ადვოკატი ზვიად კუპრავასთვის 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებს
„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” დამფუძნებელს ზვიად კუპრავას ადვოკატი ლევან დავითაია თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც ზვიად კუპრავას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არის ურთიერთგამომრიცხავი, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება – უკანონო.
„სხდომაზე წარმოდგენილი იყო პოლიციის ჩვენება, დაკავების ოქმი და სამხრე კამერები, ეს ყველა მტკიცებულება ერთმანეთს აბსოლუტურად გამორიცხავს, ამის გათვალისწინებით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო და შესაბამისად, პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინა“, – განაცხადა ლევან დავითაიამ.
„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” დამფუძნებელს ზვიად კუპრავას სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ზვიად კუპრავა სამართალდამცავებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე- ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.