ადვოკატთა ასოციაცია - იმედს ვიტოვებთ, პარლამენტი სათანადო მნიშვნელობას მიანიჭებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს
მიგვაჩნია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა შეიცავს ძალზედ ყურადსაღებ მითითებებს და იმედს ვიტოვებთ, რომ პარლამენტი სათანადო მნიშვნელობას მიანიჭებს აღნიშნულ რეკომენდაციებს, გაითვალისწინებს მათ და ამით პოზიტიურ წვლილს შეიტანს სანდო და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებაში, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში, რომლითაც ადვოკატთა კორპუსი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანება.
როგორც განცხადებაში წერია, მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა სრულად თანხვედრაშია იმ ძირითად თეზისებთან, რომელიც ადვოკატთა კორპუსმა რეზოლუციის სახით შეიმუშავა მიმდინარე წლის თებერვალში.
„კერძოდ, ვენეციის კომისია ნათლად მიუთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლო არ იქცეს დახურულ ინსტიტუციად, დაკომპლექტების პროცესი უნდა ეფუძნებოდეს მრავალფეროვნების პრინციპსა და იურიდიული პროფესიის ფართო წარმომადგენლობას. აღნიშნული პათოსის გაგრძელებაა ვენეციის კომისიის ის არგუმენტიც, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატს, რომელიც მაღალი პროფესიული რეპუტაციით სარგებლობს არ უნდა მოეთხოვებოდეს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.
აგრეთვე, ვენეციის კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ უზენაეს სასამართლოში, რომელიც არის საბოლოო ინსტანცია, მოსამართლეთა გამწესების პროცესი უნდა სარგებლობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით. ამიტომ, კომისიის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაძლოა, გააჩნდეს საზოგადოების დაბალი ნდობა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა უნდა განხორციელდეს უდიდესი სიფრთხილითა და ყურადღებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ადვოკატთა ასოციაციის შეფასებით, აღნიშნულის გამოძახილია ვენეციის კომისიის ის რეკომენდაცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეფასდნენ არა ფარული კენჭისყრით, არამედ ქულათა სისტემით, წინასწარ განსაზღვრული და საჯაროდ გამოქვეყნებული კრიტერიუმების საფუძველზე.
„ეს შექმნის იმის წინაპირობას, რომ უზენაეს სასამართლოში გამწესდებიან მაღალი რეპუტაციის, პიროვნული სიმტკიცის, სამართლიანი და კეთილსინდისიერი კანდიდატები, რომელთა გამწესებაც არ იქნება დამოკიდებული სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე.
ასევე, აღსანიშნავია ვენეციის კომისიის ის რეკომენდაციები, რომელიც მიუთითებს, რომ საბჭოს წევრის მიერ კანდიდატის შეფასება უნდა იყოს შესაბამისად დასაბუთებული და იუსტიციის საბჭოს ის წევრი, რომელიც მონაწილეობს კონკურსში სრულად უნდა ჩამოშორდეს საკონკურსო პროცესს.
მიგვაჩნია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა შეიცავს ძალზედ ყურადსაღებ მითითებებს და იმედს ვიტოვებთ, რომ პარლამენტი სათანადო მნიშვნელობას მიანიჭებს აღნიშნულ რეკომენდაციებს, გაითვალისწინებს მათ და ამით პოზიტიურ წვლილს შეიტანს სანდო და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.