როცა დიდი აფეთქებიდან ძალიან მალე დაბადებული ვარსკვლავების შესახებ გვესმის, როგორც წესი, გვატყობინებენ, რომ ისინი ძალიან შორს, ხილული სამყაროს კიდეებზე არიან. მაგრამ ამჯერად, ასტრონომებმა რაღაც ახალი შენიშნეს — დაახლოებით 13,5 მილიარდი წლის ვარსკვლავი, რომელიც აქ, ჩვენთან, ირმის ნახტომში მდებარეობს.
მისი სახელია 2MASS J18082002–5104378 B და შესალოა, ის ერთ-ერთი ყველაზე ბებერი ვარსკვლავი იყოს მთელ სამყაროში.
ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ის მეტალს შეიცავს. ძალიან ადრეულ სამყაროში მეტალები არ არსებობდა. ლითონები პირველი თაობის ვარსკვლავთა გულებში გამოიჭედა. სიცოცხლის დასასრულს, სუპერნოვას სახით აფეთქებისას, ეს მეტალები ამ ვარსკვლავებმა კოსმოსში გააფრქვიეს.
ამის შემდეგ, ეს მატერია ვარსკვლავთწარმომქმნელ პროცესშიც ჩაერთო, დაიბადნენ შემდგომი თაობის ახალი ვარსკვლავები, რომლებიც მეტალით სულ უფრო და უფრო მდიდრები ხდებოდნენ. რაც უფრო ახალგაზრდაა ვარსკვლავი, მით მეტია მასში მეტალის შემცველობა, ანუ მეტალიანობა.
2MASS J18082002–5104378 B-ის მეტალიანობა ყველაზე დაბალია ამ დრომდე აღმოჩენილ ვარსკვლავებს შორის — დედამიწის მეტალიანობის მხოლოდ 10 პროცენტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავებით გადაჭედილი დისკო შესაძლოა, აქამდე ნავარაუდევ 8-10 მილიარდ წელზე მეტი ხნისაა.
გარდა ამისა, ეს ვარსკვლავი საკმაოდ ციცქნაა — აქვს ჩვენი მზის მასის მხოლოდ 10 პროცენტი და იმყოფება იმ ქვედა ზღვრის კიდეზე, რომლის იქითაც წყალბადის სინთეზი უკვე აღარ მიმდინარეობს.
ასტროფიზიკოს ენდრიუ კეისის განცხადებით, ასეთი დაბალმასიანი და მეტალებით ასე მწირი ვარსკვლავი ჯერ არასოდეს აღმოუჩენიათ. მისი თქმით, ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ სამყაროს ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავები არც ისე მასიურები იყვნენ და სავარაუდოდ, ძალიან მცირე მოცულობის მატერიისგან წარმოიქმნენ.
2MASS J18082002–5104378 B-ის აღმოჩენა აქამდე სწორედ წარმოუდგენლად მცირე ზომის გამო ვერ ხერხდებოდა, რადგან ის უკიდურესად მკრთალია.
მაგრამ ამჯერად, ასტრონომებმა ის მისი ბინარული კომპანიონის წყალობით შენიშნეს. როცა მკვლევრები ამ ვარსკვლავს სწავლობდნენ, შეამჩნიეს 2MASS J18082002–5104378 B-ის მკრთალი მოძრაობა.
მეტალურმა სპექტროსკოპიურმა ანალიზებმა ცხადყო, რომ მასში რეკორდულად დაბალია მეტალთა შემცველობა. გარდა ამისა, ირმის ნახტომში მისი ორბიტის ანალიზმა ისიც დაადასტურა, რომ ის ჩვენს გალაქტიკაშია დაბადებული.
ეს აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს ძალიან ბებერ ვარსკვლავთა შესახებ ამჟამად არსებულ წარმოდგენებს. ირკვევა, რომ ისინი სულაც არ არიან უზარმაზარი, არც დიდი ხნის წინ მკვდარი და გამქრალი. ასეთი წარმოდგენები მეცნიერებს 1990-იანი წლების ბოლოდან ჰქონდათ.
მაგრამ სინამდვილეში, გათვლების მიხედვით დგინდება, რომ ციცქნა ვარსკვლავებს ტრილიონობით წელიწადს სიცოცხლე შეუძლიათ.
კეისის თქმით, მასიური ვარსკვლავები რესურსებს სწრაფად ხარჯავენ და ახალგაზრდები კვდებიან, მზის მასის 20%-ზე ნაკლების მქონეებს კი 13 მილიარდ წელიწადს სიცოცხლეც შეუძლიათ.
როგორც კეისი აღნიშნავს, ასტრონომებს დიდი ხნის განმავლობაში სჯეროდათ, რომ სამყაროს პირველი ვარსკვლავები მასიურები იყვნენ და შესაბამისად, დღემდე აღარც ერთ მათგანს უნდა მოეღწია. მაგრამ ეს აღმოჩენა ყველაფერს თავდაყირა აყენებს — უძველესი ვარსკვლავები შეიძლება, რომ იყოს ძალიან დაბალმასიანი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამყაროს ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავები დღემდე უნდა იყოს შემორჩენილი.
ირმის ნახტომში კიდევ სხვა რამდენიმე ბებერი ვარსკვლავიცაა აღმოჩენილი. მათ შორის არის გალაქტიკის ჰალოში მდებარე წითელი გიგანტი HE 1523-0901, იგივე მათუსალას ვარსკვლავი. გათვლების მიხედვით, მისი ასაკი 14,5 მილიარდი წელი უნდა იყოს, რაც წინააღმდეგობაში მოდის მთლიანად სამყაროს ასაკთან.
თუმცა, პატარა მასითა და დაბალი მეტალიანობით, 2MASS J18082002–5104378 B ყველა ასეთ ვარსკვლავს შორის გამორჩეულია. მისი შემადგენლობა ძალიან ახლოსაა იმ ნივთიერებებთან, რომლითაც სავსე იყო სამყარო დიდი აფეთქებიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ, სანამ მას რამდენიმე თაობის ვარსკვლავები გარდაქმნიდნენ.
ამის გამო, რომ 2MASS J18082002–5104378 B ასე პატარა ა მკრთალი ვარსკვლავია, ასტრონომები არ გამორიცხავენ, რომ მისი მსგავსი ვარსკვლავი ირმის ნახტომში და ზოგადად, მთელ სამყაროში კიდევ ბევრი იმალებოდეს.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.