აღმოჩენილია კოლიბრის ზომის ჭიანჭველას ნამარხი, რომელიც ბევრ კითხვას აჩენს უძველესი მწერების ზომების შესახებ — #1tvმეცნიერება
დაახლოებით 47 მილიონი წლის წინ, ჩრდილოეთ ამერიკის ტყეებში გიგანტური მტაცებელი ჭიანჭველების ჯგუფები მსხვერპლის საძებნელად დაძრწოდნენ.
სიტყვა „გიგანტური“ სულაც არ გახლავთ გადაჭარბებული. ზოგიერთ გიგანტურ კოლონიას, რომლებიც თანამედროვე უაიომინგის შტატის ტერიტორიაზე ბინადრობდნენ, კოლიბრის ზომის დედა ჭიანჭველები მართავდნენ.
აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე ამაზე დიდ ჭიანჭველებსაც უარსებიათ. დედამიწის ისტორიაში ჩვენთვის ცნობილი ყველაზე დიდი დედა ჭიანჭველას ნამარხი გერმანიაშია აღმოჩენილი. მისი მასა ჭინჭრაქასას უდრიდა, სიგრძეში ხუთ სანტიმეტრს აღემატებოდა, ფრთების შლილი კი 16 სანტიმეტრს. მეცნიერთა აზრით, მისი მუშა ჭიანჭველების არმია ნადირობდა ყველაფერზე, რაც გზად შეხვდებოდა, მათ შორის ხვლიკებზე, ძუძუმწოვრებზე და ფრინველებზე.
თანამედროვე ჭიანჭველათა მსგავსად, დიდი ალბათობით, ეს უძველესი მწერები ექტოთერმულები იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გარემოში საკმაო ოდენობის სითბოს გარეშე, მათ გადარჩენა უჭირდათ. ტემპერატურის ის მინიმუმი, რომლის ქვემოთაც ისინი ვერ განვითარდებიან, დიდწილად დამოკიდებულია მათივე სხეულის ზომაზე.
ცივი კლიმატის გასაძლებად, ცხოველებს საკუთარი ტემპერატურის შეცვლა შეუძლიათ მასის გაზრდით და კანის მინიმალიზებით, მაგრამ იმ ცხოველებს, რომლებსაც გარემოდან სითბოს შთანთქმა ესაჭიროებათ, ამას უკეთესად ახერხებენ უფრო დიდი ზედაპირითა და ნაკლები მასით. მაგალითად, დღეს დიდი დედა ჭიანჭველები ტროპიკების სიახლოვეს გვხვდება.
გამომდინარე აქედან, როგორ გადალახეს უძველესმა გიგანტურმა ჭიანჭველებმა ერთ დროს რუსეთისა და ალასკის დამაკავშირებელი ბერინგის ცივი სახმელეთო ხიდი ევროპიდან უაიომინგში მოსახვედრად?
2011 წლის კვლევის მიხედვით, ეს ზომიერი სახმელეთო ხიდი ოდესღაც მოიცავდა კლიმატკონტროლის „კარიბჭესაც“. გლობალური დათბობის ხანმოკლე პერიოდებში, ეს კარიბჭე შეიძლება იხსნებოდა და ჭიანჭველების მსგავს ცივსისხლიან ორგანიზმებს ერთი კონტინენტიდან მეორეზე კომფორტულად გადასვლის საშუალებას აძლევდა.
ახლად აღმოჩენილი უძველესი დედა ჭიანჭველას ნამარხი ამ ჰიპოთეზას ართულებს.
ისიც იმავე გვარს მიეკუთვნება, რომელსაც უაიომონგსა და გერმანიაში აღმოჩენილი გიგანტური ჭიანჭველები — ტიტანომირმას (Titanomyrma).
თუმცა, ეს კონკრეტული ეგზემპლარი კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში აღმოაჩინეს და ამ სახის პირველი ნამარხია, რომელსაც ასე ცივ კლიმატში მიაგნეს.
ვინაიდან დაქუცმაცებულია, მეცნიერებმა მისი ზომა დაზუსტებით არ იციან, მაგრამ არის შანსი, რომ ის უაიომინგელი თანამოძმის ზომის ყოფილიყო.
„იყო თუ არა პატარა სახეობა? მოერგო თუ არა ამ რეგიონის ცივ კლიმატს ზომის შემცირებით და მოხდა თუ არა გიგანტურ სახეობათა ამოღება, როგორც ეს 2011 წელს ვიწინასწარმეტყველეთ?“, — აინტერესებს კანადის საიმონ ფრაიზერის უნივერსიტეტის პალეონტოლოგ ბრიუს არჩიბალდს.
„ან იქნებ გიგანტურები იყვნენ და მცდარია ჩვენი იდეა გიგანტური ჭიანჭველების კლიმატური შემწყნარებლობის შესახებ, შესაბამისად, მათ მიერ არქტიკის გადაკვეთის შესახებ?“.
კანადური ტიტანომირმა კარგად შემონახული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ ხერხდება მისი მიკუთვნება რომელიმე სახეობისთვის, მაგრამ ასაკით ახლოს არის ევროპასა და უაიომინგში აღმოჩენილ ამ სახის სხვა ნამარხებთან.
განმარხების გზიდან გამომდინარე, სიცოცხლეში ეს ორგანიზმი 3 ან 5 სანტიმეტრის სიგრძის უნდა ყოფილიყო.
უხეში შეფასებით, ის უაიომინგელ თანამოძმეზე 65 პროცენტით პატარაა, რაც მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ გიგანტურ ჭიანჭველებს ცხელი კლიმატი ესაჭიროებათ და ბერინგის სახმელეთო ხიდის კლიმატური კარიბჭის გადაკვეთა მხოლოდ გლობალური დათბობის პერიოდში უნდა შესძლებოდათ.
უფრო სრულყოფილი გაზომვების მიხედვით კი, ეს უძველესი ჭიანჭველები სიცივისადმი უფრო შემწყნარებლურები უნდა ყოფილიყვნენ და სახმელეთო ხიდის გადაკვეთა ნებისმიერ დროს შეძლებოდათ.
ამ სცენარებს შორის უფრო მართებულის ამორჩევის ერთადერთი გზა მეტი ნამარხის პოვნაა.
კვლევა The Canadian Entomologist-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია sfu.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.