აღმოჩენილია დედამიწაზე ყველაზე გრძელკისერა დინოზავრის ნამარხი — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია დედამიწაზე ყველაზე გრძელკისერა დინოზავრის ნამარხი — #1tvმეცნიერება

მცენარეულობის მჭამელ დინოზავრს, რომელიც ერთ დროს თანამედროვე ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ბალახობდა, შეიძლება ყველაზე გრძელი კისერი ჰქონდა ჩვენთვის ცნობილ ყველა სხვა დინოზავრს შორის. ასე მიუთითებს მისი ნამარხი ძვლების ახალი ანალიზი.

Mamenchisaurus sinocanadorum-ის ნამარხი ჩინეთში 1987 წელს აღმოაჩინეს, სახელი კი 1993 წელს უწოდეს.

ნამარხის ხელახლა შესწავლისა და მისი ზომებისა და სტრუქტურის სხვა გრძელკისერა ზავროპოდებთან შედარების შემდეგ, მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ M. sinocanadorum-ის კისერი 15,1 მეტრის სიგრძის უნდა ყოფილიყო; მათი აზრით, ასეთი უცნაური პროპორცია შესაძლებელი გახდა ჰაერით სავსე, ფიჭისებრი მალების წყალობით.

„აღმოჩენის დროს, M. sinocanadorum-ი აზიის ყველაზე დიდ დინოზავრად მიიჩნეოდა, ამჟამად კი იმით გამოირჩევა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გრძელი კისერი აქვს ჩვენთვის ცნობილ ზავროპოდებს შორის“, — წერენ პუბლიკაციაში სტონი ბრუკის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ენდრიუ მური და მისი კოლეგები.

ასეთი პროპორციის კისრის ყველაზე აშკარა დანიშნულება კვებაა, რაც დინოზავრის გიგანტურ სხეულს საკვებზე მარტივად წვდომის საშუალებას აძლევდა. თუმცა, საკვებზე წვდომა ევოლუციის ერთადერთი წარმმართველი არ არის. იურული პერიოდის ჟირაფების მსგავსად, გრძელ კისერს შეიძლება მრავალი სასარგებლო დანიშნულება ჰქონოდა.

„ის შეიძლება ასევე კავშირში ყოფილიყო სექსუალურ წარმოჩენასთან ან იყენებდნენ მამრებს შორის კისრებით ჩხუბში, რაც ძირითადად შეჯვარების ან ტერიტორიისთვის იმართებოდა. თუმცა, დაზუსტებით არაფერი ვიცით. ამ მომენტში, ეს ყველაფერი წმინდა წყლის სპეკულაციაა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბრიტანეთის ისტორიის ეროვნული მუზეუმის პალეონტოლოგი პოლ ბარეტი.

სხვათა შორის, M. sinocanadorum-ის მხოლოდ ერთი ნამარხია აღმოჩენილი: არასრული ჩონჩხი, რომელიც შედგება კისრის სამი მალის, ნეკნისა და თავის ქალის რამდენიმე ძვლისგან.

კისრის სიგრძის დასადგენად, მკვლევრებმა M. sinocanadorum-ის ძვლები სხვა ზავროპოდების უფრო სრულყოფილ, ხელუხლებელი კისრის მქონე ნამარხებს შეადარეს.

მეცნიერებისთვის გამოცანად რჩება, როგორ ახერხებდნენ ზავროპოდები, განსაკუთრებით კი M. sinocanadorum-ი განსაკუთრებით გრძელი კისრის ბალანსს. ამაში შეიძლება ასეთივე გრძელი კუდი ეხმარებოდათ, მაგრამ როგორ სწევდა ეს დინოზავრი თავს ისე, რომ კისრის წონა არ სძალავდა და არ ეცემოდა? როგორ ახერხებდა შემობრუნებას? შეეძლო რამეს უკნიდან მიპარვა?

„წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ მუშაობდა ეს ცხოველი მექანიკურად. ამ ზომის კისრის შენარჩუნებას დიდი ოდენობით კუნთი დასჭირდებოდა, მაგრამ შემდეგ ჩნდება კითხვა, როგორ ჩადიოდა და ამოდიოდა ფილტვებში ჰაერი ასეთი დიდ მანძილზე“, — ამბობს ბარეტი.

ამ მომენტში, ბარეტს და მის კოლეგებს გარკვეული ცნობები უკვე აქვთ. იმის დასადგენად, თუ როგორ ახერხებდა M. sinocanadorum-ი სუნთქვას, კისრის ნამარხი ძვლები კომპიუტერული ტომოგრაფიით შეისწავლეს.

ყველა სხვა ზავროპოდი დინოზავრისა და მათი ამჟამინდელი ნათესავების, ფრინველების მსგავსად, M. sinocanadorum-ს სასუნთქ მილში, ფილტვებსა და მკერდში ჰქონდა მრავალი საჰაერო პარკი, რომლებიც ძვლებში ღრუებს წარმოქმნიდა და აყალიბებდა თავად ფილტვებზე დიდ საჰაერო ჯიბეთა ცხაურას.

ვიზუალიზაციის გამოყენებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ჰაერის პარკები M. sinocanadorum-ის კისრის ძვლების 69-77 პროცენტს შეადგენდა.

„ასეთი მსუბუქი სტრუქტურა კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ამ უზარმაზარი ზავროპოდის უშველებელი კისრისთვის“, — განმარტავს მური.

თუმცა, დამატებითი ძვლოვანი გამაგრების გარეშე, მათი მსუბუქი ჩონჩხები ზედმეტად მყიფე იქნებოდა და დაზიანებისკენ მიდრეკილი. როგორც ჩანს, M. sinocanadorum-ს ასევე ჰქონდა კისრის ნეკნები — მალების დამატებები, რომლებიც კისერს ამაგრებდა და ასტაბილურებდა.

როგორც ჩანს, M. sinocanadorum-ი სხვა დიდი, გრძელკისერა ზავროპოდების გვერდით ბინადრობდა, რომელთა ნამარხებიც ჯერ არ აღმოგვიჩენია.

კვლევა Journal of Systematic Palaeontology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nhm.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.