ერთი პატარა ვარსკვლავის უმცირესმა მოძრაობებმა მასთან არსებულ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტაზე მიგვანიშნა, რომელიც მის გარშემო ისეთ მანძილზე მოძრაობს, რომ შესაძლოა, სიცოცხლისთვის ხელსაყრელიც იყოს.
ჩვენგან 36,5 სინათლის წლის მანძილზე მდებარე მკრთალი წითელი ჯუჯა ვარსკვლავის, Ross 508-ის გარშემო ასტრონომებმა დედამიწაზე ოთხჯერ მასიური პლანეტა აღმოაჩინეს. გამომდინარე იქიდან, რაც პლანეტური მასის ლიმიტების შესახებ ვიცით, ეს პლანეტა დედამიწის ტიპის, ანუ კლდოვანი უნდა იყოს და არა გაზოვანი.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს პლანეტა, სახელად Ross 508 b, ხელსაყრელი იყოს სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის; თუმცა, აღმოჩენა, რომელიც პირველია იაპონიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის ჰავაიზე მდებარე სუბარუს ტელესკოპის ახალი პროგრამისთვის, წარმოაჩენს ვარსკვლავთა გარშემო პატარა პლანეტების ძებნის ახალი მეთოდის ეფექტიანობას.
სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ეგზოპლანეტებზე ნადირობა გარკვეულწილად შეზღუდულია იმ ბუნებით, როგორადაც ისინი ჩვენ წარმოგვიდგენია. ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი ნიმუში დედამიწაა: შედარებით პატარა პლანეტა, რომელიც თავის ვარსკვლავს ისეთი მანძილიდან უვლის გარშემო, სადაც ტემპერატურა ხელსაყრელია მის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობისთვის. სწორედ ამას ვუწოდებთ „სასიცოცხლო ზონას“.
რა თქმა უნდა, არის სხვა ბევრი ფაქტორიც — მაგალითად, მარსი მზის სასიცოცხლო ზონაშია მოქცეული.
მეთოდები, რომლებსაც ასტრონომები ეგზოპლანეტების საძებნელად იყენებენ, უფრო უკეთესად მუშაობს დიდ, გაზის გიგანტ პლანეტებზე, რომლებიც თავიანთ ვარსკვლავებთან ძლიერ ახლოს მოძრაობენ და ზედმეტად ცხელები არიან, რათა თხევადი წყლის შენარჩუნება შეძლონ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სახის პლანეტების აღმოჩენა არ შეგვიძლია; რა თქმა უნდა, შეგვიძლია, მაგრამ ეს გაცილებით რთულია.
მთავარი მეთოდი, რომელსაც ეგზოპლანეტების საძებნელად იყენებენ, ტრანზიტის მეთოდის სახელით არის ცნობილი. ამ ტექნიკას იყენებს NASA-ს კოსმოსური ტელესკოპი TESS-ი ამჟამად და ამას იყენებდა მისი წინამორბედი კეპლერიც. ინსტრუმენტი ვარსკვლავებს აკვირდება და მის სინათლეში რეგულარულ ჩაბნელებებს ეძებს, რასაც მასსა და ჩვენ შორის რეგულარულად მოძრავი ობიექტი განაპირობებს.
ამ ჩაბნელების სიღრმის საფუძველზე ანგარიშობენ ობიექტის მასას; რაც უფრო დიდია ჩაბნელება, მით უფრო დიდია მისი გამომწვევი პლანეტა და შესაბამისად, ადვილად შესამჩნევიც.
ამ დროისათვის, ტრანზიტის მეთოდით აღმოჩენილი და დადასტურებულია 3858 ეგზოპლანეტა.
მეორე ყველაზე გავრცელებული მეთოდია რადიალური სიჩქარის მეთოდი, რომელსაც რხევის ან დოპლერის მეთოდსაც უწოდებენ. როდესაც ორი სხეული ორბიტაზეა ჩაჭედილი, ერთი კი არ მოძრაობს მეორის გარშემო, არამედ ორივე მათგანი გრავიტაციის საერთო ცენტრის გარშემო მოძრაობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ორბიტაზე მოძრავი ნებისმიერი პლანეტის გრავიტაციული გავლენა ვარსკვლავს ადგილზე ოდნავ არხევს — ასეა ჩვენი მზეც.
შესაბამისად, დედამიწიდან სხვა ვარსკვლავებზე ასეთი მცირე ეფექტის შემჩნევა რთულია. როდესაც რხევისას ვარსკვლავი ჩვენკენ მოძრაობს, მისი სინათლე ოდნავ შეკუმშულია ცისფერი ტალღის სიგრძეში, როდესაც ჩვენგან საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს კი გაწელილია წითელი ტალღის სიგრძეში. ეს მეთოდი უკეთესია დიდ ორბიტაზე მოძრავი პატარა ეგზოპლანეტების დასაფიქსირებლად.
2019 წელს, ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ახალი პროგრამის ფარგლებში სუბარუს ტელესკოპი გამოიყენა მკრთალ წითელ ჯუჯა ვარსკვლავებთან ეგზოპლანეტების მოსაძებნად; ამისათვის მიმართეს დოპლერის წანაცვლებას ინფრაწითელსა და ახლო ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში. ამან მათ უფრო მკრთალი და შესაბამისად, ბებერი, ჩამოყალიბებული წითელი ჯუჯა ვარსკვლვაბის ძებნის საშუალება მისცა.
Ross 508 b ამ კამპანიის ფარგლებში აღმოჩენილი პირველი ეგზოპლანეტაა, თანაც ძლიერ იმედისმომცემი. ის დედამიწაზე დაახლოებით ოთხჯერ მასიურია და თავის ვარსკვლავს გარს უვლის ყოველ 10,75 დღეში ერთხელ.
ეს გაცილებით ახლოს არის, ვიდრე დედამიწის ორბიტა, მაგრამ მისი ვარსკვლავი, Ross 508 ჩვენს მზეზე გაცილებით პატარა და მკრთალია. ასეთ მანძილზე, ვარსკვლავური რადიაცია, რომელსაც Ross 508 b იღებს, მხოლოდ 1,4-ჯერ აღემატება დედამიწის მიერ მზისგან მიღებულ რადიაციას. შედეგად, ეგზოპლანეტა ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონის შიდა კიდესთან ძლიერ ახლოს, მისგან ოდნავ გარეთ არის მოქცეული.
აღმოჩენა ძალიან კარგია მომავლისთვის. მაგალითად, Ross 508 თავის ვარსკვლავის გარშემო ჩვენი გადმოსახედიდან ტრანზიტს ახორციელებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტელესკოპმა TESS-მა, რომელიც აპრილსა და მაისში ცის სწორედ ამ მონაკვეთს აკვირდებოდა, შეიძლება მის შესახებ საკმარისი მონაცემები შეაგროვა, რათა ასტრონომებმა ისიც გაარკვიონ, აქვს თუ არა ამ პლანეტას ატმოსფერო.
ამას გარდა, ვარსკვლავ Ross 508-ს მზის მასის მხოლოდ 18 პროცენტი აქვს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მკრთალ ვარსკვლავს, რომლის გარშემოც ამ დროისათვის ეგზოპლანეტის აღმოჩენა რადიალური სიჩქარის მეთოდით შევძელით. ეს იმაზე მიუთითებს, რომ რადიალური სიჩქარის მომავალმა პროგრამებმა, რომლებიც ინფრაწითელ დიაპაზონს გამოიყენებენ, შეიძლება მრავალი ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინონ მკრთალ ვარსკვლავთა გარშემო.
კვლევა Publications of the Astronomical Society of Japan-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.