ხელოვნურმა ინტელექტმა ორი ახალი პლანეტა აღმოაჩინა
ხელოვნურმა ინტელექტმა ორი ახალი პლანეტა აღმოაჩინა

ტეხასის უნივერსიტეტის ასტრონომებმა „გუგლთან“ თანამშრომლობით, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემთა დასამუშავებლად. შედეგად, აღმოაჩინეს ორი ახალი ეგზოპლანეტა. ეს მეთოდი საკმაოდ იმედისმომცემია და იძლევა მრავალი ახალი ეგზოპლანეტის აღმოჩენის საშუალებას.

კვლევის ფარგლებში, ასტრონომებმა შექმნეს ალგორითმი, რომელიც „ცრის“ კეპლერის იმ სიგნალებს, რომლებიც პლანეტებზე ნადირობის ტრადიციულ მეთოდებს გამორჩა.

მკვლევართა ჯგუფში ასევე იყო ნასას მკვლევარი ენდრიუ ვანდერბურგი და „გუგლის“ ინჟინერი კრისტოფერ შალუ. 2017 წელს, ვანდერბურგმა და შალუმ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პირველად აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა კეპლერის ერთ-ერთ პლანეტასთან; მანამდე, ამ პლანეტის გარშემო ტრადიციული მეთოდით აღმოჩენილი იყო შვიდი პლანეტა. ამ აღმოჩენამ დაადასტურა, რომ მზის გარდა, სხვა ვარსკვლავებსაც შეიძლება ჰყავდეს ამდენი პლანეტა.

კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მეორე, გახანგრძლივებული მისიის, სახელად K2-ის ფარგლებში ასტრონომებმა ათასობით ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, ამდენიმე კი დადასტურებას ელის. საინტერესოა, რაღატომ სჭირდებათ მკვლევრებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება?

ვანდერბურგის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი მონაცემთა ბაზებში ერთფეროვნად ეძებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყოველ ვარსკვლავს გარშემო ჰყავს დედამიწის ზომის პლანეტა, კეპლერით დაკვირვებისას მათი აღმოჩენა ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ამის მიზეზი ისაა, რომ მონაცემთა გარკვეული ნაწილი საკმაოდ „დაბინძურებულია“ სხვა სიგნალებით ან ზოგჯერ, პლანეტა ხელსაყრელ პოზიციაში არაა განთავსებული. შესაბამისად, საჭიროა ამ ხარვეზთა გამოსწორება. ამ მიზეზთა გამო, მრავალი პლანეტის აღმოჩენა ამჟამად შეუძლებელია.

ახლად აღმოჩენილი ორი პლანეტა ძალიან ტიპურია კეპლერის K2 მისიის ფარგლებში ნაპოვნ პლანეტათათვის. მოძრაობენ დედავარსკვლავთან ძალიან ახლოს, აქვთ მოკლე ორბიტული პერიოდი და გამოირჩევიან მაღალი ტემპერატურით. დედამიწას ზომით ოდნავ აღემატებიან.

მათგან ერთს K2-293b უწოდეს და გარს უვლის დედამიწიდან 1300 სინათლის წლის მანძილზე, მერწყულის თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავს. მეორის სახელი კი K2-294-ია და გარს უვლის 1230 სინათლის წლის მანძილზე, ასევე მერწყულის თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავს.

მას შემდეგ, რაც ჯგუფმა ალგორითმის საშუალებით ეს პლანეტები იპოვა, დაიწყეს მათი დედავარკვლავთა შესწავლა მიწისპირა ტელესკოპებით, რათა გაერკვიათ, იყო თუ არა ისინი რეალურად პლანეტები.

კოსმოსურ ტელესკოპთა მიერ შეგროვებულ მონაცემთა ბაზებში ჩაკარგული ეგზოპლანეტების პოვნა ხელოვნური ინტელექტით, სამომავლოდ მართლაც იმედისმომცემად ჩანს. ამჟამინდელი ალგორითმის გამოყენება შესაძლებელია კეპლერის K2 მისიის მთელ მონაცემთა ბაზაზე, რომელშიც შესულია 300 000 ვარსკვლავზე ჩატარებული დაკვირვებები. მკვლევართა თქმით, ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია კეპლერის მემკვიდრის, ტელესკოპ TESS-ის მონაცემებზეც, რომელიც ნასამ 2018 წლის აპრილში გაუშვა. რაც შეეხება კეპლერის მისიას, მას საწვავი ამოეწურა და შარშან დასრულდა.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.