აღმოჩენილია კაცის ჩონჩხი, რომელიც ვულკან ვეზუვის ამოფრქვევას ზღვისკენ გაურბოდა, მაგრამ ვულკანურმა ღრუბელმა წამებში მოკლა — #1tvმეცნიერება
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კაცის ჩონჩხი, რომელიც ახ. წ. 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევას ემსხვერპლა. ნაშთები ახალ ცნობებს გვთავაზობს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვულკანური ამოფრქვევის შესახებ.
მკვლევართა აზრით, ეს კაცი 40-45 წლის უნდა ყოფილიყო; ის ძველრომაულ ქალაქ ჰერკულანუმში, ზღვიდან რამდენიმე ნაბიჯში მაშინ მოკვდა, როცა გაქცევას ცდილობდა.
თან მიჰქონდა ხის ყუთი, რომელშიც ბეჭედი იდო, ალბათ მისი ყველაზე ძვირფასი საკუთრება.
ვულკანი ვეზუვი დაახლოებით 2000 წლის წინ ამოიფრქვა და რამდენიმე რომაული ქალაქი გაანადგურა, მათ შორის პომპეი და ჰერკულანუმი.
ჩონჩხი ოქტომბერში მიმდინარე გათხრებისას აღმოაჩინეს, ფოტოები კი არქეოლოგებმა პირველად ახლა გამოაქვეყნეს.
„უკანასკნელი მომენტები აქ წამიერი, მაგრამ საშინელი იყო. დღის 1:00 საათზე, ვულკანის მიერ ამოფრქვეული პიროკლასტური ტალღა, რომლის ტემპერატურაც 300-400 გრადუსი იყო, ქალაქს მისწვდა. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ტემპერატურა შეიძლება 500-700 გრადუსსაც აღწევდა“, — ამბობს გათხრების ხელმძღვანელი ფრანჩესკო სირანო.
მისი განცხადებით, თეთრი, ცხელი ღრუბელი ზღვისკენ 100 კმ/სთ სიჩქარით მიიწევდა და იმდენად მკვრივი იყო, რომ საერთოდ არ შეიცავდა ჟანგბადს.
სირანოს თქმით, კაცის ძვლები სისხლით წითლად არის დასვრილი, რისი მიზეზიც მაგმის ნაკადის, ფერფლისა და გაზით გამოწვეული დამწვრობა გახდა.
„მთელი მისი ტანსაცმელი წამიერად უნდა დამწვარიყო, ხორცი კი აორთქლებულიყო. სიკვდილი მომენტალური უნდა ყოფილიყო“, — ამბობს ანთროპოლოგი და არქეოლოგი პიერპაოლო პეტრონე.
ჩონჩხის გარშემო აღმოჩნდა ძლიერ დანახშირებული მერქანი, მათ შორის სახურავის კოჭი, რომელიც მას თავზე უნდა დასცემოდა.
ჩონჩხი ზემოთ იყურება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მან თავი მისკენ მომავალი ვულკანური ღრუბლისკენ მიაბრუნა.
„ჰერკულანუმში აღმოჩენილ ადამიანთა უმეტესობა დაბლა იყურება, მაგრამ სავარაუდოდ, ეს კაცი ნავთან მიღწევას ცდილობდა და თან მისკენ 100 კმ/სთ სიჩქარით მომავალი ღრუბლისკენ იყურებოდა“, — ამბობს სირანო.
ჩონჩხი იქ აღმოაჩინეს, სადაც 1980-იან წლებში 300 სხვა ჩონჩხიც აღმოაჩინეს, მეთევზეთა თავშესაფარში; სავარაუდოდ, ისინი გადარჩენას პლინიუს უფროსის ფლოტისგან ელოდნენ.
მკვლევრები ახლა ამ კაცის ვინაობას იძიებენ და აინტერესებთ, რატომ არ იმყოფებოდა ის სხვებთან ერთად. სირანოს ვარაუდით, ის შეიძლება მაშველი ან ჯარისკაცი იყო და ხალხს ზღვით გაქცევაში ეხმარებოდა.
ასევე შესაძლებელია, რომ მან ჯგუფი დატოვა, გაიქცა და სამაშველო ნავზე ასვლას ცდილობდა.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ის მდიდარი არ უნდა ყოფილიყო, რასაც მოწმობს ის ბეჭედი, რომელიც მას თან ჰქონდა.
„მისი ბეჭედი მოწითალოა, ანუ რკინისაა, მაგრამ ყუთში არის რაღაც მწვანეც, სავარაუდოდ, ბრინჯაო. დიდი ალბათობით, ეს ყუთი მონეტების შესანახი იყო და მას თან მიჰქონდა ყველაფერი, რაც გააჩნდა“, — ამბობს არქეოლოგი ივან ვარიალე.
ათასობით წლის წინ, ჰერკულანუმი მდიდარ რომაელთა საყვარელი ზღვისპირა ქალაქი იყო. ამ უძველესი ქალაქის ნაშთები ამჟამად თანამედროვე იტალიურ ქალაქ ერკოლანოს ქვეშ იმალება.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.