ნიკა გვარამია - საარჩევნო კომისიებში ოპოზიციის წევრებს ხშირად კომპეტენციისა და წესიერების პრობლემა აქვთ, ამ მიმართულებით ოპოზიციას მართებს მუშაობა
ნიკა გვარამია - საარჩევნო კომისიებში ოპოზიციის წევრებს ხშირად კომპეტენციისა და წესიერების პრობლემა აქვთ, ამ მიმართულებით ოპოზიციას მართებს მუშაობა

საარჩევნო კომისიებში ოპოზიციის წევრებს ძალიან ხშირად კომპეტენციის და წესიერების პრობლემა აქვთ ხოლმე, ოპოზიციას მართებს მუშაობა ამ მიმართულებით საკუთარ კომისიის წევრებთან, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გვარამიას განცხადებით, პირველ რიგში, ოპოზიციას სჭირდება საკუთარი პოზიციების გამყარება საარჩევნო კონტროლის დროს.

„არ მგონია, ვინმემ არ იცოდეს, რომ საარჩევნო კომისიებში ოპოზიციის წევრებს ძალიან ხშირად კომპეტენციის და ასევე წესიერების პრობლემა აქვთ ხოლმე, რადგან ჩვენ ნანახი გვაქვს ძალიან ბევრი გაყალბებული ოქმი, ე.წ. გამწვანებული უბნები, სადაც საარჩევნო კომისიებში ოპოზიციის წევრები ხელს აწერენ ამ ოქმებს. ზოგი შეცდომით და არაკომპეტენტურობის გამო, ზოგი იმის გამო, რომ დაინტერესება აქვს. ამიტომ, ამ მიმართულებით ოპოზიციას მართებს მუშაობა, განსაკუთრებით მათ, ვისაც კომისიის წევრები ჰყავს, რადგან ყველას არ ეყოლება კომისიის წევრები, სამწუხაროა, მაგრამ ასეა.

ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხია, ვიტყოდი, ფუნდამენტური და გადამწყვეტი. არანაირი სადამკვირვებლო მისია ამის საპირწონე ვერ იქნება, რამხელაც არ უნდა იყოს ეს სადამკვირვებლო მისია. თუმცა, სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლა, რაც შეიძლება დიდი მოცულობით, ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე, შეფასების ადეკვატურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის შეფასებები, რბილად რომ ვთქვათ, ყოველთვის ადეკვატური არ იყო ან ზედმეტად რბილი იყო. ვფიქრობ, საქართველოში ამ არჩევნებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ხელისუფლების უზურპაცია არ უნდა დაუშვან არც შიდა და არც საერთაშორისო აქტორებმა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, ჟურნალისტებმა გვარამიას ჰკითხეს ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მოლაპარაკებები პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან“. გვარამიას თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ არავითარი მოლაპარაკება არ დაუწყია.

„არ ვადასტურებ, ასეთი რამ არ არსებობს. არავითარი მოლაპარაკება „სტრატეგია აღმაშენებელთან“ არ დამიწყია. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის უკვე შემდგარი ბლოკის წევრი და მე მოლაპარაკებები ამ ბლოკთან არ მაქვს. სხვა ყველა პროდასავლურ პარტიასთან კომუნიკაცია მაქვს, ყველას ვერ ჩამოვთვლი, თუმცა შემიძლია, ჩამოვთვალო ისინი, ვინც თვითონ დაადასტურა მოლაპარაკებების შესახებ, ესენი არიან ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე. მოვიაზრებ „ლელოს“, დიდი სურვილი მაქვს, თუმცა „ლელომაც“ უნდა მოიაზროს, ხომ იცით, ეს ორმხრივი უნდა იყოს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.