რაც უფრო მეტს ვიკვლევთ, მზის სისტემის გარე მისადგომები სულ უფრო უცნაური და იდუმალი ადგილი ხდება. ნეპტუნის ორბიტის გადაღმა, სადაც ძალიან ცივა და წყვდიადია, მზის გარშემო მოძრაობს ყინულოვან ობიექტთა მთელი გუნდი, რომელსაც კოიპერის სარტყელს უწოდებენ. მიჩნეულია, რომ ეს რეგიონი მზის სისტემის დაბადების შემდეგ დიდად არ შეცვლილა.
ვინაიდან ეს რეგიონი ბნელია და შორსაა, მისი ობიექტები კი საკმაოდ პატარებია, ასტრონომებს მისი შესწავლა ძალიან უჭირთ. სწორედ ამიტომ არის ბოლოდროინდელი ძებნის შედეგები საკმაოდ გასაოცარი. ბნელი ენერგიის კვლევის პროგრამა Dark Energy Survey-ს გამოყენებით, ასტრონომებმა 815 ნეპტუნსგადაღმა ობიექტი (TNO) აღმოაჩინეს, რომელთაგან 461-ის შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდით.
ამ ეტაპზე, ასტრონომთათვის ცნობილია მზის სისტემის გარე ნაწილში არსებული 3000-მდე ნეპტუნსგადაღამ ობიექტის შესახებ. ახალი აღმოჩენის შედეგად მიღებული ინფორმაცია შეიძლება დაგვეხმაროს მზის სისტემის წარმოქმნის უკეთესი მოდელის შექმნაში, იქნებ მოუხელთებელი მეცხრე პლანეტის ძებნაშიც.
ახალი კატალოგი გამოსაქვეყნებლად უკვე აიტვირთა, იქამდე კი ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.
„კატალოგში შედის 817 დადასტურებული ობიექტი, რომელთაგან 461 ახალი აღმოჩენაა. ეს გახლავთ ნეპტუნსგადაღამ ობიექტების მეორე უდიდესი კატალოგი, რომელიც ერთი კვლევის შედეგად შეიქმნა“, — წერენ მკვლევრები.
პროგრამა Dark Energy Survey ნეპტუნსგადაღმა ობიექტების ძებნისთვის არ არის განკუთვნილი. ის 2013 წლის აგვისტოდან 2019 წლის იანვრამდე მოქმედებდა. სამხრეთის ცაში 575 ღამის განმავლობაში აწარმოებდა დაკვირვებებს ინფრაწითელ და ახლო-ინფრაწითელ დიაპაზონებში. მისი მიზანი სხვადასხვა ობიექტისა და ფენომენის შესწავლა იყო, მაგალითად, სუპერნოვებისა და გალაქტიკათგროვების, რის საფუძველზეც უნდა ეცადა სამყაროს გაფართოების მაჩვენებლის დაანგარიშება, რაზეც მეცნიერთა აზრით, გავლენას ახდენს ბნელი ენერგია.
თუმცა, მაღალი ხარისხის სიღრმის, მოცულობისა და სიზუსტის გამო, ეს პროგრამა საკმაოდ გამოსადეგი აღმოჩნდა მზის სისტემის შორეულ ობიექტთა საძებნელადაც, მათ შორის, ნეპტუნის ორბიტის გადაღმა.
შარშან, ამ მონაცემთა ანალიზის შედეგად, ასტრონომებმა 100-ზე მეტი ახალი, მცირე პლანეტა აღმოაჩინეს; ეს კატეგორია მოიცავს ობიექტებს, რომლებიც არც კომეტებია და არც პლანეტები.
ახალი კვლევა იმავე ჯგუფმა ჩაატარა, ოღონდ გაუმჯობესებული მეთოდით და შედეგად, კიდევ 461 ასეთი ობიექტი აღმოაჩინა. ამის შემდეგ, მკვლევრებმა ნეპტუნსგადაღმა ობიექტთა დაფიქსირების სიმულაციებიც ჩაატარეს, რათა საკუთარი შედეგებისთვის შეედარებინათ და ენახათ, იყო თუ არა მათი მეთოდი ზუსტი.
კოსმოსის ეს რეგიონი ფრიად მომაჯადოებელია. იქ ძალიან მცირე შანსია, რომ ობიექტთა ორბიტებზე რაიმემ იქონიოს გავლენა და ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ ნეპტუნსგადაღმა ობიექტები ადრეული მზის სისტემის დინამიკის კვალს ინარჩუნებენ. ამჟამინდელი მოდელების მიხედვით, იმ პერიოდში, როდესაც პლანეტები იბადებოდნენ და მოძრაობას იწყებდნენ, სისტემა დღევანდელისგან ძლიერ განსხვავებული უნდა ყოფილიყო.
როდესაც გიგანტური პლანეტები თავიანთ დღევანდელ ორბიტაზე დადგნენ, მათმა გრავიტაციულმა ურთიერთქმედებმა გავლენა იქონია ნეპტუნსგადაღმა ობიექტებზეც. შედეგად მიღებული ორბიტების შესწავლა შესაძლებელია იმ მოვლენათა რეკონსტრუქციით, რომლებმაც ეს ყველაფერი გამოიწვია; ვინაიდან ნეპტუნსგადაღმა ობიექტთა გროვებს ძლიერ განსხვავებული ორბიტები აქვთ, რაც უფრო მეტ მათგანს ვპოულობთ, მით უფრო ზუსტი ხდება რეკონსტრუქცია.
გარდა ამისა, ნეპტუნსგადაღმა ობიექტთა დიდი ნაწილის ორბიტა მართლაც უცნაურია. მათ ექსტრემალურ ნეპტუნსგადაღმა ობიექტებს უწოდებენ და მზისგან საშუალოდ 150 ასტრონომიული ერთეულით არიან დაშორებული (ასტრონომიული ერთეული არის საშუალო მანძილი მზესა და დედამიწას შორის). ზოგიერთი ასტრონომის აზრით, ექსტრემალური ნეპტუნსგადაღმა ობიექტები იმის მტკიცებულებაა, რომ მათზე რაღაც ახდებს გრავიტაციულ გავლენას — ჰიპოთეტური მეცხრე პლანეტა.
ასეთი ობიექტი ჯერ ბევრი არ გვიპოვნია და შესაბამისად, ყოველი ახალი აღმოჩენა მეცხრე პლანეტის პოვნის ან საერთოდ გამორიცხვის უკეთეს შანსს გვაძლევს. ახალი კატალოგი მათ რიცხვს ცხრა ახალ, ექსტრემალურ ნეპტუნსგადაღმა ობიექტს მატებს, რომელთაგან ოთხის ორბიტის მზისგან მაქსიმალური დაშორება 230 ასტრონომიულ ერთეულზე მეტია.
მკვლევრებმა რამდენიმე ისეთი ობიექტიც იპოვეს, რომლებსაც ორბიტული რეზონანსი აქვთ ნეპტუნთან; ეს მაშინ ხდება, როდესაც სხეულებს მარტივი პროპორციის ორბიტული პერიოდები აქვთ; ოთხი ახალი ნეპტუნის ტროიანი, ანუ ასტეროიდები, რომლებსაც პლანეტასთან საერთო ორბიტა აქვთ გრავიტაციულად სტაბილურ ლაგრანჟის წერტილში; მოზრდილი კომეტა, სახელად C/2014 UN271 (ბერნარდინელი-ბერნშტაინი) მზის მიმართულებით მოძრავ გზაზე; და გამორჩეულად „განცალკევებული“ ობიექტი, რომელსაც ასე იმიტომ უწოდებენ, რომ ნეპტუნს მასზე გავლენა არ აქვს და შესაბამისად, გააჩნია განსაკუთრებით დახრილი ორბიტული კუთხე მზის სისტემის სიბრტყის მიმართ.
მკვლევართა განცხადებით, მთელი ეს ახალი ინფორმაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჩვენს წარმოდგენას მზის სისტემის შესახებ. სხვათა შორის, სწორედ პროგრამა Dark Energy Survey-ს წყალობით არის აღმოჩენილი ამ დროისთვის ცნობილ ნეპტუნსგადაღმა ობიექტთა დაახლოებით 20 პროცენტი.
კვლევა AAS-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია arXiv-ზე.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.