ბელაქნის რაიონულ სასამართლოში აზერბაიჯანელი ჟურანლისტის აფგან მუხთარლის საქმის განხილვა დასრულდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა. აფგან მუხთარლის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ მოწმეების ჩვენება წინააღმდეგობრივია.
” მუხთარლის მიმართ წაყენებული აბსურდული ბრალდებები გრძელდება. დღეს პროცესზე სამი მოწმე დაიკითხა, მათი ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივია. ნათლად ჩანს, რომ სასამართლო ბრალდების მხარის დაკვეთას ასრულებს. მოსამართლე არც ერთ ჩვენ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს”, – აცხადებს ელჩინ სადიგოვი.
შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მან ადვოკატს განუცხადა, რომ ის, ძალის გამოყენებით, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. 31 მაისს ბაქოს სასამართლომ მისი დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მუხთარლი წაყენებულ ბრალს – საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ, არ აღიარებს.