წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომლებს, თემურ მებონიასა და ბესარიონ ძაძამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ბრალდების მხარემ სასამართლოს დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატმა შოთა მანველიძემ კი სასამართლოს მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა და სასამართლოს 5 000-5 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.

უფლებადამცველის თქმით, ბრალდებულების ინტერესშია საქმეზე სიმართლის დადგენა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თემურ მებონია და ბესარიონ ძაძამია 26 თებერვალს დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1 550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მათ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე.