ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ერთი მზეც სრულიად საკმარისია, მაგრამ სინამდვილეში, მზის სისტემა ამ მხრივ ფრიად უცნაური გამონაკლისია. ირმის ნახტომის ვარსკვლავთა უმეტესობას სულ მცირე ერთი სხვა კომპანიონი ვარსკვლავიც ყავს. ახლახან, ჩვენგან 1800 სინათლის წლით დაშორებულ სისტემაში, ასტრონომებმა საბოლოოდ დაადასტურეს გაზის გიგანტი პლანეტის არსებობა, რომელიც სამმაგი ვარსკვლავური სისტემის ერთ-ერთი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს.
ამ სისტემას KOI-5-ს უწოდებენ და მდებარეობს გედის თანავარსკვლავედის მიმართულებით. ეგზოპლანეტა იქ თითქმის ათი წლის წინ აღმოაჩინა კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა, მაგრამ მისი დადასტურება ახლაღა მოხერხდა.
უფრო მეტიც, პლანეტა, სახელად KOI-5Ab, კეპლერის მიერ აღმოჩენილი მეორე ეგზოპლანეტა იყო, როდესაც ტელესკოპმა ოპერირება დაიწყო, 2009 წელს. თუმცა, ეს აღმოჩენა მალე ყველას მიავიწყდა.
„KOI-5Ab ყველამ მიივიწყა, რადგან ის საკმაოდ რთული იყო და მის გარდა, კიდევ სხვა ათასობით კანდიდატი პლანეტა გვქონდა შესასწავლი. ისინი KOI-5Ab-ზე გაცილებით მარტივი საკვლევი იყო და კეპლერის მონაცემებში ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობდით. ამიტომ, KOI-5 სისტემისთვის არავის ეცალა“, — ამბობს NASA-ს ეგზოპლანეტურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტრონომი დევიდ კიარდი.
ეგზოპლანეტებზე მონადირეები მრავალვარსკვლავიან სისტემათა სირთულეებს ძირითადად თავს არიდებენ; ამ დროისათვის დადასტურებული 4300 ეგზოპლანეტიდან, 10 პროცენტზე ნაკლები მიეკუთვნება მრავალვარსკვლავიან სისტემას, მიუხედავად იმისა, რომ გალაქტიკაში ასეთი სისტემები დომინირებს. შედეგად, ეულ ვარსკვლავთა პლანეტებთან შედარებით, ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი მრავალვარსკვლავიან სისტემებში მდებარე პლანეტების შესახებ.
კეპლერის მიერ დაფიქსირების შემდეგ, კიარდიმ და სხვა ასტრონომებმა სისტემის შესასწავლად მიწისპირა ტელესკოპები გამოიყენეს. მათ შორის იყო პალომარის ობსერვატორია, კეკის ობსერვატორია და ჯემინის ჩრდილოეთის ტელესკოპი. 2014 წელს მათ გამოავლინეს ორი კომპანონი ვარსკვლავი — KOI-5B და KOI-5C.
სწორედ ამიტომ გახდა საკმაოდ რთული იმის გარკვევა, კეპლერის მირ ვარსკვლავის სინათლეში დაფიქსირებული ჩაბნელება ეგზოპლანეტის მიერ იყო გამოწვეული თუ რაღაც სხვა მიზეზით. პროექტი საკმაოდ გართულდა.
2018 წელს, NASA-მ კეპლერის მეკვიდრე, კოსმოსური ტელესკოპი TESS-ი გაუშვა. როდესაც TESS-მა გედის თანავარსკვლავედის კვლევა დაიწყო, ვარსკვლავ KOI-5A-თან ეგზოპლანეტობის კანდიდატი მანაც დააფიქსირა.
„ჩემთვის გავიფიქრე, ‘მახსოვს ეს სამიზნე’. თუმცა, ჩვენ გადაჭრით მაინც ვერ ვადგენდით, ეს მართლაც რეალური პლანეტა იყო თუ არეკვლა მონაცემებში, რომელიც სისტემის კიდევ ერთი ვარსკვლავიდან მოდიოდა — შეიძლება, იქ მეოთხე ვარსკვლავიც ყოფილიყო“, — ამბობს კიარდი.
მან და მისმა ჯგუფმა მუშაონა დაიწყეს, ხელახლა შეისწავლეს წინა მონაცემები. პლანეტებზე მონადირე ტელესკოპთა ბრწყინვალე შესაძლებლობათა წყალობით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დიახ, KOI-5A-ს გარშემო მართლაც ეგზოპლანეტა მოძრაობს, დამრეცი კუთხით, სამმაგი სისტემის სულ მცირე ერთი ვარსკვლავის გარშემო.
„ნამდვილად არ ვიცით ბევრი ისეთი პლანეტა, რომელიც სამმაგ ვარსკვლავურ სისტემებში არსებობს და ეს კონკრეტული პლანეტა ზედმეტად გამორჩეულია, რადგან მისი ორბიტა დამრეცია“, — აღნიშნავს კიარდი.
ამის შემდეგ, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს პლანეტა, სახელად KOI-5Ab, სავარაუდოდ არის გაზის გიგანტი, აქვს იუპიტერის მასის დაახლოებით ნახევარი და ზომით დედამიწაზე 7-ჯერ დიდია; თავის დედავარსკვლავის, KOI-5A-ს გარშემო ერთ შემოვლას ის ხუთ დღეს ანდომებს. სისტემის ორ ვარსკვლავს, KOI-5A-ს და KOI-5B-ს დაახლოებით მზის მასა აქვთ და ერთმანეთთან შედარებით ახლოს არიან — ერთმანეთის გარშემო ერთ შემოვლას ისინი დაახლოებით 30 წელიწადს ანდომებენ.
მესამე ვარსკვლავი, სახელად KOI-5C, ამ ორ ვარსკვლავს გარს უვლის შედარებით შორიდან, დაახლოებით 400 წელიწადში ერთხელ; შედარებისთვის, პლუტონს მზის გარშემო ერთი შემოვლისთვის 248 წელი სჭირდება.
გამომდინარე აქედან, პლანეტა KOI-5Ab-ზე რომ მოხვდეთ, ცაში დომინანტი იქნება ვარსკვლავი KOI-5A. რაც შეეხება მეორე ვარსკვლავს, KOI-5B-ს — ის ცაში დაახლოებით ისე გამოჩნდება, როგორც მზე სატურნიდან (სატურნს 29-წლიანი ორბიტა აქვს); მესამე ვარსკვლავი, KOI-5C კი ამ უცნაური პლანეტის ცაში უბრალოდ ძალიან კაშკაშა ვარსკვლავის სახით გამოჩნდება.
პლანეტა KOI-5Ab-ის ორბიტა არასწორადაა განლაგებული ვარსკვლავ KOI-5B-თან, რაც საკმაოდ საინტერესო დეტალია. თუ სისტემის ყველა ობიექტი მატერიის ერთი და იგივე დისკოდან არის წარმოქმნილი, მაშინ ისინი მეტნაკლებად ერთ სიბრტყეზე უნდა იყოს განლაგებული, ისე, როგორც მზის სისტემის პლანეტები მზის ეკვატორის გასწვრივ. მკვლევართა აზრით, ვარსკვლავმა KOI-5B-მ გრავიტაციულდ შეაშფოთა ეგზოპლანეტის ორბიტა და ის სწორი სიბრტყიდან პლანეტის ფორმირების დროსვე ამოაგდო.
ამ სცენარზე მიუთითებს სხვა მტკიცებულებაც. შარშან ასტრონომებმა აღმოაჩინეს სამმაგი სისტემა, რომელსაც ძლიერ მორყეული პროტოპლანეტური დისკო აქვს. ნებისმიერ პლანეტას, რომელიც იქ დაიბადება, საკმაოდ უცნაური ორბიტა ექნება.
მიუხედავად იმისა, რომ სამმაგ სისტემებში ბევრი ეგზოპლანეტა არ გვაქვს აღმოჩენილი, უფრო მეტის აღმოჩენა ასტრონომებს ახალი მოდელების შექმნასა და ასეთ სისტემებში მიმდინარე პროცესთა უცნაური დინამიკის გარკვევაში დაეხმარება.
„ჯერ კიდევ ბევრი კითხვა გვაქვს იმის შესახებ, როგორ და როდის წარმოიქმნება პლანეტები მრავალვარსკვლავიან სისტემებში და როგორ შეედარება მათი მახასიათებლები ერთვარსკვლავიანი პლანეტებისას. ამ სისტემის დეტალურად შესწავლა ალბათ ძალიან ბევრს გვეტყვის სამყაროში პლანეტათა წარმოქმნის შესახებ“, — ამბობს NASA-ს ეგზოპლანეტურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტრონომი დევიდ კიარდი.
აღმოჩენა მეცნიერებმა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების 237-ე შეხვედრაზე წარმოადგინეს.
მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.