აღმაშენებლის გამზირზე დაშავებული ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ „მოზაიკაში“ დაშავებული ბავშვი ფარდას მიეყრდო, ეგონა, მოაჯირი იყო და გადავარდა, – ამის შესახებ „მოზაიკაში“ ერთ-ერთი ღონისძიების ორგანიზატორმა ჯილდა ჭელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შემთხვევა ღონისძიების დაწყებამდე მოხდა.
„ბავშვი ფარდას მიეყრდნო, ეგონა მოაჯირი იყო და გადავარდა. ფარდას დაეკიდა და დაბლა სართულზე ფიცრებს დაეცა.
წარბთან ჰქონდა გახეთქილი, ბავშვი კონტაქტური იყო და ბებიას აწყნარებდა, რომ არაფერი არ მჭირსო. პერიოდულად ვამოწმებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას“, – განაცხადა ჯილდა ჭელიძემ.
როგორც დაშავებული ბავშვის ბებიამ იზოლდა ლიკლიკაძემ განაცხადა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ფარდას დაეკიდა, ხელის მოკიდება ვერ მოვასწარი და ამ დროს გადავარდა, მოაჯირთან არ იყო შუშა, ფარდა იყო ჩამოკიდებული, რომელსაც მიეყრდნო და გადავარდა. ვერ მოვასწარი ხელის მოკიდება. კონცერტი იყო დაგეგმილი, რომელზეც ჩვენი წაყვანა სკოლამ უზრუნველყო, ბილეთები დაგვირიგეს. ახლა როგორც ამბობენ, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა იზოლდა ლიკლიკაძემ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, შემთხვევის შემდეგ მოაჯირთან სავარძლები დადგეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ „მოზაიკაში“ მიმდინარეობდა კონცერტი, რა დროსაც ფოიეში მყოფი 6 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან ჩავარდა მე-4 სართულზე. ბავშვი გადაყვანილია საავადმყოფოში, მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სსკ-ის 124 მუხლით მიმდინარეობს.