ყველაზე ექსტრემალური ეგზოპლანეტა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის — #1tvმეცნიერება
ყველაზე ექსტრემალური ეგზოპლანეტა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის — #1tvმეცნიერება

ასტრონომებმა დეტალური დაკვირვებები ჩაუტარეს წარმოუდგენლად ექსტრემალურ ეგზოპლანეტას, რომლის ზედაპირის ტემპერატურაც 3200 გრადუს ცელსიუსამდე აღწევს.

ტემპერატურა ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრმა CHEOPS-მა გაზომა; საკმარისია, რათა ქანები და ლითონები არა მხოლოდ გადნეს, არამედ აირად ფორმაშიც გადავიდეს.

ამ ეგზოპლანეტას სახელად WASP-189b ეწოდება და მიუხედავად იმისა, რომ მისი ზედაპირის ტემპერატურა ჩვენი მზისაზე ნაკლებია, დაახლოებით ისეთივე ცხელია, როგორც ზოგიერთი ჯუჯა ვარსკვლავი.

ახალმა აღმოჩენებმა WASP-189b დაუყოვნებლივ აქცია ამ დრომდე აღმოჩენილ ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ პლანეტად. თავის დედავარსკვლავის გარშემო ის 2,7 დღეში ერთხელ მოძრაობს, მის ერთ მხარეს მუდმივად „დღეა“, მეორე მხარეს კი „ღამე“; ამავე დროს, ის გიგანტურიც არის — იუპიტერზე დაახლოებით 1,6-ჯერ დიდი.

„WASP-189b განსაკუთრებული ინტერესის საგანია, რადგან ის არის გაზის გიგანტი, რომელიც დედავარსკვლავს ძალიან ახლოდან უვლის გარშემო. ერთი გარშემოვლისთვის მას სამ დღეზე ნაკლები სჭირდება და თავის ვარსკვლავთან 20-ჯერ უფრო ახლოს არის, ვიდრე დედამიწა მზესთან“, — ამბობს ჟენევის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი მონიკა ლენდლი.

დედავარსკვლავს HD 133112 ჰქვია და ის ჩვენს მზეზე 2000 გრადუსი ცელსიუსით უფრო ცხელია; ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ვარსკვლავია მათ შორის, რომელთა გარშემოც პლანეტა გვაქვს აღმოჩენილი. CHEOPS-მა საინტერესო აღმოჩენა მის შესახებაც გააკეთა — ვარსკვლავი იმდენად სწრაფად ბრუნავს, რომ ეკვატორთან მისი მატერია გარეთ იწევს.

პლანეტა WASP-189b ჩვენგან ძალიან შორს და თავის ვარსკვლავთან (HD 133112) იმდენად ახლოს არის, რომ შეუძლებელია პირდაპირი დაკვირვება. თუმცა, კოსმოსურმა ტელესკოპმა CHEOPS-მა ამისათვის გარკვეული ხრიკები იცის. პირველ რიგში, ეგზოპლანეტას ის მაშინ დააკვირდა, როცა მან ვარსკვლავის უკან გაიარა — რასაც დაჩრდილვას უწოდებენ. ამის შემდეგ, WASP-189b-ს ის ვარსკვლავის წინ გავლისას, ანუ ტრანზიტისას დააკვირდა.

ამ მონაცემებით, მეცნიერებმა დაადგინეს ეგზოპლანეტის სიკაშკაშე, ტემპერატურა, ზომა, ფორმა და ორბიტული მახასიათებლები, ასევე მიიღეს გარკვეული ცნობები მისი დედავარსკვლავის შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ ის იუპიტერის მასშტაბის, მაგრამ თავის დედავარსკვლავთან უფრო ახლოს მდებარე პლანეტაა, მიეკუთვნება ე. წ. ცხელი იუპიტერების ტიპის პლანეტებს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ CHEOPS-ის მიერ WASP-189b-ის შესახებ შეგროვებული ინფორმაცია გააუმჯობესებს ჩვენს წარმოდგენას ზოგადად ცხელ იუპიტერებზე.

„ასეთი ცხელი ვარსკვლავების გარშემო მოძრავი მხოლოდ რამდენიმე პლანეტის შესახებ ვიცით და ეს სისტემა მათ შორის ყველაზე გამორჩეულია. ამავე დროს, WASP-189b ყველაზე კაშკაშა ცხელი იუპიტერია, რომელსაც დედავარსკვლავის წინ ან უკან ჩავლისას შეგვიძლია დავაკვირდეთ, რაც ამ სისტემას ნამდვილად დამაინტრიგებელს ხდის“, — ამბობს ლენდლი.

CHEOPS-ის აღმოჩენების შემდეგ ჩნდება რამდენიმე კითხვა, მათ შორის — როგორ გაჩნდა WASP-189b? როგორც მისი დახრილი ორბიტა მიუთითებს, ის ვარსკვლავისგან საკმაოდ შორს დაიბადა, მაგრამ შემდეგ ახლოს მივიდა.

გარდა იმისა, რამდენი სიახლე მოგვაწოდა ახალმა კვლევამ, ამავე დროს დაადასტურა ისიც, რომ კოსმოსური ტელესკოპი CHEOPS-ი ზუსტად ისე მუშაობს, როგორც ასტრონომებს სურდათ — უპრეცედენტო სიზუსტით ზომავს სიკაშკაშეს ღრმა კოსმოსშიც კი. ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ის 2019 წლის დეკემბერში გაუშვა.

თანამგზავრს წინ კიდევ მრავალი მისია ელოდება — ახლო დაკვირვებათა რიგში უკვე ასობით ეგზოპლანეტა დგას. მის მიერ შეგროვებული მონაცემები კიდევ უფრო მეტს გვასწავლის ჩვენი მზის სისტემისა და მის მიღმა არსებულ პლანეტურ სისტემათა შესახებ.

კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია esa.int-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.