ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია
ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია

ამ დრომდე გაურკვეველია, დაინიშნება თუ არა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური. 9 დეკემბერს გამართული არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ასოციაციის ხმის დამთვლელი კომისია გუშინ მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა. როგორც დღის ბოლოს პირველ არხს კომისიის თავმჯდომარემ, ივანე პეტრიაშვილმა განუცხადა, პროცესი მოცულობითია და დიდ დროს საჭიროებს. მისივე ინფორმაციით, კომისია მუშაობას დღეს გააგრძელებს, თუმცა როდის გახდება შესაძლებელი შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნება, პეტრიაშვილი ვერ აკონკრეტებს.

ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარის თქმით, საბოლოო შედეგები სწორედ შემაჯამებელ ოქმში აისახება.

„საბოლოო შედეგები იქნება შემაჯამებელ ოქმში, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დავითვლით შედეგებს. შესაძლებელია, დაინიშნოს მეორე ტური პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის. წესდებაში წერია, რომ ხმათა რაოდენობა ითვლება დამსწრეთა რაოდენობიდან – არ იყო გაწერილი, ზუსტად რას გულისხმობს დამსწრეთა რაოდენობა. სწორედ ამან გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ივანე პეტრიაშვილმა.

თუკი არჩევნების მეორე ტური გახდება საჭირო, მასში მონაწილეობას დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია მიიღებენ. ხმის მიცემის პროცესში სულ 2324-მა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა, მათგან ყველაზე მეტი, 1128 ხმა დავით ასათიანს ერგო, თუმცა გამარჯვებისთვის და ხმათა 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რაც შეეხება ლევან ჯანაშიას, მას 632-მა კოლეგამ მისცა ხმა.

დანარჩენი ხმები კანდიდატებს შორის ასე გადანაწილდა: დავით ებრალიძე – 31, დავით ლანჩავა – 160, ირმა ჭკადუა – 53, გრიგოლ გაგნიძე – 3, ვასილ ოსეფაშვილი – 3, ელგუჯა ჩხაიძე – 3, ვაჟა ჯაოშვილი – 2, იასონ ბესელია – 10, ონისე მარგიანი – 2 და ალექსი კობაიძე – 1 ხმა.

ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების არსებული შედეგები თუ დარჩება, მეორე ტური უნდა ჩატარდეს.

დავით ასათიანმა, რომელმაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მეორე ადგილზე გასულ ლევან ჯანაშიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა შესთავაზა.

გუშინ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ხმის დამთვლელი კომისია ექვსმა წევრმა დატოვა. კომისია თავდაპირველად 15 წევრისგან შედგებოდა, თუმცა მათგან არჩევნების პროცესს 12 ესწრებოდა. ერთმა წევრმა კომისიის მუშაობაში ავადმყოფობის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა, დანარჩენი ორი კი პროცესს მედიისთვის უცნობი მიზეზების გამო გამოეთიშა. შესაბამისად, ახლა დარჩენილმა ექვსმა წევრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

9 დეკემბერს, სპორტის სასახლეში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე ოთხი წლის ვადით ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად, აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრი, ეთიკის კომისიის 15 და სარევიზიო კომისიის ხუთი წევრი ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

გასული რვა წლის განმავლობაში, ადვოკატთა ასოციაციას ზაზა ხატიაშვილი ხელმძღვანელობდა.