შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ, ამ ეტაპზე სტრასბურგში გასაჩივრებისგან თავს ვიკავებთ
შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ, ამ ეტაპზე სტრასბურგში გასაჩივრებისგან თავს ვიკავებთ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სასამართლომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა „ვივამედის“ კლინიკის დირექტორის ჩვენების საფუძველზე არ დააკმაყოფილა.

მისივე თქმით, საქალაქო სასამართლო ცრუ ინფორმაციებს დაეყრდნო. ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„კლინიკა „ვივამედის“ მიერ დადგინდა „კახექსიის“ დიაგნოზი. ამის შესახებ თავად ნინო ნადირაძემ ისაუბრა სასამართლო პროცესზე, თუმცა სასამართლომ ეს ყველაფერი ყურადღების მიღმა დატოვა. სააკაშვილს უარი ეთქვა ნინო ნადირაძის ჩვენების საფუძველზე – თურმე სააკაშვილს არ სურს საკვების მიღება. ამ დროს თავად „ვივამედმა“ დაადასტურა „კახექსიის“ დიაგნოზი, რაც სააკაშვილს დაუდგინდა ამერიკელი და ქართველი ექსპერტების მიერ. შესაბამისად, სასამართლო დაეყრდნო ცრუ ინფორმაციებს. თავის გადაწყვეტილებაში სრულად არ ასახა ის, რაც სასამართლო პროცესზე ხდებოდა. აქედან გამომდინარე, ამ უკანონო, უსამართლო გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში ვასაჩივრებთ. ვნახოთ, რას გადაწყვეტს სააპელაციო სასამართლო. გამოვიდა, რომ დიაგნოზი, რომელიც ექსპერტების მიერ იქნა დასმული, დაადასტურა თავად სახელმწიფომაც, რაც, თავისთავად, ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველია“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, გადაწყვეტილების სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმდენად შემჭიდროებულ ვადებში ხდება ამ ტიპის დავების განხილვა, რომ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ სტრასბურგში გასაჩივრებისგან. დაველოდებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასეთი მოცემულობაა. არ არის გამორიცხული, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, როგორც ხაჭაპურიძე ამბობს, სააპელაციო სასამართლო სარჩელს თუ არ დააკმაყოფილებს, მაშინ სხვა სამართლებრივ გზას მიმართავენ. მისივე თქმით, სამოქმედო გეგმა აქვთ, თუმცა ხელისუფლებას წინასწარ არ გაუმხელენ.

„გადავადების შემთხვევაში, საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაუყოვნებლივ გაყვანა მოხდება. რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ გამოთქვა მზადყოფნა სპეციალური სამედიცინო თვითმფრინავის გამოგზავნაზე და მისი გადაყვანა მოხდება ევროპის წამყვან კლინიკებში. თუ არ გადაუვადეს ან არ გაათავისუფლეს სასჯელისგან, სულ სხვა სამართლებრივი გზით წასვლაზე ვიფიქრებთ. ჩვენ გეგმა გვაქვს, მივყვებით ამ გეგმას. პირველი ინსტანციიდან დიდი მოლოდინი არ გვქონდა. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ბოლო 2-3 პროცესზე. შესაბამისად, მივყვებით ჩვენს გეგმას, რომელიც თავიდანვე გვქონდა არჩეული. რას გავაკეთებთ, ამაზე წინასწარ არაფერს ვიტყვით, წინასწარ არ გავუმხელთ, არ გავუშლით ჩვენს სამოქმედო გეგმებს, რადგან შემდეგ ვხედავთ, რომ ეს გეგმები მათი მხრიდან საკმაოდ უხეშად იბლოკება. ამიტომ მოგვისმენენ იმას, რასაც ვლაპარაკობთ. ჯერ ჩვენ შიდა სამართლებრივი ყველა მექანიზმი უნდა ამოვწუროთ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

შალვა ხაჭაპურიძე ხელისუფლებას სთავაზობს, სააკაშვილის კადრები პირდაპირ რეჟიმში აჩვენონ და მთელმა მსოფლიომ უყუროს, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ხელისუფლების წარმომადგენლებს ვთავაზობ, მაინც ყოველდღე აჩვენებენ სააკაშვილის კადრებს და ჩართონ ეს ყველაფერი ლაივში, მთელმა მსოფლიომ უყუროს, როგორი მდგომარეობა აქვს, რა ხდება. მაინც თავის ჭკუაზე ასაჯაროებენ. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ქვეყანას, ფაქტობრივად, მკვდარი ჰყავს. პერსონალურ მონაცემებს სახელად ინსპექტორი რომ ჰქვია, ის უარესი მკვდარია, აკიდებული ერთი მკვდარი მეორეზე. ამიტომ ჩართონ ლაივში, მაინც პირდაპირ უყურებენ, უსმენენ და საზოგადოებამაც უყუროს, უსმინოს. ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.