ადვოკატი - შიმშილობის გამო, მსჯავრდებულ თეიმურაზ შარაშენიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
მსჯავრდებულ თეიმურაზ შარაშენიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შიმშილობის გამო, უკიდურესად მძიმეა, – ამის შესახებ პირველ არხს ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.
თეიმურაზ (ბაჩო) შარაშენიძე უვადო მსჯავრდებულია. ადვოკატის თქმით, ის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 50-ე დღეა შიმშილობს და გონებაც დაკარგა.
როგორც გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, შარაშენიძის საქმე პროკურატურაში შექმნილმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა გამოიძია და პროცედურები ჭიანურდება. შიმშილობაც ამას უკავშირდება.
„მსჯავრდებულის მოთხოვნა არის კანონიერი, სამართლიანი და საფუძვლიანი. ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ შარაშენიძეს 2003 წელს მომხდარ მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამისთვის კი, 2009 წელს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წინა ხელისუფლების პირობებში, არაფრის იმედი არ გვქონდა. 2013 წლამდე ყველა ინსტანცია მოვიარეთ და ამის შემდეგ მივმართეთ პროკურატურას, ახალი გარემოებების საფუძველზე გამოძიება დაეწყოთ. გამოძიება ჩატარდა და საქმის მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ ცრუ ჩვენება მიაცემინეს შარაშენიძის წინააღმდეგ. ახლა საქმის სასამართლოში წაღება დარჩა და არ გვსურს, რომ გამამართლებელი განაჩენი მის საფლავზე გავაკრათ“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
ადვოკატის თქმით, საქმეზე უკვე დაკითხეს საქართველოში ექსტრადირებული გიორგი ყუფარაძე, რომელმაც ჩვენება შეცვალა, რომელიც მანამდე მისი დაცვის ქვეშ მყოფის საწინააღმდეგო ჩვენებას აძლევდა.
თეიმურაზ (ბაჩო) შარაშენიძე 2003 წელს პარლამენტარის შვილის, ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. შარაშენიძე სხვა საქმეზე იყო მსჯავრდებული, რა დროსაც ზუბადალაშვილის მკვლელობის ბრალი დაემატა. მსჯავრდებული ამბობს, რომ ზუბადალაშვილის მკვლელობასთან არანაირი შეხება არ ჰქონია და მას, როგორც ლიფტებში ხურდით სარგებლობის იდეის ავტორს, წარმატებული ბიზნესი ამ გზით ჩამოართვეს.