აფრინის რეგიონის ქურთული ადმინისტრაციის განცხადებით, თურქულ შენაერთებზე პარტიზანული თავდასხმების ტაქტიკაზე გადადიან
აფრინის რეგიონის ქურთული ადმინისტრაციის განცხადებით, თურქულ შენაერთებზე პარტიზანული თავდასხმების ტაქტიკაზე გადადიან

სირიის აფრინის რეგიონის ქურთული ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი თურქულ შენაერთებთან და მათ მიერ მხარდაჭერილ ძალებთან პირდაპირ კონფრონტაციას პარტიზანული თავდასხმების ტაქტიკით ცვლიან.

აფრინის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ქურთული შენაერთები აფრინის ყველა ნაწილში რჩებიან და აპირებენ თურქებისთვის „დაუსრულებელი კოშმარი გახდნენ“.

თურქული შენაერთები და მათი მოკავშირე სირიელი მეამბოხეები ჩრდილო-დასავლეთ სირიის ქალაქ აფრინში გუშინ შევიდნენ, ცენტრში დროშები აღმართეს და რვაკვირიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ, რომელიც რეგიონის ქურთული მილიციის წევრებისგან გაწმენდას ემსახურებოდა, ქალაქზე სრული კონტროლი გამოაცხადეს.

აფრინის საბჭოს ქურთი თავმჯდომარის განცხადებით, ისინი ბოლომდე შეუპოვრად იბრძოდნენ, თუმცა ქურთმა მმართველებმა მოსახლეობის აფრინიდან ევაკუაცია გადაწყვიტეს უარესი ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასარიდებლად.