აღმოჩენილია ჩვენი უძველესი წინაპრების მიერ ხისგან დამზადებული იშვიათი სტრუქტურა — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია ჩვენი უძველესი წინაპრების მიერ ხისგან დამზადებული იშვიათი სტრუქტურა — #1tvმეცნიერება

ერთმანეთზე გადადებულმა ორმა მორმა, რომლებსაც მზის სინათლე თითქმის ნახევარი მილიონი წელიწადი არ ენახათ, შეიძლება შეცვალოს ჩვენი ფუნდამენტური წარმოდგენები ჩვენი ქვის ხანის წინაპრების ტექნოლოგიისა და კულტურის შესახებ.

ობიექტები 2019 წელს, ზამბიაში, კალამბოს ჩანჩქერთან აღმოაჩინეს. ის არქეოლოგებს შუა პალეოლითის პერიოდის აფრიკის ხის ტექნოლოგიების განსაკუთრებით იშვიათ მტკიცებულებას სთავაზობს; ცნობილია, რომ ამ პერიოდში აჩქარდა ინოვაციები ქვის იარაღებში.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული ანალიზების მიხედვით, ხის ეს არტეფაქტები ერთ დროს გარკვეული სახის მუდმივი სტრუქტურის ნაწილი უნდა ყოფილიყო, მაგალითად, ნაგებობის პლატფორმის.

თუ მართლაც ასეა, აღმოჩენა ართულებს ჰომინინების ტრადიციულ სურათს, რადგან აქამდე მიიჩნეოდა, რომ ისინი მონადირე ჯოგებად დადიოდნენ ან სეზონურ მცენარეულობას აგროვებდნენ შედარებით პრიმიტიული ხელსაწყოებით.

„ამ აღმოჩენამ შეცვალა ჩემი წარმოდგენა ჩვენს ადრეულ წინაპართა შესახებ. დაივიწყეთ სახელწოდება „ქვის ხანა“, შეხედეთ, რას აკეთებდა ხალხი: მათ ხისგან რაღაც ახალი, საკმაოდ დიდი შეუქმნიათ. გონებას, წარმოსახვასა და უნარებს იყენებდნენ რაღაც ისეთის შესაქმნელად, რაც აქამდე ჯერ არ გვინახავს, რაც აქამდე არ არსებობდა“, — ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, ლივერპულის უნივერსიტეტის არქეოლოგი ლარი ბარჰამი.

მიუხედავად იმისა, რომ შუა პლეისტოცენის ჰომინინების ხეზე მუშაობის არაპირდაპირი კვალი ქვის იარაღებზე ნარჩენი მცენარეული მასალების სახით შეინიშნება, მერქნისგან დამზადებული ქვის ხანის იარაღები თითქმის არ არის შემორჩენილი.

ამჟამად რეკორდის მფლობელია ისრაელში აღმოჩენილი 800 ათასი წლის წინანდელი გაპრიალებული ფიცარი, რომელიც მსოფლიოში სადურგლო საქმის ყველაზე ადრეულ ნიმუშად მიიჩნევა.

აფრიკაში, ხელით ნამუშევრების კვალი დრომ კარგად წაშალა და შემორჩა ადამიანის მიერ განზრახ ფორმამიცემული მხოლოდ რამდენიმე ობიექტი. როგორც წესი, ეს იშვიათი ეგზემპლარები იმ ადგილებშია აღმოჩენილი, სადაც შესაფერისი პირობებია მცენარეული მასალის ათობით ათასი წლის განმავლობაში შესანარჩუნებლად.

კალამბოს ჩანჩქერი სწორედ ასეთი ადგილია. მდებარეობს 221 მეტრის სიმაღლის ჩანაწერის თავზე, მდინარე კალამბოს სიახლოვეს, ადგილზე, სადაც რეგულარულად, შრეებად ილექებოდა დეპოზიტები და ამ შრეებს შორის არქეოლოგიის კვალს ისე ინახავდა, როგორც წიგნის ფურცლები ყვავილებს.

მე-20 საუკუნის შუა წლებში, ადგილზე მიმდინარე გათხრებისას აღმოაჩინეს ხის ნივთები, რომლებიც ადამიანის ხელით გამოკვეთილს წააგავდა. დათარიღების მეთოდები მიუთითებდა, რომ ეს ნივთები სულ მცირე 110 ათასი წლის იყო, ზოგიერთი ნიშანი კი უფრო მეტ სიძველეზე მეტყველებდა.

რამდენადაც გამორჩეული არ უნდა იყოს ობიექტები, ცოტა თუ მოელოდა ორი მორის ნაშთების პოვნას, რომლებიც ისე იყო დამუშავებული, რომ უდავოდ რაღაც სტრუქტურაში გამოიყენებოდა.

ადამიანის წარმოშობა

მორები აფრიკის სავანაში მზარდ საშუალო ზომის ბუჩქი-ტირიფისგან (Combretum zeyheri) არის დამზადებული; აქვს დაჭრის, ხეხვისა და სავარაუდოდ დაწვის ნიშნები იმ მიდამოს გარშემო, რომელიც განზრახ ამოკვეთილი ჭრილი უნდა იყოს. თითოეული მორის სიგრძე მეტრზე მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთგადაკვეთის სექციების მიზნის დადგენა შეუძლებელია, ავტორებს მიაჩნიათ, რომ ისინი სტრუქტურის ნაწილი უნდა ყოფილიყო.

იმის დასადგენად, თუ როდის დაამზადეს ეს მორები, მკვლევრებმა ლუმინესცენციური დათარიღების მეთოდი გამოიყენეს.

აღმოჩნდა, რომ მორები 450 – 500 ათასი წლის წინანდელია, იმ პერიოდის, ვიდრე ჩვენი სახეობის ადამიანები გამოჩნდებოდნენ.

თუ გავითვალისწინებთ დროისა და ძალისხმევის დახარჯვას ხის დიდი ნივთების დასამზადებლად, რომელთა ტრანსპორტირებაც ადვილი არ არის, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ამ სტრუქტურის შემქმნელები შედარებით ერთ ადგილას სახლობდნენ, ანდაც ხშირად სტუმრობდნენ მას.

„მიმდებარე გარემო გარდაქმნეს, რათა ცხოვრება გაემარტივებინათ, თუნდაც მხოლოდ მდინარის ნაპირზე პლატფორმის აგებით, სადაც ყოველდღიურ საქმეს გააკეთებდნენ. ეს ხალხი იმაზე მეტად გვგავდა, ვიდრე წარმოგვიდგენია“, — ამბობს ბარჰამი.

უხვი წყლით, საოცარი სიმწვანით, შესანიშნავი ხედებით გამორჩეული ადგილის გათვალისწინებით, ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რატომ ვერ შორდებოდნენ ჩვენი უძველესი წინაპრები მდინარე კალამბოს.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.