ნასას მეცნიერებმა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელიც მდებარეობს იქ, სადაც წესით, ვერცერთი პლანეტა ვერ უნდა გადარჩენილიყო.
სააგენტოს ეგზოპლანეტებზე მონადირე ტელესკოპმა TESS-მა, რომელიც კოსმოსში შარშან გაუშვეს, უკვე აღმოაჩინა რამდენიმე უცნაური რამ, მათ შორის ეგზოკომეტები, ეგზოპლანეტა, რომლის ცაშიც სამი მზე კაშკაშებს, შავი ხვრელი, რომელიც ვარსკვლავს ჭამს და ა. შ. თუმცა, ეს ახალი აღმოჩენა ნამდვილი თავსატეხია, რადგან ჩანს, რომ ეგზოპლანეტა ნამდვილად მდებარეობს ისეთ ადგილას, სადაც უკვე დიდი ხნის დამწვარი უნდა იყოს თავის დედავარსკვლავის მიერ.
პლანეტა გაზის გიგანტის ტიპისაა, არის იუპიტერზე 8,2-ჯერ მასიური და გარს უვლის წითელ გიგანტ ვარსკვლავ HD 203949-ს.
პრობლემა ის არის, რომ პორტუგალიის ასტროფიზიკისა და კოსმოსურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტრონომთა მიერ ჩატარებული ასტროსეისმოლოგიური დაკვირვებების მიხედვით, მისი ვარსკვლავი უკვე სიკვდილის პირასაა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმყოფება წერტილში, როცა უკვე მოიცილა გარე ფენები, თავდაპირველ ზომასთან შედარებით გაცილებით გაფართოვდა და კვლავ შეიკუმშა. ეგზოპლანეტას მის გარშემო ერთი შემოვლისთვის 184,2 დღე სჭირდება და ორბიტა მოქცეულია ვარსკვლავის მიერ გაფართოებულ ატმოსფერულ დიამეტრს შიგნით. საინტერესოა, როგორ გადარჩა ამ სასტიკ გარემოში პლანეტა?
ასტროსეისმოლოგია შეისწავლის რხევებს ვარსკვლავის ზედაპირზე, მისი წიაღის სტრუქტურის შესწავლის მიზნით. ზუსტად ისე, როგორც მიწისძვრას შეუძლია გამოავლინოს, რა ხდება დედამიწის წიაღში, ვარსკვლავის ზედაპირზე დაფიქსირებული რხევებიც გვეუბნება, როგორ მოძრაობს მასში ბგერის ტალღები.
შედეგად, ეს მონაცემები საკვანძო ცნობებს გვაწვდის ვარსკვლავის შესახებ; მაგალითად, მის ზომას, მასასა და ასაკს. TESS-ი ასტროსეისმოლოგიის ხელსაწყოებით აღჭურვილია, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა, როცა ობსერვატორიამ ეს მეთოდი გამოიყენა ვარსკვლავებისთვის, რომელსაც უკვე ვიცით, რომ ეგზოპლანეტები ჰყავს.
დაკვირვებები ორ ვარსკვლავზე ჩატარდა – HD 203949-სა და მის პლანეტა HD 203949 b-ზე; და ყვითელ ქვეგიგანტ HD 212771-ზე, რომელსაც გარს ივლის იუპიტერზე 2,3-ჯერ მასიური გაზის გიგანტი პლანეტა.
მკვლევართა ჯგუფის წევრის, ტიაგუ კამპამატის განცხადებით, TESS-ის დაკვირვებები იმდენად ზუსტია, რომ შესაძლებელია გავზომოთ მსუბუქი პულსაციები ვარსკვლავთა ზედაპირზე. ამ ორ ვარსკვლავს პლანეტებიც ჰყავს და შესაბამისად, იდეალური სატესტო მაგალითებია პლანეტური სისტემების ევოლუციის კვლევებისათვის.
ასტროსეისმოლოგიური მონაცემების გამოყენებით, ჯგუფმა გამოთვალა ვარსკვლავების ზომა, მასა და და ასაკი. ირკვევა, რომ HD 203949-ს იმაზე გაცილებით დაბალი მასა აქვს, ვიდრე მიიჩნეოდა. ანუ, მან მასის დიდი ნაწილი უკვე დაკარგა და იმყოფება სასიცოცხლო ციკლის იმ ეტაპზე, რომ ისე ახლოს პლანეტა აღარ უნდა ჰყავდეს, როგორც ახლა ჰყავს HD 203949 b.
გარდა HD 203949 სისტემისა, გაზის გიგანტი პლანეტები დედავარსკვლავთან საკმაოდ ახლოს სხვა სისტემებშიცაა. იმდენად ახლოს, რომ იქ ვერც უნდა წარმოქმნილიყვნენ, რადგან პლანეტის წარმოქმნისთვის საჭირი მატერია ვარსკვლავის გრავიტაციას, ქარებსა და რადიაციას უნდა დაეწვა და გაენადგურებინა.
თუმცა, როგორც მოდელები გვთავაზობს, შესაძლებელია, ეს გაზის გიგანტები სისტემის გარე ნაწილში წარმოიქმნენ, მაგრამ შემდეგ, ნელ-ნელა, სპირალური მოძრაობით შიდა მიმართულებით წავიდნენ და დედავარსკვლავს ასე მიუახლოვდნენ. როგორც მტკიცებულებები მიუთითებს, ასე მოხდა იუპიტერის შემთხვევაშიც.
გამომდინარე აქედან, შესაძლოა, HD 203949b-იც გაცილებით შორს დაიბადა, და დედავარსკვლავთან ასე ახლოს მხოლოდ მას შემდეგ მივიდა, რაც ეს უკანასკნელი მაქსიმალურ ზომამდე გაფართოვდა, შემდეგ კი კვლავ შეიკუმშა.
პორტუგალიის ასტროფიზიკისა და კოსმოსურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტრონომის, კვლევის თანაავტორ ვარდან ადიბეკიანის განცხადებით, ამ სამეცნიერო დილემიდან გამოსავალი იმალება იმ „მარტივ ფაქტში“, რომ ვარსკვლავები და მათი პლანეტები არა მხოლოდ ერთობლივად წარმოიქმნებიან, არამედ ერთობლივად ვითარდებიან კიდეც.
მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვარსკვლავმა თავიდან აიცილა საკუთარი პლანეტის შთანთქმა.
ამ კვლევამ გვაჩვენა არა მხოლოდ მომაჯადოებელი პლანეტა, არამედ წარმოაჩინა TESS-ის ის პოტენციალიც, რომელსაც ის ასტროსეისმოლოგიის საშუალებით პლანეტების კვლევისათვის ფლობს.
მკვლევართა თქმით, ეს მოცემულობა თავის მხრივ დაგვეხმარება პლანეტებისა და მათი ევოლუციის უკეთ შესწავლაში; მაგალითად, უფრო ზუსტად დავადგენთ ვარსკვლავის რადიუსს, რაც გადამწყვეტია მასა და ჩვენს შორის ჩავლილი პლანეტის ზუსტი რადიუსის დასადგენად.
გარდა ამისა, HD 203949-ის ასაკის დადგენა მეცნიერებს დაეხმარა მისი უჩვეულო პლანეტის ორბიტული ისტორიის გარკვევაში.
როგორც ვარდან ადიბეკიანი აღნიშნავს, ეს კვლევა ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად არის ერთმანეთთან დაკავშირებული ვარსკვლავური და ეგზოპლანეტური ასტროფიზიკა ერთმანეთთან.
ვარდან ადიბეკიანი ახალგაზრდა სომეხი ასტრონომია, რომელიც პორტუგალიის ასტროფიზიკისა და კოსმოსურ მეცნიერებათა ინსტიტუტში მოღვაწეობს.
კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია iastro.pt-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.