„აღასრულე სამართალი", „ნუ იქნები მიკერძოებული“ - ხორავას ქუჩის საქმის დაწყებამდე სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს
„აღასრულე სამართალი", „ნუ იქნები მიკერძოებული“ - ხორავას ქუჩის საქმის დაწყებამდე სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

აღასრულე სამართალი”, „ნუ იქნები მიკერძოებული, იყავი ობიექტური“, – ამ ლოზუნგებით ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სხდომის დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაციები სააპელაციო სასამართლოსთან აქციას მართავენ.

დღეს ამ საქმეზე მსჯავრდებული ორი არასრულწლოვნის მიმართ შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს და აქციაც მოახლოებულ განაჩენს ეძღვნება.

აქციას ესწრება მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც. აქციაში მონაწილეობენ ორგანიზაციები „საია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“.

„დღეს დასრულდა სასამართლო განხილვები და შესაძლებელია დღესვე იყოს განაჩენი. ძალიან დიდი მნიშვნელიბა ენიჭება სასამართლოს, რადგან მას შეუძლია, მიუთითოს პროკურატურას, რომ ეს საქმე არ არის გამოძიებული. პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს, მთელი სიმძიმე სასამართლოზე გადაიტანოს. ელოდებიან, რომ თუ შეიცვალა სასამართლოს გადაწყვეტილება, არანაირი ნაბიჯი აღარ გადაიდგმება.

აღასრულონ სამართალი. ჩვენ ვითხოვთ, დეტალურად იქნეს ეს საქმე შესწავლილი. გამოვსახეთ მაისურებზე 12 ჭრილობა. არასრულწლოვანს, რომელსაც 12 ჭრილობა მიაყენეს, დღეს არ ვიცით ვინ მოკლა“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ დაზარალებულის ინტერესებს იცავს.

51-ე სკოლის მოსწავლეები, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს.

მკვლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს. მკვლელობიდან ექვსი თვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების ბრალი გადააკვალიფიცირა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გ.ბ.-ს მხოლოდ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში ცნო დამნაშავედ და 10 წელი და ექვსი თვე პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო მეორე არასრულწლოვანი გ.ჯ. დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ნაცვლად, მოსამართლემ სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში გაამტყუნა და ცხრა წელი და ცხრა თვე პატიმრობა შეუფარდა. ეს განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრდა.