აღმოჩენილია ბოლო 100 000 წელიწადში დედამიწაზე წარმოქმნილი უდიდესი დარტყმითი კრატერი — #1tvმეცნიერება
ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში არსებული ნამგლის ფორმის კრატერი დედამიწაზე უდიდესი დარტყმითი კრატერია, რომელიც ბოლო 100 000 წელიწადში წარმოიქმნა.
2021 წლის ივლისში, მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ მცირე ხინგანის ქედზე არსებული გეოლოგიური სტრუქტურა დედამიწაზე კოსმოსური სხეულის დაცემის შედეგად არის წარმოქმნილი.
იილანის კრატერის სიგანე დაახლოებით 1,85 კილომეტრია და სავარაუდოდ, წარმოქმნილია 46 000 – 53 000 წლის წინ; NASA-ს განცხადებით, ასაკის დადგენა ადგილზე აღებული ნახშირისა და ტბის ორგანული დანალექების რადიონახშირბადული დათარიღებით მოხერხდა. დანალექების ნიმუშები მკვლევრებმა კრატერის ცენტრში, გაბურღვით აიღეს.
ტბისა და ჭაობის დაშრევებული დანალექების ფენის ქვეშ, 100 მეტრის სიღრმეზე გაწოლილია დაახლოებით 320 მეტრი სისქის ბრექჩიული გრანიტის ფილა; ეს გახლავთ მრავალი დაკუთხული ნატეხით აგებული და შეცემენტებული ქანი. ამ ქანს აღენიშნება მეტეორიტის დაცემის შედეგად გაჩენილი ნაპრალები.
მაგალითად, ქანების ფრაგმენტებს აქვს კოსმოსური სხეულის დაცემის დროს გადნობისა და ხელახლა კრისტალიზების ნიშნები, რადგან გრანიტი სწრაფად ცხელდება და შემდეგ ცივდება. ქანის სხვა ფრაგმენტები გადნობის პროცესს გადაურჩა და შეიცავს „შოკირებულ“ კვარცს, რომელიც მეტეორიტის დაცემის შედეგად სხვაგვარად არის დამსხვრეული.
მკვლევართა ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა ცრემლის ფორმის მინის ფრაგმენტები და ნამსხვრევები, რომლებსაც აირის ბუშტების შედეგად წარმოქმნილი ციცქნა ნახვრეტები აქვს; NASA-ს განცხადებით, ორივე ეს წარმონაქმნი ასევე მიუთითებს იქ მომხდარ ძლიერ დარტყმაზე.
იილანის კრატერს აკლია სამხრეთი მონაკვეთის ნაწილი, ამიტომ, გეოლოგიური სტრუქტურა ზემოდან ნახევარმთვარის ფორმის ჩანს. ნამგლის ფორმის დარტყმითი კრატერები დედამიწაზე შედარებით იშვიათია.
2021 წლის ოქტომბერში, თანამგზავრმა Landsat-8-მ კრატერის ჩრდილოეთ რკალის საოცარი ხედი გადაიღო; მეცნიერები ამჟამად სწავლობენ, როდის და როგორ გაქრა სამხრეთი რკალი.
100 000 წელიწადზე ნაკლები ასაკის უდიდესი დარტყმითი კრატერის ტიტული აქამდე არიზონაში მდებარე ე. წ. მეტეორ-კრატერს ეკუთვნოდა; ის დაახლოებით 49 000 – 50 000 წლისაა და სიგანეში 1,2 კილომეტრია.
კვლევა Meteoritics and Planetary Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.