდა.
ერთი თეორია, რომელიც მოქცევით აჩქარებას აღწერს, გვთავაზობს, რომ ცოტა ბრუნვას შეიძლება მატებდეს ე. წ. მჭრელი ძალა, მაგრამ ამის შესახებ იმდენად ცოტა რამ ვიცით, რომ კოსმოსის ევოლუციის მოდელებში ამ მოსაზრებას სერიოზულადაც ვერ მივიღებთ.
ვინაიდან ფილამენტები გალაქტიკებს ერთმანეთთან აერთებს და კვებავს, ეს სტრუქტურები დიდ როლს თამაშობს გალაქტიკათა ფორმაციასა და ევოლუციაში, მათ შორის ბრუნვაში. თუმცა, აქამდე მხოლოდ თეორიის დონეზე არსებობდა ვარაუდი, რომ შეიძლება თავად ფილამენტებიც ბრუნავდნენ.
აღმოჩენა დაგვეხმარება სამყაროში იმპულსის მომენტის წარმოქმნის უკეთ შესწავლაში და მის რეგულირებაში კოსმოსური აბლაბუდას როლის დადგენაში.
„ფანტასტიკურია იმის დადასტურება, რომ გალაქტიკათშორისი ფილამენტები რეალურ სამყაროშიც ბრუნავენ, ზუსტად ისე, როგორც კომპიუტერულ სიმულაციებში“, — ამბობს ლიბესკინდი.
კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.