ადვოკატი - სასამართლოს ინციდენტი არის არა ზვიად კუპრავას, არამედ იმ პოლიციელის დარღვევა, რომელსაც ის ჰყავდა ჩაბარებული
საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარი ფაქტი არის არა ზვიად კუპრავას, არამედ იმ პოლიციელის დარღვევა, რომელსაც ის ჰყავდა ჩაბარებული, – ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ჟურნალისტებს შსს-ს გენინსპექციაში მისვლისას განუცხადა.
ადვოკატის განმარტებით, გენერალურ ინსპექციას მიაწვდიან სრულ ინფორმაციას გუშინ სასამართლოს სასადილოში მომხდართან დაკავშირებით.
„ვიმედოვნებთ, რომ ამაზე იქნება მყისიერი რეაქცია, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიციის მხრიდან გადაცდომას ჰქონდა ადგილი, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ შესწავლას. გადაცდომა იყო თუნდაც ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი უყურადღებოდ იყო სასამართლო დარბაზში, მას ჰქონდა საშუალება გამოსულიყო და პრესისთვის მიეცა კომენტარი. ის არავის დაუკავებია და შემთხვევით, როდესაც უკვე სასადილოში ჩავიდა, თავს დაესხნენ და იძულების წესით ამოიყვანეს. ეს არის მნიშვნელოვანი დარღვევა და ამაზე უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ რეაგირება“, – განაცხადა ადვოკატმა.
ნესტან ლონდარიძე შსს-ს გენინსპექციაში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამასთან ზაზა სარალიძესთან ერთად მივიდა.