ზოგჯერ პლანეტებს ზუსტად იქ ვპოულობთ, სადაც ნაკლებად ველოდებით — მაგალითად, კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის უკვე დამუშავებულ მონაცემებში.
სწორედ ამ მონაცემებში იპოვეს ასტრონომებმა ნამდვილი საგანძური — დედამიწის ზომის 18 ეგზოპლანეტა, რომელთაგან ერთი შესაძლოა, სიცოცხლისთვის ხელსაყრელიც იყოს.
ახლად აღმოჩენილ პლანეტებს შორის უდიდესი დედამიწაზე ორჯერ დიდია, ყველაზე პატარას კი ჩვენი პლანეტის ზომის 69 პროცენტი აქვს. ისინი იმდენად პატარებია, რომ წინა კვლევების დროს მეცნიერებს უბრალოდ გამორჩათ, თუმცა, მათი პოვნა ახალი ტექნოლოგიების წყალობით ამჯერად მაინც მოხერხდა.
შედეგად, არ არის გამორიცხული, გალაქტიკაში დედამიწის ზომის კიდევ ბევრი სხვა პლანეტა ვიპოვოთ.
ამ დროისათვის, პლანეტებზე მონადირე სხვადასხვა მისიებს ჯამში აღმოჩენილი აქვთ 3970 ეგზოპლანეტა. უმეტესი მათგანი უზარმაზარია. მათი დაახლოებით 96 პროცენტი დედამიწაზე მნიშვნელოვნად დიდია; გარდა ამისა, აღმოჩენილ ეგზოპლანეტათა დიდი ნაწილი გაზის გიგანტთა კატეგორიას მიეკუთვნება, სატურნის, ნეპტუნისა თუ იუპიტერის მსგავსად.
თუკი საბაზისოდ ჩვენს მზის სისტემას ავიღებთ, სამყაროში უნდა არსებობდეს გაცილებით მეტი კლდოვანი, დედამიწის მსგავსი პლანეტა. მზის სისტემაში ასეთი ოთხია — დედამიწა, ვენერა, მერკური და მარსი. ეს კი სისტემის პლანეტების ნახევარია (ასევე უნდა აღინიშნოს ჯუჯა პლანეტები, მაგალითად, პლუტონი, ჰაუმეა და ცერერა).
გამომდინარე აქედან, მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ სამყაროში გაცილებით ბევრი კლდოვანი პლანეტაა. მიჩნეულია, რომ ზომის ზედა ზღვარი კლდოვანი პლანეტებისათვის დედამიწის ორი დიამეტრი უნდა იყოს. კეპლერის მონაცემების დამუშავებისას გამოყენებულ ძებნის ალგორითმს ამაზე პატარა პლანეტების დაფიქსირება არ შეუძლია.
პლანეტების აღმოსაჩენად კეპლერი ტრანზიტის მეთოდს იყენებდა, ანუ ეძებდა მკრთალ ჩაბნელებებს ვარსკვლავთა სინათლეში, რაც მათ წინ პლანეტები ჩავლით არის გამოწვეული. როგორც წესი, ამ მონაცემთა დამუშავებისას გამოყენებული ალგორითმი ფოკუსირებულია უცაბედ, აშკარა ჩაბნელებებზე, რასაც დიდი პლანეტები იწვევს. პატარა, კლდოვან პლანეტათა მიერ გამოწვეული ჩაბნელებები კი ხშირად შეუმჩნეველი რჩებოდა.
მაქს პლანკის მზის სისტემის კვლევათა ინსტიტუტის ასტროფიზიკოსის, რენე ელერის განმარტებით, ვარსკვლავური დისკო კიდეებზე ოდნავ მუქი ჩანს, ვიდრე ცენტრში. როცა პლანეტა ვარსკვლავის წინ მოძრაობს, ის შედარებით ნაკლებ სინათლეს ბლოკავს, ვიდრე ტრანზიტის შუაგულში. ვარსკვლავის მაქსიმალური ჩაბნელება ხდება ტრანზიტის შუაგულში.
დიდი პლანეტების შემთხვევაში ჩაბნელება უფრო აშკარაა. რაც შეეხება პატარა პლანეტებს, ხშირად საკმაოდ რთულია მათ მიერ წარმოქმნილი ჩაბნელებების გარჩევა ვარსკვლავის სინათლის დონის ჩვეულებრივი რყევებისგან.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მკვლევართა ჯგუფმა გადაწყვიტა გამოეყენებინა ალგორითმი, რომელიც უფრო თანდათანობით ჩაბელებას ეძებს. ალგორითმი მათ კეპლერის მიერ შესწავლილ 517 ვარსკვლავის მონაცემებს მოარგეს.
შედეგი? 19 ახალი ეგზოპლანეტა.
რაც შეეხება სიცოცხლისუნარიანობას, სამწუხაროდ, ამ პლანეტათა უმეტესობა დედავარსკვლავთან საკმაოდ ახლოს მოძრაობს და შესაბამისად, ზედაპირის ტემპერატურა 100 გრადუს ცელსიუსზე მაღალი უნდა ჰქონდეთ. ერთი პლანეტის შემთხვევაში, ტემპერატურა 1000 გრადუსსაც აჭარბებს.
ერთადერთი გამონაკლისია პლანეტა სახელად EPIC 201238110.02, რომელიც ცივი წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო, სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს. ვარსკვლავთა გარშემო არსებულ ასეთ ზონებში ტემპერატურა ზომიერია და ხელსაყრელია იქ მოძრავ პლანეტათა ზედაპირზე თხევადი წყლის შესანარჩუნებლად.
ასეთი პლანეტები რა თქმა უნდა, აქამდეც გვიპოვია, ძირითადად წითელი ჯუჯების გარშემო. თუმცა, ამ ტიპის ვარსკვლავებს სხვა პრობლემები ახასიათებს. ამჟამად არსებული ტექნოლოგიები ძირითადად ვარსკვლავის ახლოს მოძრავი პლანეტების დაფიქსირების საშუალებას იძლევა; ახლო ორბიტები კი სიცოცხლისთვის ყველაზე ხელსაყრელი წითელი ჯუჯების გარშემოა, რომ არა ერთი გარემოება — ამ ვარსკვლავებს ახასიათებთ დიდი ამოფრქვევები, ანუ რადიაცია, რომელიც ახლომდებარე პლანეტებისათვის შეიძლება მომაკვდინებელი იყოს.
კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა მრავალწლიანი მისიის განმავლობაში მონაცემები შეაგროვა ასობით ათასი ვარსკვლავის შესახებ. ეჭვგარეშეა, რომ ახალი ალგორითმი ამ მონაცემებში კიდევ მრავალ პლანეტას იპოვის.
მომზადებულია mps.mpg.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.