აღმოჩენილია დინოზავრის ნამარხი, რომელიც სავარაუდოდ, ასტეროიდის დაცემის დღეს მოკვდა — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია დინოზავრის ნამარხი, რომელიც სავარაუდოდ, ასტეროიდის დაცემის დღეს მოკვდა — #1tvმეცნიერება

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს დინოზავრის ნამარხი, რომელიც 66 მილიონი წლის წინ, იმ ასტეროიდის დაცემის დღეს მოკვდა, რომელმაც დედამიწაზე მასობრივი გადაშენება გამოიწვია.

მეცნიერთა განცხადებით, ტესცელოზავრი დინოზავრის ფეხი, რომელიც ქერცლოვანი კანით არის დაფარული, მასობრივი გადაშენების მოვლენის დღით თარიღდება, რადგან ნამარხი შეიცავს ასტეროიდის დაცემის შედეგად ამოტყორცნილ ნარჩენებს.

ფართოდ არის მიჩნეული, რომ 12 კმ სიგანის, ანუ დაახლოებით ევერესტის მთის ზომის ასტეროიდი, თანამედროვე მექსიკის ყურის ტერიტორიაზე ჩავარდა და გამოიწვია დედამიწის ყველა არამფრინავი დინოზავრის გადაშენება.

BBC-ის მომავალ დოკუმენტურ ფილმში განხილულია ჩრდილოეთ დაკოტის შტატის ძეგლ ტანისზე აღმოჩენილი ნამარხები. მათ შორის არის ტესცელოზავრი დინოზავრის ფეხი, რომელსაც ამ ვიდეოში ნახავთ და ტრიცერატოფსი დინოზავრის კანი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ.

ძეგლი მდიდარია კარგად შემონახული ნამარხებით, მათ შორის თევზის და კუს, ასევე აღმოჩენილია კვერცხში განმარხებული პტეროზავრი დინოზავრის ემბრიონიც კი.

მეცნიერთა აზრით, ამ ძეგლზე აღმოჩენილი ნამარხი თევზების ლაყუჩებში ნაპოვნი, გამდნარი ქანის ციცქნა, მინის მსგავსი ნაწილაკები ასტეროიდის ფეთქებადი დაცემის შედეგად არის ამოტყორცნილი.

„ამ ძეგლზე ძალიან ბევრ ისეთ დეტალს მივაგენით, რომლებიც დეტალურად მოგვითხრობს, თუ რა მოხდა, თითქოს ფილმს უყურებდე“, — ამბობს ტანისის გათხრების ხელმძღვანელი, მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარი რობერტ დეპალმა.

პროფესორი ფილ მენინგი BBC Radio-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აღმოჩენა წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, ისეთი, როგორზეც თავის კარიერაში ვერც კი იოცნებებდა.

„დროის ის რეზოლუცია, რომელსაც ამ ძეგლის წყალობით შეგვიძლია მივაღწიოთ, ჩვენს ყველაზე თამამ ოცნებებსაც კი სცდება. დაუჯერებელია, რომ ის არსებობს და წარმოუდგენლად მშვენიერია“, — ამბობს მენინგი.

დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მას დევიდ ეტენბორო წარმოგვიდგენს და ეთერში 15 აპრილს გავა.

აღმოჩენა იმდენად ზღაპრულია, რომ სკეპტიციზმი გამოიწვია.

BBC-ს დოკუმენტურ ფილმში, მკვლევარი რობერტ დეპალმა, რომელიც ფილმის რეჟისორის, ბრაიან დეპალმას ნათესავია, ინდიანა ჯონსის სტილის ქუდსა და მაისურში ჩნდება.

ტანისის აღმოჩენები და დეპალმას ნაშრომები წლების განმავლობაში იწვევდა კამათს.

როგორც წესი, პალეონტოლოგები ნამარხებზე საკუთარ უფლებებს და კურირებას სხვადასხვა ინსტიტუციებს უთმობენ, მაგრამ დეპალმა, რომელსაც ამ ძეგლზე გაკეთებულ აღმოჩენებამდეც აქვს მიღებული რამდენიმე აკადემიური ჯილდო, დაჟინებით მოითხოვს ხელშეკრულებას, რომელიც მას ამ ნიმუშებზე ზედამხედველობის უფლებას მისცემს.

მას შემდეგ გამოქვეყნდა რამდენიმე გადაუხედავი პუბლიკაცია, მიმდინარე გათხრები კი უფრო იმედისმომცემი ჩანს. ნიმუშების შემოწმებაში ჩართული არიან გარე კონსულტანტებიც.

დინოზავრის ნამარხი ფეხი დაათვალიერა ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის პროფესორმა პოლ ბარეტმაც, რომელიც აცხადებს, რომ ის ტესცელოზავრს ეკუთვნის, რომელიც მეტნაკლებად მყისიერად უნდა მომკვდარიყო.

„მიეკუთვნება ჯგუფს, რომელთა კანის შესახებ აქამდე არანაირი ნამარხი არ გვქონდა. ეს ნამარხი კი ძლიერ გადაჭრით გვიჩვენებს, რომ ეს ცხოველები ძლიერ ქერცლიანი ხვლიკები იყვნენ. ხორცისმჭამელ თანამოძმეთაგან განსხვავებით, არ ჰქონდათ ბუმბულები“, — ამბობს ბარეტი.

თუმცა, ფილმის კონსულტანტი, ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი სტივ ბრუსატი ამბობს, რომ დინოზავრის შესახებ აღმოჩენასთან დაკავშირებით ის სკეპტიკურად არის განწყობილი და ისურვებდა ჰიპოთეზებს, რომლებიც რეზენცირების სიმკაცრეს გაივლის.

„ლაყუჩებში მინის სფერულების მქონე თევზების ნამარხები ნამდვილად ასტეროიდის სავიზიტო ბარათებია. მაგრამ რაც შეეხება ზოგიერთ სხვა პრეტენზიას, ვიტყოდი, რომ შეიცავს ბევრ ირიბ მტკიცებულებას, რომლებიც ჯერ გადამოწმებული არ არის“, — აღნიშნავს ბრუსატი.

პროფესორ ბრუსატის განცხადებით, არ არის გამორიცხული, ზოგიერთი ცხოველი ასტეროიდის დაცემამდე მოკვდა, მაგრამ დარტყმის შედეგად ზედაპირზე ამოვარდა და კვლავ ჩაიმარხა.

თუმცა, ბრუსატი იმასაც აღნიშნავს, რომ ნამარხების ხარისხი აჭარბებს დავას მოვლენის დროის შესახებ.

ნამარხი კვერცხის ემბრიონი

„ზოგიერთი ამ აღმოჩენის შემთხვევაში, რა მნიშვნელობა აქვს, ისინი უშუალოდ ასტეროიდის დაცემის დღეს დაიხოცნენ თუ უფრო ადრე? პტეროზავრის კვერცხში აღმოჩენილი ემბრიონი უიშვიათესია, მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში მისი მსგავსი არაფერია. მას ასტეროიდის დაცემის დღესთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს“, — ამბობს BBC-ის ახალი დოკუმენტური ფილმის კონსულტანტი, ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი სტივ ბრუსატი.

მომზადებულია BBC-ისა და Business Insider-ის მიხედვით.