რა პროცესები განვითარდება ჩვენი მზის სიკვდილისას?
პირველ რიგში, წყალბადით მართული ბირთვული რეაქციები მზის ცენტრში საწვავს გამოლევს. მზე გაფართოვდება და წითელი გიგანტი ვარსკვლავი გახდება; ზომა დაახლოებით 100-ჯერ მოიმატებს და ამ დროს, მზე გადაყლაპავს მერკურის, ვენერას და სავარაუდოდ ჩვენს პლანეტასაც.
ამის შემდეგ, ის შედღვებს თავის ბირთვში არსებულ ჰელიუმს, რომლის ატმოებსაც ნახშირბადად გარდაქმნის და ეს პროცესი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მასალა და ენერგია ეყოფა. ბოლოს დაიწყება „სასიკვდილო კრუნჩხვა“, რასაც მზის კოლაფსი მოჰყვება. ამის შემდეგ, ჩვენი დედავარსკვლავი თანდათან მოიშორებს გარე ფენებს მანამ, სანამ საბოლოოდ დარჩება მკვრივი, გავარვარებული, დედამიწის ზომის სფერო — ეს უკვე თეთრი ჯუჯა ვარსკვლავია.
არავინ უწყის, როგორი იქნება მზის სისტემა 5 მილიარდი წლის მერე, ამ კატაკლიზმის შემდეგ. თუმცა, ახლახან აღმოჩენილი პლანეტური სისტემა სავარაუდო მინიშნებებს გვთავაზობს.
დედამიწიდან 410 სინათლის წლის მანძილზე მდებარე თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის მკრთალ სინათლეში დააფიქსირეს მძიმე მეტალებისგან შემდგარი რაღაც სხეულის ბირთვი, რომელიც ერთ დროს ალბათ პლანეტა იყო.
ეს უცნაური, გაპარტახებული სხეული ჯერჯერობით მხოლოდ მეორეა, რომელიც ასტრონომებს ამ დრომდე აღმოუჩენიათ მკვდარი ვარსკვლავის გარშემო.
მეცნიერთა თქმით, ის იმის მტკიცებულებაა, თუ რა მოსდით პლანეტურ სხეულებს მაშინ, როცა მათი მზე ქრება. სწორედ ეს ბედი ელის სამყაროში არსებულ ვარსკვლავურ სისტემათა უმეტესობას, მათ შორის ჩვენი მზის სისტემასაც.
„ფაქტობრივად, ჩვენს შესაძლო მომავალს ვუყურებთ. ნამდვილად ამაღელვებელი და ამავდროულად შემზარავია. უყურებ იმას, რაც შორეულ მომავალში აქაც მოხდება“, — ამბობს ნასას ეგზოპლანეტურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტრონომი ჯესი კრისტიანსენი.
ახლად აღმოჩენილი პლანეტის ფრაგმენტის დედავარსკვლავი თეთრი ჯუჯაა, რომელსაც მეცნიერები ოფიციალურად SDSS J122859.93+104032.9-ს, შემოკლებით კი 1228-ს უწოდებენ.
ბრიტანეთის უორიკის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა კრისტოფერ მანსერმა ეს ვარსკვლავი პირველად რამდენიმე წლის წინ შენიშნა. მისი ყურადღება მიიქცია ნიშნებმა, რომლებიც მიუთითებდა, რომ მის გარშემო მოძრაობდა ნარჩენების დისკო.
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ოპტიკური ხელსაწყოს — კანარის დიდი ტელესკოპის გამოყენებით, ნარჩენების დისკოს სინათლის ხელწერა მან შემადგენელ ნაწილებად დაშალა, რის საფუძველზეც შესაძლებელია დადგინდეს, რა ნივთიერებებისგან შედგება ეს დისკო.
მანსერი გაოცებული დარჩა, როცა დისკოში რეგულარული ნაპრალები აღმოაჩინა — გაზის ნაკადი, რომელიც სულ არ ჰგავდა კომეტის კუდს. მთელი წლის დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ეს გაზი ყოველ ორ საათში ერთხელ ჩნდებოდა, საათის ისრის მიმართულებით.
ასეთი რეგულარული სიგნალის წარმოქმნა კი მხოლოდ „პლანეტოშენადედს“ ან პლანეტის ფრაგმენტს შეუძლია, რომელიც მკვდარ ვარსკვლავს გარს უვლის და გაზს როგორღაც ფანტავს.
ახლად აღმოჩენილი პლანეტის ორსაათიანი ორბიტული პერიოდი იმაზე მიუთითებს, რომ თავის თეთრ ჯუჯას ის გარს უვლის უკიდურესად ახლოდან. მზის სისტემაში ყოფნის შემთხვევაში, მზის გარშემო ის მზის ატმოსფეროს შიგნით იმოძრავებდა.
გარდა ამისა, ის უნდა იყოს უკიდურესად დრეკადი. თეთრ ჯუჯაში, თითქმის მთლიანი ვარსკვლავის მასა თავმოყრილია სფეროში, რომლის ზომაც მზის ზომის მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენს. ასეთ ობიექტებს იმდენად მძლავრი გრავიტაცია აქვთ, რომ ადვილად შეუძლიათ პლანეტის დაშლა.
თუმცა, მანსერის განცხადებით, ამ ობიექტს იმხელა სიმკვრივე, ანუ შიდა სიძლიერე აქვს, რომ თეთრი ჯუჯას ასე ძლიერ გრავიტაციას გადაურჩა. მისი თქმით, ყველაზე მკვრივი ნივთიერება, რასაც შეიძლება ის შეიცავდეს, არის რკინა.
ერთი ასეთი სხეული მზის სისტემაშიც არის — ასტეროიდი 16 ფსიქე. მეცნიერთა აზრით, ერთ დროს ეს უცნაური სხეული მოზრდილი პლანეტის რკინის ბირთვი იყო, რომელსაც ქანების ქერქი და გამდნარი მანტია თანდათან შემოეცალა.
სავარაუდოდ, იგივე ისტორია აქვს ზემოთ ხსენებულ პლანეტოშენადედსაც. ვარსკვლავური სისტემის გარე ნაწილში მოძრავი ჩვეულებრივი, კლდოვანი პლანეტა თეთრ ჯუჯას თავისკენ უნდა მიეზიდა. მკვდარი ვარსკვლავის უზარმაზარი გრავიტაციის კლანჭებს უნდა დაეფხვნა მისი ქანები და გამდნარი მანტია, რის შედეგადაც, დარჩა მხოლოდ შიშველი ბირთვი.
ამ მოსაზრებას მხარს უჭერს თეთრი ჯუჯას გარშემო მოძრავ ნარჩენების დისკოზე ჩატარებული დაკვირვებები. იგი სავსეა კალციუმით, ჟანგბადითა და მაგნიუმით — კლდოვანი სხეულების ძირითადი სამშენებლო მასალით.
თუმცა, ამ უცნაური, პატარა სხეულის ირგვლივ არსებობს დამაინტრიგებელი კითხვები. მანსერი და მისი კოლეგები დარწმუნებული არ არიან, თუ რა იწვევს გაზის აშლილობებს 1228-ის დისკოში.
შესაძლებელია, რომ პლანეტოშენადედის ზედაპირიდან აირები ორთქლდება. პლტერნატიული ჰიპოთეზის მიხედვით კი, ეს რკინის სხეული ნარჩენთა დისკოსთან შეჯახებებს განიცდის, რაც გაზებს წარმოქმნის.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ასეთ პლანეტურ სისტემებს კიდევ იპოვნიან. კლდოვანი ნივთიერებებით „დაბინძურება“ სხვა თეთრ ჯუჯებთანაც შეუნიშნავთ, მათ შორის სულ მცირე ექვსს გარს უნდა ეკრას ნარჩენების დისკო.
მანსერის განცხადებით, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ თეთრ ჯუჯათა ნახევარს აქვს პლანეტური სისტემა, რომლებიც საკუთარ ევოლუციას გადაურჩნენ და ნარჩენ მასალას შორის დაჰქრიან.
კორნელის უნივერსიტეტის კარლ სეიგანის ინსტიტუტის დირექტორის, ასტროფიზიკოს ლაიზა კალტენგერის განცხადებით, სამყაროში არსებულ ვარსკვლავთა უმეტესობა სიკვდილის შემდეგ თეთრ ჯუჯად გადასაქცევად არის განწირული. მზეზე გაცილებით მასიური ვარსკვლავები სიცოცხლის დასასრულს სუპერნოვად ფეთქდებიან, რის შემდეგაც, მათ ადგილას შავი ხვრელი ან ნეიტრონული ვარსკვლავი წარმოიქმნება.
კალტენბერგის აზრით, თეთრი ჯუჯას გარშემო მოძრავი პლანეტა პოტენციურად შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის ხელსაყრელი, თანაც მილიარდობით წლის განმავლობაში.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.