ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების შედეგებზე ლევან ჯანაშიას წარმომადგენლების საჩივრის განხილვა იწყება
ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების შედეგებზე ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ჯანაშიას წარმომადგენლების საჩივრის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იწყებს.
როგორც პირველ არხს ჯანაშიამ განუცხადა, საქალაქო სასამართლოში ის მოსამზადებელ სხდომას დაესწრება. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.
რაც შეეხება საჩივარს, ჯანაშია არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას იმ მოტივით ითხოვს, რომ მისი თქმით, საარჩევნო პროცესი „ სერიოზული დარღვევებით ჩატარდა“.
„ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოში წარდგენილი გვაქვს და ველოდებით შესაბამისად გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჯანაშიამ.
ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში დავით ასათიანმა გაიმარჯვა. პირველი ტურის შედეგებს სხვა კანდიდატებმა უნდობლობა გამოუცხადეს, რადგან დაფიქსირდა ბიულეტენების ზედმეტობის რამდენიმე შემთხვევა. საბოლოოდ, მეორე ტური გასული წლის 23 დეკემბერს გაიმართა, რომლის შედეგადაც ასევე დავით ასათიანმა გაიმარჯვა.