აღმოჩენილია ადამიანის წინაპრების 300 000 წლის წინანდელი ნაფეხურები — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია ადამიანის წინაპრების 300 000 წლის წინანდელი ნაფეხურები — #1tvმეცნიერება

გერმანიაში არქეოლოგებმა ადამიანის ნაფეხურების უძველესი ნიმუშები აღმოაჩინეს. ნაკვალევი იმდენად ძველია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ჩვენს დღევანდელ სახეობას ეკუთვნოდეს.

ნაფეხურები 300 000 წლის წინანდელია და ეკუთვნის არა ჰომო საპიენსს, არამედ ამჟამად გადაშენებულ „ჰაიდელბერგელ ხალხს“ (Homo heidelbergensis).

აღმოჩენა მკვლევრებს საოცარ ცნობებს აწვდის ადრეულ ადამიანთა ცხოვრების შესახებ; ნაფეხურები ჩრდილო-დასავლეთ გერმანიაში, ქვემო საქსონიაში, შონინგენის პალეოლითურ არქეოლოგიურ ძეგლზე, ცხოველთა ნაკვალევის გვერდით აღმოაჩინეს.

ცნობილია, რომ ჰაიდელბერგელი ადამიანები (Homo heidelbergensis) მოხერხებული მონადირეები იყვნენ და ნეანდერტალელებზე უფრო ადრე ცხოვრობდნენ. უფრო მეტიც, მიჩნეულია, რომ ისინი ჩვენი და ნეანდერტალელების ბოლო საერთო წინაპრები იყვნენ.

„პირველად ისტორიაში, შონინგენის ძეგლებზე აღმოჩენილ ნაფეხურებს დეტალური ანალიზები ჩავუტარეთ. დანალექების, არქეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ და პალეობოტანიკურ ანალიზებთან ერთად, ეს ნაკვალევი ცნობებს გვაწვდის ამ პალეოგარემოსა და ერთ დროს მასში ბინადარი ძუძუმწოვრების შესახებ“, — ამბობს გერმანიის ქალაქ ტუბინგენის უნივერსიტეტის არქეოლოგი ფლავიო ალტამურა.

კვლევაზე დაყრდნობით, რომელშიც შეისწავლეს ყველაფერი, დანალექების შრეებით დაწყებული, ძეგლზე შემონახული ძვლებით დამთავრებული, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ერთ დროს ამ ადგილას ტბა იდგა, რომელსაც გარს ერტყა არყისა და ფიჭვის ხეებით დაფარული, ბალახიანი პეიზაჟი.

გამოვლინდა მხოლოდ სამი ჰაიდელბერგელი ადამიანის ნაფეხური, რაც კვლევას ართულებს. თუმცა, სხვა კვლევების შედეგებთან შედარებების საფუძველზე, მკვლევართა ჯგუფი ვარაუდობს, რომ ნაფეხურები ერთ ზრდასრულ და ორ ახალგაზრდას ეკუთვნის.

დიდი ალბათობით, ჩვენ წინაშეა ოჯახი. მიმდებარე გარემოში ბევრია იმის მტკიცებულებაც, რომ ტბას ხშირად სტუმრობდნენ სპილოები, მარტორქები და ჩლიქოსნებიც კი — ყველა მათგანი წყლის დასალევად.

„სეზონების მიხედვით, ტბის გარშემო ხელმისაწვდომი იყო მცენარეები, ხილი, ფოთლები, სოკოები. ჩვენი აღმოჩენა ადასტურებს, რომ ადამიანის ეს გადაშენებული სახეობა ბინადრობდა თავთხელი ტბების ან მდინარეების სანაპიროებზე. ასეა ქვედა და შუა პალეოლითის ძეგლებზეც, სადაც ჰომინინების ნაფეხურებუა აღმოჩენილი“, — ამბობს ალტამურა.

სპილოს ნაფეხური
სპილოს ნაფეხური

ამ ძეგლზე, დანალექებში, წარსულში ასევე აღმოჩენილია უჩვეულოდ დიდი ოდენობით და თანაც კარგად შემონახული ხის იარაღი, რაც დამატებით ცნობებს გვაწვდის ადამიანის ამ უძველეს წინაპართა საქმიანობის შესახებ. ძნელია, 300 000 წლის შემდეგ დაზუსტებით გაარკვიო, რისთვის იყენებდნენ ისინი ამ იარაღებს, მაგრამ ყველაზე სავარაუდოა, რომ ეს გახლდათ ნადირობა, შემგროვებლობა და მშენებლობა.

ძეგლზე ასევე აღმოჩენილია სპილოს გადაშენებული სახეობის, Palaeoloxodon antiquus-ის ნაშთები. სიმაღლეში ეს ცხოველები 4,2 მეტრამდე აღწევდნენ და 13 ტონას იწონიდნენ. ასევე გამოვლენილია მარტორქის ნაკვალევი.

მარტორქის ნაფეხური
მარტორქის ნაფეხური

ეს ძეგლი ნამდვილი საგანძურია უძველეს ადამიანთა ისტორიის შესასწავლად. ამავე დროს, კარგად აჩვენებს იქნოლოგიის პოტენციალს — დარგის, რომელიც ნაკვალევებს შეისწავლის, როგორც ადამიანების, ისე ცხოველების.

„იქნოლოგია მძლავრი ხელსაწყო ხდება პრეისტორიული ძეგლების გარემოს, ეკოლოგიური და არქეოლოგიური სურათის მაღალი სიზუსტით დასახატად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მულტიდისციპლინურ მიდგომას ვიყენებთ“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა Quaternary Science Reviews-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია uni-tuebingen.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.