აღმოჩენილია ახალი სახის დინოზავრის ნამარხი, რომელსაც კოლიბრივით ჭრელი ბუმბულები უნდა ჰქონოდა
აღმოჩენილია ახალი სახის დინოზავრის ნამარხი, რომელსაც კოლიბრივით ჭრელი ბუმბულები უნდა ჰქონოდა

აღმოჩენა, რომ ზოგიერთი დინოზავრი ბუმბულებიანი იყო და სულაც არ ჰქონდა პრიალა ტყავი, ნიშნავს იმას, რომ უნდა გადავხედოთ ჩვენს წარმოდგენას მათ გარეგნობასთან დაკავშირებით. ახლახან იპოვეს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ სულ მცირე ერთი დინოზავრი ისე კაშკაშად შეფერილი უნდა ყოფილიყო, როგორც ამჟამინდელი ყველაზე ჭრელი ფრინველები.

Caihong juji, რაც მანდარინი ენაზე ნიშნავს „ცისარტყელას დიდი ბიბილოთი“, იყო ციცქნა, იხვის ზომის დინოზავრი, რომელიც ჩინეთში ბინადრობდა. როგორც მისი ნამარხი მიუთითებს, ნისკარტზე ჰქონია ძვლოვანი გამონაშვერები, კისრის გარშემო კი მრავალფერი ბუმბულოვანი საფარი.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი, რომელმაც ახალი დინოზავრი აღწერა, დარწმუნებულია, რომ ამ მახასიათებლებს ეს დინოზავრები პარტნიორთა მისაზიდად იყენებდნენ.

„კარგადაა ცნობილი, რომ ჭრელ-ჭრელი იერსახე დაკავშრებულია სქესობრივ შერჩევასთნ და სიგნალიზაციასთნ. ჩვენს წინაშეა დინოზავრებში ამის არსებობის უძველესი მტკიცებულება“, — ამბობს მკვლევარი ჯულია კლარკი.

ნამარხზე დაყრდნობით, მკვლევართა ჯგუფმა განსაზღრა, რომ ამ დინოზავრს კოლიბრივით ფერად-ფერადი ბუმბულები ჰქონია. 2014 წელს ფერმერის მიერ ნაპოვნი კლდის ნატეხი ციცქნა დინოზავრის თითქმის მთლიან ჩონჩხს შეიცავდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ბუმბულები დიდი ხნის გახრწნილი იყო, ისინი მაინც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა განმარხებული ძვლების გარშემო.

„შოკირებული ვიყავი ულამაზესად შენახული მისი ბუმბულებით, მიუხედავად იმისა, რომ ბუმბულებიან დინოზავრთა უკვე არაერთი ნამარხი მინახავს“, — უთხრა National Geographic-ს კვლევის თანაავტორმა ჩინეთის მეცნიერებათ აკადამიიდან, სინგ სუმ.

ძნელია გადაჭრით იმის თქმა, თუ რა ფერის იყო მისი ბუმბულები, მაგრამ ნამარხი იმდენად დეტალური იყო, რომ შენარჩუნებული ჰქონდა მელანოსომების ფორმა; ეს არის უჯრედში არსებული ორგანოიდები, რომლებიც პიგმენტაციაზეა პასუხისმგებელი.

როდესაც ჯგუფმა ეს მელანოსომები ამჟამინდელი ფრინველებისას შეადარეს, აღმოჩნდა, რომ ყველაზე უფრო მეტად ჰგავდა მრავალფერ, ცისარტყელას ფერებში შეფერილი კოლიბრების მელანოსომებს.

Caihong juji დაახლოებით 161 მილიონი წლის წინ, იურულ პერიოდში ცხოვრობდა და გამოირჩეოდა ძველი და ახალი მახასიათებლების კომბინაციით. სქესობრივი შერჩევისთვის განკუთვნილი გამონაშვერები ნისკარტზე, ადრეულ ფრინველებში შეიმჩნევა. მაგრამ ნაირფერი ბუმბულები ერთადერთი ახალი მახასიათებელი როდია.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს გახლავთ ამ დრომდე აღმოჩენილი უძველესი ასიმეტრიული ბუმბულები. თანამედროვე ფრინველებში ის გვხვდება ფრთების შლილში და გამოიყენება ფრენის კონტროლისთვის. თუმცა, Caihong juji-ს შემთხვევაში, ეს მახასიათებელი კუდში შეიმჩნევა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ადრეულ ფრინველებს ფრენის განსხვავებული სტილი ჰქონდათ.

ამავე დროს, იგი საკმაოდ განსხვავებული ყოფილა უახლოესი ნათესავებისგანაც კი. გრძელი, ვიწრო ჩონჩხითა და მოკლე წინა კიდურებით, იგი უფრო თანამედროვე ფრინველებს ჰგავდა, ვიდრე დინოზავრთა ჯგუფს, რომელსაც მიეკუთვნებოდა.

„ასეთ თვისებათა კომბინაცია უჩვეულოა“, — ამბობს კლარკი.

„დაბალი, გრძელი ჩონჩხით, ბანჯგვლიანი, ბუმბულოვანი საფარითა და დიდი, მარაოსებრი კუდით ის უფრო ველოცირაპტორს ჰგავდა. ნამდვილად გასაოცარია… ან იქნებ ქვეწარმავალსაც, ეს მხოლოდ თქვენს შეხედულებაზეა დამოკიდებული“.

ამ დინოზავრის დამატებითი კვლევებია საჭირო, რათა გაირკვეს, როგორ და რატომ ჩამოყალიბდა Caihong juji ასე განსხვავებული და უჩვეულო მახასიათებლებით მაშინ, როცა სხვა დინოზავრებში ასე არ მოხდა.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია National Geographic-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით