ადვოკატთა ასოციაციაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ადვოკატთა ასოციაციაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება.

ამის შესახებ “პირველ არხს” საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ივანე პეტრიაშვილმა განუცხადა.

„რეგლამენტში გვიწერია, რომ თავმჯდომარეობის ბიულეტენები იმავე დღეს უნდა დავთვალოთ და ასეც მოვიქეცით. მაშინვე ვიცოდით, რომ იქნებოდა მეორე ტური და ახლაც ეს მოცემულობა გვაქვს. შესაძლებელია რამდენიმე ბიულეტენი კიდევ დაემატოს, რადგან ამომრეჩეველმა შესაძლოა ბიულეტენი არასწორ ყუთში ჩააგდო, მაგრამ ეს ვერ იქნება იმ რაოდენობის მიულეტენი, რომ პირველივე ტურში რომელიმე კანდიდატს მოუტანოს გამარჯვება”, – განაცხადა ივანე პეტრიაშვილმა. 

რაც შეეხება დანარჩენ ხმებს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ხმების დათვლა კვლავ მიმდინარეობს.

“ბიულეტენების გარკვეული ნაწილი უკვე დათვლილია,  თუმცა რომელიმე მიმართულებით საბოლო შედეგი არ გვაქვს, რადგან ძალიან ბევრი ბიულეტენია. ამდენად დღეს საღამოსკენ კვლავ გავაგრძელებთ მუშაობასა და ბიულეტენების დათვლას. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, საბოლოო შედეგი უახოელს დღეებში გამოცხადდება”, – განუცხადა “პირველ არხს” ივანე პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, ხმების დათვლა რამდენიმე ფაქტორის გამო იწელება.

“პირველი ის, რომ კომისიის რამდენიმე წევრმა დაგვტოვა, რის გამოც მხოლოდ ნახევარი კომისია დავრჩით და ორმაგი სამუშაო გვიწევს. გარდა ამისა, ჩვენი ბიულეტენები არის სპეციფიური და ისინი ჩვეულებრივი ბიულეტენებისგან განსხვავდება. ჩვენს ბიულეტენში 16-12 კანდიდატი წერია. აქედან გამომდინარე, ამის დათვლა მეტ დროს მოითხოვს, რადგან ჩვენი ერთი ბიულეტენი 11 ჩვეულებრივ ბიულეტენს უდრის. გარდა ამისა, 4 სახეობის 2000 ბიულეტენი გვაქვს  დასათვლელი”, – აცხადებს ივანე პეტრიაშვილი.

რაც შეეხება არჩევნების შესაძლო გაყალბებას,  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, მუშაობა ამ მიმართულებითაც მიდის.  ივანე პეტრიაშვილის განცხადებით,  კომისია განიხილავს შესაძლო გაყალბების ფაქტების ამსახველ ვიდეოკადრებს  და კომისიის წევრები თავიან პოზიციას შემაჯამებელ საბოლოო ოქმში დააფიქსირებენ.

ადვოკატთა ასოციაციაციის თავმჯდომარის არჩევნები 10 დეკემბერს გაიმართა. ხმის მიცემის პროცესში სულ 2324 ადვოკატი მონაწილეობდა, მათგან ყველაზე მეტი, 1128 ხმა დავით ასათიანს ერგო, თუმცა გამარჯვებისთვის და ხმათა 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რაც შეეხება ლევან ჯანაშიას, მას 632-მა კოლეგამ მისცა ხმა.

გასული რვა წლის განმავლობაში, ადვოკატთა ასოციაციას ზაზა ხატიაშვილი ხელმძღვანელობდა.