ადვოკატის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს თურქეთის კლინიკაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად არ უშვებენ
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის ადვოკატი, ჯაბა კვარაცხელია აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯაბაური გამსახურდიას წარმომადგენელია მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებში. თუმცა, ადვოკატის თქმით, ანა ჯაბაურს არ ეძლევა საშუალება, მეუღლე ინახულოს და მისი ჯანმრთელობის შესახებ მიიღოს დეტალური ინფორმაცია.
„ქალბატონმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ჩვენთვის მეტად ბუნდოვანი მოტივაციით მიიღო გადაწყვეტილება ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ, როგორც მისი მეუღლის, ასევე სრულიად საზოგადოებისგან. ეს მოხდა ცოტნეს თურქეთის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ. უკვე სამი კვირაა, უშედეგოდ ვცდილობთ, რაიმე ინფორმაციის მოპოვებას ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სამი კვირის წინ, კლინიკაში მისულ ანა ჯაბაურს მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ხელი შეუშალა ცოტნეს მონახულებაში, მაგრამ ჰოსპიტალმა მაშინ უზრუნველყო ანას ცოტნესთან შესვლა, თავისი კეთილი ნებით.
ცოტნეს პალატიდან დერეფანში უკან გამოსული ანა ჯაბაური იქვე შეესწრო ქალბატონი მანანას სატელეფონო საუბარს, რომელიც ჩვენთვის უცნობ პირთან ყვებოდა, თუ როგორ ელაპარაკა მის მეგობარ სალომე ზურაბიშვილს და თუ როგორ აღუთქვა პრეზიდენტმა დახმარება და მხარდაჭერა“, – აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, ანა ჯაბაურის გარდა ამ საუბარს ყავს სხვა მოწმეც და დაადასტურებს მოსმენილი საუბრის შინაარსს.
„მეორე დღეს კლინიკაში მისულ ანა ჯაბაურს კლინიკის ადმინისტრაციამ აუწყა, რომ არსებობს წერილი, რომლის საფუძველზეც ნებისმიერ ადამიანს, ქალბატონი მანანას გარდა, ეკრძალება ბატონი ცოტნეს მონახულება, მის ექიმებთან საუბარი, მასზე სამედიცინო ინფორმაციის მიღება. ხოლო ანა ჯაბაურის ცოტნესთან დასაშვებად მოითხოვეს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტნეს მხარდაჭერის გადაწყვეტილების შესახებ.
თბილისში დაუყოვნებლივ დაბრუნებულმა ანა ჯაბაურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა ყველა საჭირო საბუთი და მტკიცებულება და ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დროებით მხარდამჭერად დანიშნულიყო ანა ჯაბაური.
ეს სტატუსი გულისხმობს როგორც უფლებებს, ასევე ვალდებულებებსა და მოვალეობებს, რომელიც ანა ჯაბაურს აკისრია ცოტნეს მკურნალობასა და ზრუნვაში. სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტი ითარგმნა თურქულ ენაზე და წარედგინა კლინიკას. თუმცა კლინიკამ ვერ გაუძლო ქალბატონი მანანას ზეწოლას და მიუხედავად წარდგენილი საბუთებისა, კლინიკამ მაინც არ დაუშვა ქალბატონი ანა ცოტნეს მოსანახულებლად.
ქალბატონმა ანამ თურქი ადვოკატი ადვოკატი აიყვანა, რომელიც ჩაერთო არსებულ ვითარებაში. ადგილობრივი თურქი იურისტებისგან მიღებული ინფორმაციით, საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამატებით დაზუსტებას ან აღიარებას თურქეთის რომელიმე სხვა ორგანოს მიერ, სავალდებულოა შესასრულებლად თურქეთის კლინიკის მიერ. თუმცა ჰოსპიტალი არც უარს გვეუბნება თუ რა მიზეზით ხდება ანას არდაშვება და ასევე არ ასრულებს ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – აცხადებს ჯაბა კვარაცხელია.
მისივე თქმით, ანა ჯაბაურის თურქმა ადვოკატმა კლინიკისგან მიიღო მეტად უცნაური ინფორმაცია.
„ცოტნეს იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დამზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქალბატონი მანანას გარდა სხვა პირის დაშვებას“, – აცხადებს ანა ჯაბაურის ადვოკატი.