აღმოჩენილია ანტიკური წარწერების უზარმაზარი კოლექცია, რომელიც ძველეგვიპტელთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე გვიყვება — #1tvმეცნიერება
არქეოლოგებმა ძველეგვიპტური „ბლოკნოტების“ უმსხვილესი კოლექცია აღმოაჩინეს; ამ სახის ჩანაწერების აღმოჩენა მე-20 საუკუნეში დაიწყო, მაგრამ ახალი აღმოჩენა მათ შორის ყველაზე დიდია.
ცენტრალურ ეგვიპტეში, დიდი ხნის წინ დაკარგულ ქალაქ ათრიბისში, მკვლევრებმა კატალოგში შეიტანეს წარწერების მქონე კერამიკის 18 000-ზე მეტი ნაჭერი, რომელთაგან ზოგიერთი, სტუდენტების დაწერილი უნდა იყოს.
კერამიკის ნამტვრევებს, რომლებზეც წარწერები მელნით არის შესრულებული, ოსტრაკონებს უწოდებენ. დამსხვრეული დოქებისა და სხვა ჭურჭლის ნამტვრევები პაპირუსზე გაცილებით იაფი იყო და ძველეგვიპტელები მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდნენ სხვადასხვა მიზნით, თუნდაც საყიდლების სიის დასაწერად, ვაჭრობის ჩასაწერად, ლიტერატურის გადასაწერად და სტუდენტებისთვის წერისა და ხატვის სასწავლებლად.
ათრიბისის არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილი დიდი ოდენობით ოსტრაკონი უძველესი სკოლის ნაშთებს უნდა წარმოადგენდეს.
„წარწერებში ნახავთ თვეების სიას, რიცხვებს, არითმეტიკულ პრობლემებს, გრამატიკის სავარჯიშოებსა და „ფრინველების ანბანს“ — რომელშიც თითოეული ასოს იმ ფრინველით გამოსახავდნენ, რომლის სახელიც ამ ასოზე იწყებოდა“, — ამბობს გერმანიის ქალაქ ტუბინგენის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგი კრისტიან ლაიტცი.
ათრიბისში აღმოჩენიული ოსტრაკონებიდან ასზე მეტზე დატანილია წერის განმეორებადი სავარჯიშოები, რომლებშიც ერთი და იგივე ასო ძალიან ბევრჯერ არის დაწერილი ორივე მხარეს.
როგორც ჩანს, ჭირვეულ მოსწავლეებს დავალებად ასოების გამოწერის მიცემით ათასობით წლის წინაც სჯიდნენ.
ჩანაწერების უმეტესობა დემოტური დამწერლობით არის შესრულებული, რომელიც ადმინისტრაციულ შრიფტად გამოიყენებოდა ფარაონ პტოლემე XII-ის მეფობის დროს (კლეოპატრას მამა), რომელიც ეგვიპტეს ორჯერ, ძვ. წ. 81-59 წლებში და ძვ. წ. 55-51 წლებში მართავდა.
იმ პერიოდში, ქალაქი ათრიბისი მდინარე ნილოსზე იყო გაშენებული და ეგვიპტის სახელმწიფოს დედაქალაქს წარმოადგენდა. დემოტური დამწერლობა მაშინ აშკარად ყველაზე პოპულარული იყო, რადგან წარმოადგენდა იეროგლიფების გამარტივებულ ფორმას.
ქვემოთ მოცემულ ფრაგმენტზე ხედავთ იერატიკულ ანბანზე შესრულებულ სასკოლო ტექსტს, რომელშიც თითოეულ ასოს თან ახლავს შესაბამისი ფრინველი.
ათრიბისის ოსტრაკონებზე მრავალი სხვადასხვა ენაა გამოყენებული, მათ შორის იეროგლიფები, ბერძნული, არაბული, კოპტური, რაც ქალაქის მულტიკულტურულ ისტორიაზე მიუთითებს. მაგალითად, კოპტური ანბანი ბერძნული და ეგვიპტური ენების ნაზავს წარმოადგენს და ახლოს არის დაკავშირებული ქრისტიანობასთან.
ქვემოთ მოცემული წარწერა კოპტურის ნიმუშია და სავარაუდოდ მე-6 საუკუნეშია შესრულებული, როცა ეგვიპტე რომის შემადგენლობაში შედიოდა.
ქრისტიანული რელიგიის აღზევების პარალელურად, ნელ-ნელა გაქრა წარწერები ძველეგვიპტური ღმერთების შესახებ. მაგალითად, ქვემოთ ხედავთ ბაბუინისა და იბისის ილუსტრაციას, რომლებიც ძველეგვიპტური სიბრძნის ღმერთის, თოტის წმინდა ცხოველებად მიიჩნეოდა.
კერამიკის ნამსხვრევებზე ჩანს რომაული გავლენის სხვა ნიშნებიც. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ახ. წ. პირველ საუკუნეში პტოლემეური სისტემა დაეცა, ტექსტებში გამოჩნდნენ რომაელი იმპერატორები, მათ შორის ნერონი, ვესპასიანე, ტიტუსი, დომიციანე და ადრიანეც კი, რომელიც ახ. წ. 117-138 წლებში მეფობდა.
ოსტრაკონების ასეთი დიდი კოლექცია აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო აღმოჩენილი. 1900-იანი წლების დასაწყისში, არქეოლოგებმა ძველეგვიპტურ სოფელ დეირ-ელ-მედინაში წარწერებიან მრავალ ნამტვრევს მიაგნეს.
თუმცა, ანტიკური ტექსტები ძირითადად წარმოადგენდა ჩანაწერებს მედიცინის შესახებ. რაც შეეხება ათრიბისში ახლად აღმოჩენილ ტექსტებს, ისინი უფრო ძველი მსოფლიოს ძლევამოსილი ცივილიზაციის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ გვიყვება.
მომზადებულია uni-tuebingen.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.