თამარ კორძაია - ვენეციის კომისიის დასკვნა არ არის პოზიტიური, მაგრამ არ არის ცალსახად ისეთი ნეგატიური, როგორც შეიძლება, ვინმეს სურს, წარმოაჩინოს
თამარ კორძაია - ვენეციის კომისიის დასკვნა არ არის პოზიტიური, მაგრამ არ არის ცალსახად ისეთი ნეგატიური, როგორც შეიძლება, ვინმეს სურს, წარმოაჩინოს

ვენეციის კომისიის დასკვნა არ არის პოზიტიური, მაგრამ ის არ არის ცალსახად ისეთი ნეგატიური, როგორც შეიძლება, ვინმეს სურს, წარმოაჩინოს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატმა, თამარ კორძაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მთავარი პრინციპი, რაზეც ამ შემთხვევაში ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, არის ის, რომ, საერთოდ, ოლიგარქია, როგორც მოვლენა, დღეს მსოფლიოში გახდა პრობლემა და არ არსებობს ოლიგარქიასთან წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება. შესაბამისად, ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, რომ პირდაპირ თარგმნა უკრაინული კანონი და შემოგვთავაზა ქართულ კონტექსტში, ეს არის შეუსაბამო“, – აღნიშნა კორძაიამ.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის პოზიცია არის შემდეგი – თუ ვიღებთ ამ ტიპის კანონმდებლობას, მან არ უნდა დაარღვიოს ადამიანის უფლებები.

„ვენეციის კომისია საუბრობს ამ კანონის მიღების შემთხვევაში სამი უფლების შესაძლო დარღვევაზე. პირველი, ის ამბობს, რომ პერსონალური მონაცემები შეიძლება, დაირღვეს, რადგან აღმასრულებელ ხელისუფლებას განუზომელი წვდომა ექნება პერსონალურ მონაცემებზე; მეორე, როდესაც შემოწირულობებთან და მედიასაქმიანობასთან დაკავშირებით მსგავსი ტიპის მასშტაბური შეზღუდვებია, არაპროპორციულად, პერსონალური მონაცემების დამუშავების ფონზე, შესაძლოა, შეიზღუდოს გამოხატვის და გაერთიანებების თავისუფლება. ამიტომ ვენეციის კომისია საუბრობს, რომ ამ კანონის მიღება იმ ფორმით, როგორითაც ის დღეს „ქართული ოცნების“ მიერ არის წარმოდგენილი, დაარღვევს ადამიანის უფლებებს“, – განაცხადა კორძაიამ.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ დღეს, გამოსავალზე არავინ საუბრობს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას „ქართულმა ოცნებამ, თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ დაძლიოს სიბრაზე, რაც აქვს, იმავე წინა კვირაში განვითარებულ მოვლენებზე და ოპონენტებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.

„სამწუხაროდ, მე მიწევს ამაზე ლაპარაკი და რატომ, არ ვიცი, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარდგენილი აქვს სხვა პროექტი, ასევე ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ. იმ პროექტში, რომელსაც მე ვიცნობ, სწორედ სისტემური მიდგომაა ნაჩვენები. ის პროექტი გაცილებით უფრო დახვეწილად სცემს პასუხს ვენეციის კომისიის მიერ პრობლემატურად მიჩნეულ საკითხებს. „ქართულ ოცნებას“ თუ არ უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ვერსიაზე საუბარი, მე მგონი, უნდა დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და კომპრომისული ვერსია მოვნახოთ. შესაძლოა, კომპრომისი იყოს ამ კანონის საერთოდ მიუღებლობა, მაგრამ 12-პუნქტიან ვალდებულებაში ეს გვიწერია. ამიტომ ჩვენ უნდა მოვნახოთ კომპრომისული გზა“, – განაცხადა კორძაიამ.

თამთა სანიკიძემ თამარ კორძაიას სასამართლო რეფორმის პროექტზე ვენეციის დასკვნასთან დაკავშირებითაც ჰკითხა, რა იგულისხმა კომისიამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კორპორატივიზმის საკითხის მოუგვარებლობაში, რაზეც გადაცემის სტუმარმა უპასუხა – ვენეციის კომისია კორპორატივიზმში გულისხმობს იმას, რომ შეიქმნა ერთი მონოლითური გუნდი და სასამართლოს ეს ერთი გუნდი მართავს.

„ასევე, ჩვენ არ გვყავს არჩეული და პარლამენტში ვერ მივაღწიეთ კომპრომისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთ წევრთან დაკავშირებით. ამის არჩევნები წინ გვაქვს“, – აღნიშნა კორძაიამ.

შეკითხვაზე, რამდენად არის ოპოზიცია მზად, რომ აქტიურად ჩაერთოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის პროცესში, რადგან „ქართული ოცნება“ ამ პროცესში პასუხისმგებლობას ყოველთვის ოპოზიციას აკისრებს, კორძაიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ამ შემთხვევაში სრულიად უსამართლოა, რადგან როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სახალხო დამცველთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.

„თუ „ქართული ოცნება“ მოინდომებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებით უფრო ფართო კონსენსუსი შეიძლება, არსებობდეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. „ქართული ოცნება“ როდესაც მივიდა კომპრომისულ ვერსიამდე, მგონი, არ გასჭირვებია გადაწყვეტილების მიღება და ოპოზიციის მხარდაჭერის მიღება ამ ნაწილში“, – განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, ქვეყანას კიდევ აქვს შესაძლებლობა, რომ 12 პუნქტი შესრულდეს, თუ „ქართული ოცნება“ ნამდვილად დაძლევს პოლარიზაციას და იმ სიბრაზეს, რაც მას უკანასკნელი მოვლენების ფონზე აქვს.