თბილისში ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
თბილისში ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

თბილისში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

ღონისძიება დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ფარგლებში იმართება.

ადვოკატები ოცზე მეტი ქვეყნიდან პროფესიის თანამედროვე გამოწვევებს განიხილავენ – რა ეთიკური შეზღუდვები ვრცელდება ადვოკატებზე სოციალურ მედიაში და როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მოსამართლეებთან დიალოგი.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს. 1919 წელს ქართულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ მოახერხა და შექმნა დამოუკიდებელი იურიდიული პროფესია. ჩვენ ვამაყობთ ამ ისტორიით და ამ ტრადიციებით, რადგანაც ეს არის ადამიანის უფლებების, საზოგადოების მსახურებისა და სამართლიანობის იდეების მსახურების 100 წელი. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ დამოუკიდებლობის, თავისუფლების და კანონის უზენაესობის დამკვიდრების თვალსაზრისით საქმიანობას. ქართველი ადვოკატები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ თავიანთი კლიენტების, ადამიანის უფლებების დაცვას სასამართლოებში, სხვა უწყებებში და მთელი რეფორმები, რომლებიც მიმართულია ადვოკატთა ასოციაციაში და ემსახურება ხელმისაწვდომი, მაღალხარისხიანი იურიდიული სერვისების განვითარებას საქართველოში. ეს კი, საერთო ჯამში, ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობის დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა.

კონფერენციაში მონაწილეობენ ადვოკატთა ასოციაციების პრეზიდენტები და ადვოკატები, აგრეთვე, პროფესიულ საერთაშორისო ორგანიზაციათა მაღალი დონის წარმომადგენლები.

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, მსგავსი შეკრების მიზანია კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება თანამედროვე გამოწვევების შესახებ.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და სხვა პირები მიმართავენ.

400-ზე მეტ დელეგატს მიეცემა შესაძლებლობა, ჩაერთოს დისკუსიაში, რომელიც სამი ძირითადი ასპექტის გარშემო გაიმართება: ადვოკატების დამოუკიდებლობა, დიალოგი სასამართლოსთან და ეთიკური შეზღუდვები სოციალურ მედიაში.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღნიშნული ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 2016 წლიდან ჩამოყალიბდა, როგორც ტრადიციული პლატფორმა კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარებისთვის. ეს საშუალებას აძლევს ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლებს, იმსჯელონ გამოწვევებზე და ერთად იპოვონ გამოსავალი. კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან პარტნიორობით და ევროპის საბჭოს პროექტის  „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ – მხარდაჭერით.