მზისგან წარმოუდგენლად დიდ მანძილზე, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ობიექტი, რომელიც მათი აზრით, ამ დრომდე გამოვლენილი ყველაზე შორეული სხეულია მზის სისტემაში.
მართალია, დეტალური მახასიათებლები ჯერ არ იციან, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ მისი ორბიტა მზისგან 140 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული (ასტრონომიული ერთეული ეწოდება მანძილს მზესა და დედამიწას შორის), ანუ დედაარსკვლავისგან ის პლუტონზე 3,5-ჯერ უფრო შორს მდებარეობს.
მისი წინამორბედი ჯუჯა პლანეტა, სახელად ფარაუტი, რომელიც გასული წლის ბოლოს აღმოაჩინეს, მზისგან 120 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული.
ახალი სხეული კარნეგის მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტრონომმა სკოტ შეპარდმა მეცხრე პლანეტის ძიენისას აღმოაჩინა. მართალია, მას და მის კოლეგებს ეს იდუმალი, გიგანტური ობიექტი ჯერ არ აღმოუჩენიათ, მაგრამ მის ძებნაში უკვე იპოვეს საკმაოდ ბევრი სხეული.
ფარაუტის გარდა, შარშან მათ ასევე იპოვეს კიდევ ერთი ჯუჯა პლანეტა მზისგან 65 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე, სახელად გობლინი. მოულოდნელად აღმოაჩინეს იუპიტერის აქამდე უცნობი თორმეტი მთვარეც.
ასეთი შორეული ობიექტების აღმოჩენა უკვე მნიშვნელოვანი მიღწევაა, მაგრამ მათი დეტალურად შესწავლა კიდევ უფრო დაგვეხმარეტა ჰიპოთეტური მეცხრე პლანეტის პოვნაში, რომელიც ასტრონომთა აზრით, მზისგან 200 ასტრონომიული ერთეულით უნდა იყოს დაშორებული.
როგორც უკვე გაირკვა გობლინის შემთხვევაში, ასეთ შორეულ ობიექტთა ორბიტებს ჰიპოთეტური პლანეტის გავლენა უნდა ეტყობოდეს. ასტრონომთა განცხადებით, ეს გარემოება ერთგვარი გზამკვლევი უნდა გახდეს მისი სამალავის საპოვნელად.
მომზადებულია carnegiescience.edu-ს მიხედვით.