ლაზარე გრიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის ფაქტზე ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ლაზარე გრიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის ფაქტზე ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრას ედავებიან, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ნაჭყებიამ გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, გრიგორიადისისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირდა, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ამასთან, ნინო ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, გრიგორიადისი დამნაშავედ იქნა ცნობილი 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც გრიგორიადისს მამის კუთვნილი მანქანის დაზიანებას გულისხმობს. მას მოსამართლემ 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.

ლაზარე გირგორიადისი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს; მეორე მხრივ, დაზარალებულს მომხდარზე პრეტენზია არ აქვს. სასამართლოზე ბექა გრიგორიადისმა დარბაზიდან განაცხადა, რომ „ძალიან მთვრალი იყო და ბავშვი არაფერ შუაში იყო“.

მოსამართლემ ის წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ცნობისთვის, ლაზარე გირიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ. შემთხვევა 2021 წელს მოხდა. ლაზარე გრიგორიადისმა მამას ცივი იარაღით, დანით ბარძაყის არეში დაზიანება მიაყენა და მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა საქარე მინა ჩაამტვრია.

ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.