აღმოჩენილია იხვის მსგავსი დინოზავრი ბატის კისრითა და ველოცირაპტორის ბრჭყალებით
ფრინველები რეინკარნირებული თანამედროვე დინოზავრები არიან.
მაგრამ ზოგიერთი თანამედროვე ფრინველი ცხოვრობს ისეთი წესით, რომელიც დინოზავრების სამეფოში არ შეგვინიშნავს. მაგალითად, იხვები წყალშიც სახლობენ და ხმელეთზე — იღებენ ორივე მათგანის უპირატესობას.
ამ დრომდე, მსგავსი თვისება არ გვინახავს დინოზავრებში. თუმცა, ყველაფერი შეიძლება შეცვალოს მონღოლეთში აღმოჩენილმა იხვის მსგავსმა დინოზავრმა.
ახალ დინოზავრს Halszkaraptor escuilliei უწოდეს და მისი აღმოჩენის შესახებ რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
პალეონტოლოგების მიერ შეწავლილი გამორჩეულად სრული ნამარხი ჩონჩხი მიუთითებს, რომ სავარაუდოდ, ის ნახევრად წყლის დინოზავრი უნდა ყოფილიყო, შესძლებოდა როგორც ცურვა, ისე ხმელეთზე სიარული.
„ეს გახლავთ პირველი დინოზავრი, რომლის ცხოვრების სტილიც წყლის ფრინველებისას ჰგავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დინოზავრებს შეეძლოთ ისეთ გარემოში ცხოვრება, რომელსაც აქამდე მხედველობაში არ ვიღებდით მათი ისტორიის ინტერპრეტირებისას“, — ამბობს კვლევის ავტორი ანდრეა კაუ, ბოლონიის უნივერსიტეტის გეოლოგიური მუზეუმის პალეონტოლოგი.
დოკუმენტის მიხედვით, ამ აღმოჩენის შედეგად, შესაძლებელი ხდება მსგავსი დინოზავრების ქვეოჯახის შექმნა. ოჯახში კარგად ჯდება იგივე რეგიონში აღმოჩენილი რამდენიმე სხვა ნამარხიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ევოლუციური ხის ერთსა და იმავე პატარა შტოს მიეკუთვნებიან.
„ეს აღმოჩენა ნათლად გვაჩვენებს თუ დინოზავრების რამდენი სახეობაა ჯერ კიდევ აღმოუჩენელი, ისე კარგად შესწავლილ რეგიონებშიც კი, როგორიც მონღოლეთია“, — წერენ კვლევის ავტორები.
ამ აღმოჩენისთვის მეცნიერებმა გამოიყენეს სკანირების მეთოდი, რომელსაც კაუ შემდეგნაირად აღწერს: „სკანირების ყველაზე მოწინავე ტექნოოგია, რაც კი ოდესმე ჩაუტარებიათ ნამარხებისთვის“, რათა მის შესახებ შეგროვილიყო 600 გიგაბაიტის მოცულობის ინფორმაცია ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის ნაწილობრივ ისევ ქანებში იყო ჩამარხული.
დინოზავრის ნაშთი 71-75 მილიონი წლის წინანდელია.
ძნელია იმის დამტკიცება, იყო თუ არა ეს ნამდვილად ნახევრად წყლის ქმნილება, მაგრამ ნამარხის ნიმუშს აქვს რამდენიმე ისეთი მახასიათებელი, რომლებიც ემთხვევა ნახევრად და სრულად წყლის რეპტილიებსა და ფრინველებს.
აქვს წყლის ფრინველთა მსგავსი მკლავები; ისეთი, როგორებსაც პინგვინი იყენებს ცურვისთვის. გარდა ამისა, ჰქონდა ბატის მსგავსი კისერი და ჩამწკრივებული კბილები.
მაგრამ აპკიანი ფეხების ნაცვლად, ჰქონდა თეროპოდთა ოჯახის მსგავსი თითები და ბრჭყალები. ამ ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ ველოცირაპტორები და ტირანოზავრი რექსი.
კაუს თქმით, სავარაუდოდ, დინოზავრი იკვებებოდა თევზებით, კიბოსნაირებით, პატარა რეპტილიებითა და ძუძუმწოვრებით. იგივე ზომის უნდა ყოფილიყვნენ ამ ქვეოჯახის სხვა წევრებიც.
აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული დინოზავრთა ისტორიის დიდი ნაწილი და პალეონტოლოგებს წინ მრავალი საინტერესო აღმოჩენა ელოდებათ.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით